დედამ დამირეკა და დღესასწაულისთვის 500 ევრო მთხოვა, მაშინვე გავუგზავნე, მაგრამ დღემდე ვერ დამივიწყებია, მშობლებმა როგორ მაწყენინეს 

1423

გუშინდელმა აპრილის დილამ გააოცა და დაამწუხრა კოკერ სპანიელი ერკი. მისმა პატრონმა არც ერთხელ არ შეაქო ის, მიუხედავად იმისა, რომ მან წარმატებულად იპოვნა ბუჩქებში გადაგდებული რეზინის იხვი. მერე მისი პატრონი სკვერში სკამზე ჩამოჯდა, სადაც მის გვერდით სკამზე ორი ქალბატონი იჯდა მეზობელი სადარბაზოდან. ქალები ისხდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ, როგორც ყოველთვის კარგი ამინდისას. პლატონმა მათ საუბარში ფრაზა მოისმინა: “ეხმარებიან თუ არა შვილები მშობლებს”. ის ღრმად ჩაფიქრდა, არადა ის სასეირნოდ იმიტომ გამოვიდა, რომ ყურადღება სხვა რაღაცაზე გადაეტანა…

ეხმარებიან თუ არა შვილები მშობლებს

ხანშიშესულმა მამაკაცმა თავი არაკომფორტულად იგრძნო: მან დღეს უკვე მეორედ მოისმინა სხვისი საუბარი უნებურად. ჯერ სახლში. ის დილით ჩვეულებისამებრ აივანზე გავიდა, სადაც კიდევ ერთი კარი გამოდიოდა ყოფილი საბავშვო ოთახიდან. იქ მისი შვილი იყო, რომელიც 12 წლიანი განშორების შემდეგ, რამდენიმე კვირით ჩამოვიდა ვალენსიიდან. პლატონმა უნებლიეთ მისი საუბარი მოისმინა. ის თავის ცოლს ელაპარაკებოდა. სხვა ვის დაურეკავდა ასე ადრე?

როდიონი აღელვებული საუბრობდა: “გახსოვს, შობის დღესასწაულამდე გითხარი, რომ დედაჩემმა დამირეკა და 500 ევრო მთხოვა? მე მას მაშინვე გამოვუგზავნე, მაგრამ დღემდე ვერ დამივიწყებია, როგორ მაწყენინეს ჩემმა მშობლებმა. კარგი რაა, შეწყვიტე, ეკლესიაში ხომ არ ვართ… რა დავივიწყო და ვაპატიო?!

მთელი თავიანთი ფული ჩემს დას დაახარჯეს. მე კი საკუთარ თავზე თვითონ ვზრუნავდი. თვითონ! მაგრამ, დახმარება რომ სჭირდებათ, მე მირეკავენ… მზითვი ჩემს დას მისცეს და მათზე მე უნდა ვიზრუნო? უსამართლობაა…

დილის გასეირნების მიზეზი

ლილი თავისი დაღვრემილი სახით რომ არ გაენერვიულებინა, სახლიდან ადრე გავიდა. დამშვიდება უნდოდა, ყველაფრის გაანალიზება. აქ კი მეზობლების საუბარი მოისმინა, ეხმარებიან თუ არა შვილები მშობლებს.

საიდან მოიტანა როდიონმა, რომ ვითომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მან უნდა შეგვინახოს? გამახსენდა! გუშინ ლილიმ მას გულუხვობისთვის მადლობა გადაუხადა და თან იხუმრა: “როდი, შენ ჩვენი ყველაზე სანდო საქველმოქმედო ფონდი ხარ!” იქნებ ამის გამო იფიქრა მან ასე?

გმირი შვილი

პლატონს ჩაეცინა. მახსოვს, ლილიმ, როდესაც თავის პირველ შვილს ელოდებოდა როგორღაც აღნიშნა: “პლატონ, შენ ისეთი რბილი ხარ, რაღაცნაირი გაუბედავიც. იქნებ იმიტომ, რომ შენს სახელში ასო “რ” არ არის? მოდი, ბიჭი თუ გაჩნდება, მას ისეთი სახელი დავარქვათ, რომელით “რ”-ზე დაიწყება!

