კაფეში ვიჯექი, სადაც უეცრად დაწყებული, ივლისის უეცარი თავსხმა წვიმის მსგავსი პირველი წვეთების ჩამოვარდნის შემდეგ შევირბინე და ცხელ ჩაის ვსვამდი, აპრილის ჭექა-ქუხილს უყურებდი და თან უქმეებს ვიხსენებდი. დიახ, უქმეები საინტერესოდ გავატარე. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც ვნახე, რომ იუბილეზე ანას ქმრის შვილებიც მოვიდნენ, რომლებიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
შვილები წინა ქორწინებიდან
ლექსო მაშინ დაქვრივდა, როდესაც ტყუპები რვა წლისანი იყვნენ. ორი წლის შემდეგ ლექსომ სახლში ანა მიიყვანა, რომელსაც პირველი ქორწინებიდან პირველ კლასელი გოგონა ჰყავდა. ანამ იცოდა, რომ ლექსოს მოზარდობის ასაკში მყოფი შვილები არ აღფრთოვანდებოდნენ ახალი “დედით” და “დაიკოთი”.
რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. პურმარილიანი დახვედრის ნაცვლად, გადამლაშებული და გამწარებული ბორში, ეს ჯერ კიდევ ყვავილები იყო და ნაყოფმაც არ დააგვიანა. თიკოს ნივთები და სათამაშოები ან ტყდებოდა, ან სადღაც იკარგებოდა და მერე დაზიანებულს პოულობდნენ. ნიკა და ლაშა ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ანა მამის თვალში ცუდ ადამიანად გამოეჩინათ. ისინი საკუთარ მამასაც ეუხეშებოდნენ. ლექსო ერთხელ კინაღამ მდგომარეობიდან გამოვიდა, მაგრამ ანამ დაარწმუნა, რომ მოთმინება იყო საჭირო.
ბავშვები ხვდებოდნენ, რომ დედინაცვალი მათზე არასოდეს ჩიოდა მამასთან და ცოტა დაბნეულები იყვნენ. ყოველ ჯერზე, როდესაც ანას რაიმე სიურპრიზი ხვდებოდა ტყუპებისგან, მათ ყოველთვის ტკბილეული ხვდებოდათ საუზმეზე ან რთული ამოცანის ამოხსნაში ეხმარებოდნენ, ხანდახან ბუნებაში გასეირნებას ან საინტერსო ადგილების მონახულებას სთავაზობდნენ… წესი “შენ თუ ქვას მიიღებ, პასუხად ყვავილი დაახვედრე”, ნელ-ნელა შედეგს იძლეოდა. თიკო საერთოდ არ იყო მტირალა, ძუნწი არ იყო, ყველაფრის გაზიარება იცოდა, თუ აწყენინებდნენ, პასუხის გაცემაც შეეძლო და არც დაბეზღება უყვარდა… უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა დედინაცვალსა და გერებს შორის ასეთი ურთიერთობა, ერთი შემთხვევა რომ არ მომხდარიყო.
აგარაკზე მომხდარი ამბავი
იმ წელს ალუბალს კარგად ესხა. ლექსომ ოჯახი აგარაკზე წაიყვანა, თავის მშობლებთან. ის და მამამისი ბუხრის აშენებით იყვნენ დაკავებულები, მართა ბებო, ანა და თიკო საჭმელებს ამზადებდნენ, ნიკა და ლაშა კი ალუბალს კრეფდნენ. მათ ზემოთაც შეჯიბრი გამართეს: ვინ უფრო მოხერხებულად მიაღწევდა მაღლა ალუბლებამდე, ტოტების თხელ ბოლოებზე.
… ყვირილზე და ტოტების ხმაურზე ყველა გარეთ გამოვარდა. ხის ქვეშ უგონოდ იწვა ნიკა, ლაშა კი ტკივილისგან კვნესოდა. მას ფეხი თანდათან უსივდებოდა, მოტეხილობა ჰქონდა.
