ითვლება, რომ თუ მეგობრული და მოსიყვარულე შინაური ცხოველი გსურთ, მაშინ ძაღლი უნდა აირჩიოთ. კატებს ხომ ნამდვილი სოციოპათების რეპუტაცია აქვთ, ვისთვისაც ადამიანი არ არის პატრონი და მეგობარი, არამედ არის უბრალოდ ის, ვისაც მისთვის საკვები მოაქვს. რა კავშირშია კატის ქცევა იმ ადამიანების ქცევასთან, ვინც მის გარშემო არიან?
პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ, შეუძლიათ თუ არა კატებს იყვნენ ადამიანთან ურთიერთობის მოყვარულნი და რა აიძულებთ მათ, რომ უყვარდეთ მარტოობა. იქნებ პრობლემა კატაში იმდენად არ არის, რამდენადაც მისი პატრონების უცნაურობებში?
კატის ქცევა
მკვლევარებმა ბევრი დაკვირვება ჩაატარეს იმის დასამტკიცებლად, რომ შინაური კატა არ უნდა ითვლებოდეს ეგოისტ-მარტოხელად. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ შინაურ კატებს (ისევე როგორც თავშესაფრებში მყოფ კატებს) საკმაოდ მოსწონთ ადამიანთან ურთიერთობა და თავადაც კი ეძებენ ადამიანის ყურადღებას. მათი გულგრილობის მიზეზი კი – ცხოველის მიმართ არასწორი დამოკიდებულებაა.
ქცევისა და კნავილის სიხშირის გაანალიზების შემდეგ, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კატები სიამოვნებით ატარებდნენ დროს იმ ადამიანებთან, რომლებიც თავად ავლენდნენ ყურადღებას ცხოველების მიმართ. ეს ეხებოდა როგორც შინაურ კატებს, ასევე თავშესაფრებში მყოფ კატებს.
თუმცა, თავშესაფრის კატები უფრო მეტად იყვნენ მზად ადამიანებთან კონტაქტის დამყარებისთვის, ვიდრე შინაური კატები. ასევე, თავშესაფრების კატები უფრო მეტად კნაოდნენ, როცა ადამიანი მათ მიმართ სათანადო ყურადღებას არ იჩენდა.
აღინიშნა ისიც, რომ კატების სოციალური ქცევა ასევე განსხვავებულია კონკრეტული ცხოველის ხასიათის ინდივიდუალური თვისებების მიხედვით. ბევრმა არ იცის, მაგრამ კატებიც შეიძლება იყვნენ ექსტრავერტები და ინტროვერტები.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კატა არ შეიძლება ჩაითვალოს მარტოხელად. კატები საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს როგორც მარტო, ისე კარგ კომპანიაში. ამიტომ, თუ ადამიანი გამოხატავს თავის განწყობას კატის მიმართ, მაშინ ცხოველი უფრო მეტი სიმპათიით იქნება გამსჭვალული ასეთი ადამიანის მიმართ.
უფრო ადრინდელ კვლევებს თუ დავუბრუნდებით, მაშინ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში შესაძლებელი გახდა იმის გარკვევა, რომ კატები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მათხოვრობისკენ, ვიდრე, მაგალითად, ძაღლები ან პრიმატები. რა თქმა უნდა, ეს დასკვნა კატების პატრონებს არ გააკვირვებს. რადგან საკმარისია დაჯდეთ მაგიდასთან და კატა მაშინვე თქვენს სიახლოვეს გაჩნდება, რაღაც გემრიელის მიღების იმედით. თუნდაც მას ერთი წუთის წინ ეჭამა.
ასევე გაირკვა, რომ კატა შესანიშნავად განასხვავებს ნაცნობ ადამიანებს უცხოებისგან. უცხო ადამიანებს ისინი ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. სამაგიეროდ, პატრონის გამოჩენა მასში დიდ ემოციებს იწვევს.
როდესაც ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს ხედავს, კატას არტერიული წნევაც კი ემატება. ის უფრო ნათლად და აქტიურად რეაგირებს მის ჟესტებსა და სიტყვებზე. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იმაზეც მიუთითებდეს, რომ ცხოველი საკვებს ან მოფერებას ელოდება. არ უნდა მოატყუოთ შინაური ცხოველის მოლოდინი და მას თქვენი გამოჩენა ყოველთვის გაუხარდება.