18 აპრილს ბიჭი დაიბადა. როდიონი – გმირი… დიახ, რატომაც არა? ის ექსტრემალური სპორტით არის დაკავებული. სწავლაში წარმატებების მიღწევას ცდილობდა და აღწევდა, არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა ოლიმპიადების პრიზიორი. ჯერ 26 წლისაც არ იყო, როდესაც უცხო ქვეყანაში წასვლა გაბედა. ესპანური ენითა და ესპანეთის ისტორიით გატაცება ჩემს შვილს არაერთი მიზნის მიღწევაში დაეხმარა. ახლა ის უზრუნველყოფილია, წარმატებული, საკუთარი სამსახურით კმაყოფილია და ჯანმრთელი. მადლობა ღმერთს…

წყენა მშობლების მიმართ

ის ნაწყენია… ჩემზე და ლილიზე. არ მკითხოთ: “რატომ?” მკითხეთ: “რის გამო?”. 12 წლის წინ, არა, ცოტა უფრო მეტის. ზუსტად 2011 წლის თებერვალში ჩვენ ბინა ვიყიდეთ და ლიას ვაჩუქეთ დაბადების დღეზე. ის 22 წლის გახდა. სუფრასთან ვხუმრობდით, მზითვიანი გოგო არისო…

სწორედ მაშინ ვერ შეიკავა თავი როდიონმა: “მთელი დანაზოგი ლიასთვის დახარჯეთ, ყველაფერი მისთვის. მე კი მეუბნებით, რომ სახლის ფული თავად უნდა ვიშოვნო?! თქვენი გადაწყვეტილება უსამართლოა. სწორი იქნებოდა თუ ორივეს თანაბრად მოგვცემდით, ან არავის! თქვენ ბავშვობიდანვე მას უფრო მეტ სიყვარულსა და ყურადღებას ჩუქნიდით!”

მაშინ ყველა ნაწყენი დარჩა. განსაკუთრებით კი, ეს როდიონს დაამახსოვრდა. ჩვენ ყველა ერთმანეთს ხშირად ვხედავთ. თუ რომელიმეს დახმარება სჭირდება, თხოვნაც არ სჭირდება: გავიგეთ სიტუაცია, მაგალითად, რომელიმე ჩვენგანი ცუდადაა, ლია მაშინვე მოდის, დაგვეხმარება. თუ მის ოჯახშია პრობლემა, ჩვენ ვეხმარებით. ის კი თავისთვის იყო. 10 წელზე მეტ ხანს მხოლოდ სკაიპით ვურთიერთობდით. მთავარი სიტყვა იყო – “ნორმალურად”…

ღირს თუ არა მისთვის იმის მოყოლა, როგორ ვუვლიდით 1989 წელს დაბადებულ რვათვიან ლიას, როდესაც არავინ არავითარ გარანტიას არ გვაძლევდა და ყველაფერი დეფიციტში იყო? დიახ, როდიონს მაშინვე მოაკლდა ჩვენი ყურადღება. გონებით გაგვიგებს, მაგრამ იგრძნობს? გვაპატიებს? განა ჩვენი შვილის წინაშე დანაშაულის გრძნობა არ გვაიძულებს მე და ლილის, რომ მას ყველაფერი არ ვუამბოთ: რაში სჭირდება მას ზედმეტი ნერვიულობა?

უფრო მეტად ხომ არ ეწყინება მას, თუ ვეტყვით, რომ დღესასწაულისთვის გამოგზავნილი იმ 500 ევროთი დღესასწაულამდე ყველა ვალი გავისტუმრეთ? შემოდგომაზე ლილის სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა და იძულებულები გავხდით ფული გვესესხა. ანდა როგორ უნდა ვაღიარო? როგორც კი მიხვდება, რომ მისი დილანდელი საუბარი მოვისმინე, გაბრაზდება და შპიონობას დამაბრალებს.

მახსოვს, მამაჩემი დედამისს თავისი ხელფასის მესამედს აძლევდა. მას პენსია არ ჰქონდა, რადგან “ხალხის მტრის” ოჯახის წევრი იყო, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს, თავად მან კი 10 წელი ბანაკში გაატარა, სადღაც ყაზახეთში. ის იქიდან ინვალიდი დაბრუნდა. მამას უხაროდა, დედამისს რომ ეხმარებოდა… მან კი მისთვის ვერაფრის დატოვება ვერ შეძლო. ვერაფრის, გარდა სიყვარულისა…

ტელეფონმა დარეკა. ერკიმ ცნობისმოყვარედ შეხედა პატრონს. – კი, ლილი, მალე დავბრუნდებით. სკვერს ორიოდე წრეს დავარტყამთ და მოვალთ…

პლატონმა ერკის მიმართა: “რა მოვიფიქროთ, მეგობარო, რომ ნამდვილად კარგ განწყობაზე დავდგეთ?” მაგრამ ერკი უკვე იასამნის ბუჩქებს შორის მირბოდა…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს