ისტორია, ფსიქოლოგთან ყველაზე ხანმოკლე კონსულტაციაზე 

201

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ფსიქოლოგი გვიამბობს.

ჩემთან კონსულტაციაზე პირველად მოვიდნენ ცოლი და ქმარი ერთად. მე დაღლილი და მშიერი ვიყავი, მაგრამ, ამავე დროს, რატომღაც ძალიან აუღელვებელი და მშვიდი.

-ფსიქოლოგთან პირველად ვარ! – თქვა მამაკაცმა გაღიზიანებული ტონით. – ცოლმა მაიძულა.

-და?

-რა და, ჩვენი შვილი დებილია! – დაიწყო მან.

-ეს დიაგნოზი მას ფსიქიატრმა დაუსვა? ამას გულისხმობთ?

მამაკაცმა ისე შემომხედა, თითქოს დებილი მე ვიყავი. შემდეგ თავის ცოლს შეხედა საყვედურით, ვითომდა, რანაირი სპეციალისტი გიპოვიაო.

ის რაღაცნაირად მოიკუნტა, სავარძლის კიდეზე წამოიწია და იატაკს უყურებდა. ხელები ერთად ეჭირა.

მამაკაცი უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა, ჩემკენ მოტრიალდა და ჩუმად იჯდა. მეც ჩუმად ვიყავი. მან ვეღარ გაუძლო და უარესად გაბრაზდა.

-თქვენ ხომ ფსიქოლოგი ხართ? თქვენ უნდა გვითხრათ, როგორ მოვექცეთ!

-ვის?

-ჩვენს შვილს!

-და რა სჭირს მას?

მამაკაცმა თვალები დააჭყიტა, თითქოს გაოცებული იყო ჩემი სისულელით და იმით, რომ მისი აზრების წაკითხვა არ შემეძლო. ისევ თავის ცოლს შეხედა. ის არ რეაგირებდა. მივხვდი, რომ მას დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოუწია იმისთვის, რომ ქმარი აქ მოეყვანა.

-გესმით, რომ მის საქციელს საზღვრები არ გააჩნია? ის მხოლოდ 14 წლის არის და როგორ იქცევა…

-როგორ?

-სამსახურის შემდეგ სახლში ვბრუნდები და ვხედავ, რომ მისი ფეხსაცმელი შემოსასვლელის ცენტში ყრია. მილიონჯერ მითქვამს მისთვის, რომ ფეხსაცმელი თაროზე უნდა მოათავსოს, მაგრამ არა, თითქოს დებილია, არაფერს იმახსოვრებს. მისთვის ყველაფერი მარტივია. ამ დღეებში ტელეფონი გატეხა, ნივთებს არ უფრთხილდება. ჩაკეტილია, დედას უხეშად პასუხობს. სახლში ვერაფერს გააკეთებინებ. სინდისი საერთოდ არ გააჩნია! როგორ მოვექცე? კონტაქტი როგორ დავამყარო? რჩევა მომეცით! ამის რეცეპტი გააქვთ?

-დიახ, მაქვს, – ვუთხარი მე და ფსიქოლოგიური კონსულტაციის ყველა წესი დავარღვიე.

ფსიქოლოგიური კონსულტაციის გარკვეული ალგორითმები არსებობს, განსაკუთრებით პირველი შეხვედრისთვის. მე ვიცოდი, რომ როდესაც პაციენტს პირველად ხვდებოდი, აუცილებელი იყო ინფორმაციის შეგროვება, მისი მოთხოვნის განსაზღვრა და კონტაქტის დამყარება. არანაირი რეცეპტისა და გადაწყვეტილების შეთავაზება არ შეიძლება. რატომ ვუთხარი?

-ანუ თქვენ არ შეგიძლიათ ბავშვთან საერთო ენის გამონახვა და ურთიერთობის ნორმალიზება?

-სწორედ ამაზე ვსაუბრობ!

-რეცეპტი არსებობს, თანაც ძალიან უბრალო! თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ თქვენ შეძლებთ, – გულწრფელი ეჭვით ვუთხარი მე.

-მითხარით, მე მზად ვარ!

-თქვენს შვილს, რა ჰქვია?

-გიორგი.

მე კალამი ავიღე და ფურცელზე დავწერე: “გიორგი, 14 წლის”, ქაღალდი იატაკზე დავდე, ოთახის შორეულ კუთხეში. მამაკაცს ვთხოვე, რომ საკუთარი შვილი განესახიერებინა, რომელიც ამ ფურცელზე იდგა.

-შეძლებთ? -ვკითხე მე.

-შევძლებ.

-ნელ-ნელა წადით იმ კუთხისკენ, ფურცელზე დადექით და წარმოიდგინეთ, რომ გიორგი ხართ.

მამაკაცმა ჩემი თხოვნა შეასრულა. ფურცელზე დადგა და ძირს იხედებოდა.

-ახლა კი თქვენი გრძნობების შესახებ მოგვიყევით.

-თავს მარტოდ ვგრძნობ. ტირილი მინდა.

-რატომ?

-ნაწყენი ვარ. ყველა მეჩხუბება, საყვედურს მეუბნება. არავის არაფერი არ მოსწონს. ცხოვრება არ მინდა. ყველასთვის რაღაცნაირი არანორმალური ვარ.

-ვისთვის?

-მამასთვის.

-მამაშენისგან რა გსურს?

-შექება, ერთხელ მაინც. რომ არ მიყვიროს. მინდა, რომ ჩემით დაინტერსებული იყოს. მინდა, რომ ჩემით იამაყოს.

-ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვისას ფურცლიდან გადმოდით.

მამაკაცი დუმდა და ისევ სკამზე ჩამოჯდა. სიჩუმე ჩამოწვა. მისი ცოლი ცრემლებს იწმენდდა.

-ყველაფერი გასაგებია, – ჩაიჩურჩულა მამაკაცმა. – პატარა რომ ვიყავი, მამაჩემიც ასე იქცეოდა. მხოლოდ მსაყვედურობდა. ახლა კი მეც ასე ვიქცევი. მე ყველაფერი გავიგე. გმადლობთ.

ცოლ-ქმარს შევხედე. ისინი თბილი და კეთილი მზერით მიმზერდნენ…

კონსულტაცია 18 წუთში დასრულდა. ეს ჩემს პრაქტიკაში პირველად მოხდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს