სიტყვები, რომლებსაც საკუთარ დას ეუბნებით, განსაკუთრებით დელიკატურად უნდა შეირჩეს, რადგან ადამიანისათვის ყველაზე დიდი წყენის მიყენება მხოლოდ სისხლით ნათესავს შეუძლია. ამაში საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი. არასოდეს დამავიწყდება ჩემი დის სიტყვები, რომლებიც მან გაბრაზებულმა მითხრა. მესმის, რომ მას არ სურდა ჩემი წყენინება, მაგრამ ტკივილი, რომელიც მთელი გულით ვიგრძენი, სადღაც ღრმად ჩამრჩა და სევდის მომენტებში მახსენებს თავს.
ძალიან მიყვარს ჩემი და და ბავშვობიდან მასზე ვიყავი მიჯაჭვული. ანა თითქმის ხუთი წლით უფროსია და ხშირად მივლიდა, როცა პატარები ვიყავით. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემმა დამ ინსტიტუტში ჩააბარა და სხვა ქალაქში წავიდა საცხოვრებლად. მე ის ძალიან მენატრებოდა. ჩვენ ერთმანეთს ძალიან იშვიათად ვხვდებოდით და ჩემს მეხსიერებაში ის ისევ იმ გულუბრყვილო პატარა გოგოდ დარჩა.
ბოლო კურსზე ანა გათხოვდა და საკუთარი ოჯახი შექმნა, სამი შვილი და სრულიად სხვა პრობლემები. მე დამოუკიდებლად ვიზრდებოდი და ცხოვრებაზე საკუთარი შეხედულებები ჩამომიყალიბდა. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო რადიკალურად განსხვავდებოდა ჩვენი პოზიციები და ხასიათები.
შევნიშნე, რომ ჩემი დისთვის ორი აზრი არსებობდა: საკუთარი და მცდარი. ერთი რამ საწყენია: ანას გადარწმუნება შეუძლებელია. მისთვის არაფრის მტკიცებას აზრი არ აქვს, რადგან მას თავის შეკავება არ შეუძლია და შეიძლება გაბრაზებულმა წამოგაძახოს ის, რაც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. შემდეგ კი მას შეუძლია საპირისპირო ამტკიცოს და არც კი გაიხსენოს, რომ სისულელე თქვა.
რთული ურთიერთობა დასთან
მშობლების გარდაცვალების შემდეგ ჩემს განცდებს ანას ვუზიარებდი, როგორც ყველაზე ახლობელ ადამიანს. ვუყვებოდი ყველაფერს, რაც მაწუხებდა. მაგრამ ერთ დღეს ძალიან ვინანე, რომ მას გული გადავუშალე, რადგან ჩემმა დამ სიტუაცია საკუთარი გადმოსახედიდან შეაფასა. მან, ჩემი აზრით, არც თუ ისე ადეკვატური პასუხი გამცა, ნაცვლად იმისა, რომ დავემშვიდებინე და მორალურად მხარში დამდგომოდა.
მოხდა ისე, რომ ჩემი ერთადერთი შვილი საკმაოდ გვიან გავაჩინე. უზომოდ ბედნიერი ვიყავი, როდესაც სამშობიაროში თავისი საყვარელი თვალებით პირველად შემომხედა. დასავლეთის ქვეყნებში ასეთ ასაკში მშობიარობა ნორმალურად აღიქმება, მაგრამ ჩვენთან ყველა მიჩვეულია ახალგაზრდა დედების ნახვას. ამიტომ, უცნობებს ხანდახან ახალგაზრდა ბებია ვგონივარ.
ბუნებით ძალიან ემოციური ვარ და წარმოუდგენლად ვღელავ ამის გამო. არ შემიძლია ყურადღება არ მივაქციო სხვა ადამიანების კომენტარებს. დაუდევრობით, ჩემი განცდები ჩემს დას გავუზიარე.
მისმა რეაქციამ გამაოცა, მისი სიტყვები კი ყოველდღე მახსენდება: “შვილზე იფიქრე? როგორ უნდა იცხოვროს ასეთ (ბებერ) დედასთან ერთად? მწუხარებისგან მეტყველების უნარი წამერთვა, ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო ამის მოსმენა საკუთარი დისგან და არ დამიწყია იმის გარკვევა, მართლა ასე ფიქრობს თუ უბრალოდ დაუფიქრებლად წამოსცდა.
სულიერი განცდები
რამდენიმე წელი გავიდა, მაგრამ მისი სიტყვების გამო მაინც მიტევს შემაშფოთებელი ფიქრები. ნუთუ ანა მართლა ასე ფიქრობს, რომ შვილი არ უნდა გამეჩინა? ის ფიქრობს, რომ ბავშვები ძალიან სასტიკები არიან და ჩემს ბიჭს დასცინებენ? ნუთუ ის მართლა ასე ფიქრობს, რომ აუცილებელი იყო ასეთი ნანატრი ორსულობის შეწყვეტა, მხოლოდ იმიტომ, რომ ოცი წლის აღარ ვიყავი?
იმ დღის გახსენება არ მინდა, მაგრამ ჩემი დის სიტყვებს ვერ ვივიწყებ. მე ვერ ვპატიობ მას! ანასთან ურთიერთობას ვაგრძელებ, თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრამ წყენა ყოველ ჯერზე მახსენებს თავს, როდესაც რაღაცაზე კამათს ვიწყებთ. იქნებ ჩემს დას გულწრფელად დაველაპარაკო? მეშინია, რომ ანა გამომიცხადებს, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, რომ ის ასეთ რამეს ვერ იტყოდა…