ნიკას ტვინის შერყევა ჰქონდა, ლაშას კი – ოპერაცია გაუკეთდა. ანა ბავშვებს არ შორდებოდა… როდესაც ბიჭები გამოკეთდნენ, დედინაცვალს უთხრეს, რომ თქვენობით აღარასოდეს მიმართავდნენ და მასზე აღარასოდეს იტყოდნენ სიტყვას – “ის”. ანას ბოდიში მოუხადეს და სთხოვეს, რომ მათთვის უფლება მიეცა, რომ შენობით მიემართათ და სახელი დაეძახებინათ, რადგან დედა მათ ძალიან კარგად ახსოვდათ… მათ ოჯახში არავითარი საწყენი საქციელი აღარ ყოფილა. ეს ისტორია გვიამბეს ძმებმა, როდესაც ანას და ლექსოს ხმელთაშუა ზღვის ტურის საგზურებს ჩუქნიდნენ. ჩვენი მეგობარი კი, ანა, როგორია! ჩვენთან სიტყვაც კი არ წამოსცდენია!
მეგობრის ნაამბობი
… წვიმა არ წყდებოდა. კაფეში გოგონათა ჯგუფი შემოვარდა. მათი საუბრის მიხედვით ადვილი მისახვედრი იყო, რომ ისინი მეგობრები იყვნენ. მათ ცხელი ბულიონი, შემდეგ კი ყავა კონიაკით და ნამცხვრები შეუკვეთეს. გოგონები ხმამაღლა საუბრობდნენ. ისინი ერთ-ერთი მეგობრის ნაამბობით იყვნენ აღშფოთებულები, რომელიც ყველაზე სერიოზულად და სევდიანად გამოიყურებოდა.
-ნია, რა დაგემართა? გიორგი არ მოვიდა? თუ იჩხუბეთ?
-არა, მოვიდა და არ გვიჩხუბია, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვიქცე… ერთმანეთი რომ გავიცანით, ვუთხარი, რომ ქმარს დაშორებული ვიყავი და შვილი მყავდა. მაშინ არაფერი უთქვამს და ჩვენ ისევ ვხვდებოდით ერთმანეთს. მართალი გითხრათ, მას არასოდეს უთხოვნია ჩემთვის, რომ ირინა მისთვის გამეცნო… გუშინ შემომთავაზა, რომ მასთან გადავიდე საცხოვრებლად.
-რა კარგია! ესე იგი, ყველაფერი სერიოზულადაა, გილოცავთ!
-მოსალოცი არაფერი მაქვს, – ძლივს წარმოსთქვა ნიამ. – გიორგიმ პირობა წამომიყენა: მე მარტო უნდა გადავიდე. მან მითხრა, რომ ირინა ჩემს მშობლებთან დავტოვო, ან მამამისთან. მან იცის, რომ მამა ბავშვზე ზრუნავს… გიორგიმ გამომიცხადა: “მე არ მჭირდება შვილები სხვა ქორწინებიდან. მინდა, რომ ჩვენი საერთო შვილები გვყავდეს…”
-ეს რა გამოდის?! ანუ მასთან ცხოვრების გამო საკუთარი შვილი უნდა მიატოვო?! შემდეგ რა იქნება? შემდეგ მშობლებს და მეგობრებს დაგაშორებს… ის მოძალადეა, ნია! – შეშფოთებული ამბობდა ყველაზე ხმამაღლა მოლაპარაკე გოგონა. მას მეორე მეგობარმაც აუბა მხარი:
-ნამდვილად რომ ყვარებოდი, ირინასაც მიიღებდა… მოიშორე თავიდან! რა მაგარია, პირობებს გიყენებს…
-გოგოებო, არ ვიცი, როგორ მოვიქცე… მასთან ისეთი ბედნიერი ვიყავი. ის მდიდარიც არის, წარმატებულიც. მშობლებთან როდემდე ვიცხოვრებ?!
-ეგ გიორგი, არ მომწონს. ბავშვის მიტოვება, მამაკაცის გამო? ირინა, სხვათა შორის, ადამიანია. ის გრძნობს, განიცდის. დედამ რომ მიატოვოს, ამან შეიძლება მას მთელი ცხოვრება გაუფუჭოს.
-ლელა, გონს მოდი, რას ამბობ! – დაიყვირა აცრემლებულმა ნიამ. -მე ჯერ არაფერი გადამიწყვეტია… სულელი ვარ, თქვენ რომ გითხარით! – გოგონამ მაგიდაზე კუპიურა დააგდო და წვიმაში გავარდა. გოგოები გაჩუმდნენ, თითოეულმა მათგანმა ტელეფონში თითო შეტყობინება დაბეჭდა…