მოვამზადოთ ჭინჭრის სასუქი

195

არ მოგწონთ ნაყიდი სასუქი და მათ დამოუკიდებლად კეთებას ხართ მიჩვეული? მაშინ პაპარაცის დღევანდელი სტატია გამოგადგებათ. სტატიაში საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ჭინჭრის სასუქი, რომელიც 100%-იან შედეგს აჩვენებს.

ეს მცენარეული ნაყენი ხელს უწყობს მცენარის იმუნიტეტის გაძლიერებას და მავნებლების მიმართ მისი გამძლეობის გაზრდას. ჭინჭრისგან მომზადებული სასუქის წყალობით, კულტურების ზრდა დაჩქარებულია, მოსავლიანობა კი ერთნახევარ-ორჯერ იზრდება.

როგორ მოვამზადოთ ჭინჭრის სასუქი: ნაყენის რეცეპტი

პირველი ეტაპი

ჯერ ჭინჭარი უნდა დაკრიფოთ. ის შეიძლება თქვენს ღობესთანაც ნახოთ. მთავარია, გზის პირას არ იყოს დაკრეფილი, ვინაიდან ჩვენ ეკოლოგიურად სუფთა სასუქი გვჭირდება. ჭინჭარი უნდა დაკრიფოთ ხელთათმანებით, ბასრი დანით ან მაკრატლით. კანის დამწვრობის რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია გრძელ სახელოებიანი ტანსაცმლის ჩაცმა. მოჭერით დაახლოებით 8-10 მცენარე. გაასუფთავეთ ჭინჭარი ჭუჭყის, მიწისა და მწერებისგან. მოაცილეთ დამჭკნარი და დაავადებული ფოთლები.

მოამზადეთ დიდი პლასტმასის სათლი. ლითონის სათლი ამ შემთხვევაში არ გამოგადგებათ. დაჭერით ჭინჭარი მაკრატლის ან სეკატორის მეშვეობით. თუ ჭინჭარს ყვავილები აქვს, მოაშორეთ ისინი. სათლის ორი მესამედი ჭინჭრით შეავსეთ.

მეორე ეტაპი

წყალი ოდნავ გაათბეთ. ჭინჭარს თბილი წყალი დაასხით, მაგრამ ისე, რომ სათლი ბოლომდე არ გაავსოთ. სათლს თავსახური დააფარეთ და გააჩერეთ თბილ ადგილას – ერთი-ორი კვირის განმავლობაში. მზის პირდაპირი სხივების ქვეშ დუღილის პროცესი გაცილებით სწრაფად წარიმართება. ამავდროულად, შეგიძლიათ პროცესის დაჩქარება 10 გრ მშრალი საფუარის დამატებით.

დღეში ერთხელ ასწიეთ თავსახური და სათლის შიგთავსს ჩხირით მოურიეთ. დუღილის დროს ჭინჭრის ნაყენს შეიძლება საკმაოდ უსიამოვნო სუნი ჰქონდეს. ამ მდგომარეობის შესამსუბუქებლად სათლში ერთი მუჭა ნაცარი ჩაყარეთ და კარგად აურიეთ. შედეგად, სუნი ისეთი მძაფრი აღარ იქნება. როგორც კი შენიშნავთ, რომ ნაყენი აქაფდა და ძალიან მუქი ფერის გახდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მზადაა!

როგორ გამოვიყენოთ ჭინჭრის ნაყენი ბოსტანში

პირველ რიგში, მზა პროდუქტი გაწურეთ. შემდეგ 1 ლიტრი ჭინჭრის ნაყენი 10 ლიტრ სუფთა წყალში გააზავეთ. სასუქი მცენარეებისთვის უნდა გამოიყენოთ 2 კვირაში ერთხელ (უფრო ხშირად – არა). ჭინჭრისგან დამზადებული საშუალება შესანიშნავი სასუქია პომიდვრის, კიტრისა და სხვა კულტურებისთვის.

მნიშვნელოვანია! ხახვს, ნიორს და ასევე პარკოსნებს ეს ნაყენი არ მოსწონს, რადგან ის უარყოფითად მოქმედებს მათ განვითარებაზე.

გახსოვდეთ, რომ ამ პროცედურის ჩატარებამდე მცენარეები კარგად უნდა მორწყოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ ჭინჭრის სასუქის გამოყენება. უამრავი მებოსტნე უკვე აქტიურად იყენებს ამ საშუალებას თავის ბოსტანში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს