ბუგრები პომიდორზე – ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც მებოსტნეები პომიდვრის მოყვანისას აწყდებიან. მწერები მცენარის წვენებით იკვებებიან, რითაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ მას. ისინი ასევე არიან სოკოვანი დაავადებების გადამტანები, რომლებთან ბრძოლაც შემდეგ გვიწევს.
ბუგრები პომიდორზე
პომიდორზე გვხვდება ბუგრების შემდეგი სახეობები: ატამის, შავი, ნესვის და თეთრი. როგორ გავიგოთ, რომ მცენარეზე გაჩნდა ბუგრი? ყველაფერი ძალიან მარტივია! ორიენტირდით შემდეგ მაჩვენებლებზე. მწერების არსებობა ღეროებზე და ფოთლების უკანა მხარეს. წებოვანი ნივთიერების მცირე წვეთების არსებობა, რაც ჭიანჭველებს მოსწონთ. ყვავილების და ფოთლების დახვევა წვენის ნაკლებობის გამო.
ასევე შესაძლებელია მცენარის ფოთლების დეფორმაცია და გაყვითლება. მცენარის ზრდის დაქვეითება და დაავადების მიმართ მედეგობის შემცირება.
პომიდორზე ბუგრების აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მათი განადგურება, რადგან მწერები ძალიან სწრაფად მრავლდებიან. მავნებლებთან ბრძოლა შესაძლებელია ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატების ან ხალხური მეთოდების დახმარებით.
ქიმიური პრეპარატები “Aktara”, “Ampligo”, “Aktellik”, “Alatar”, “BI-58”, “Teppeki” და სხვა ეფექტურად ებრძვის მწერებს, მაგრამ შეიძლება საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის. ქიმიური ინსექტიციდის გამოყენებას თუ გადაწყვეტთ, ყურადღებით წაიკითხეთ მისი გამოყენების ინსტრუქცია. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ დრო, რომელიც უნდა გავიდეს იქამდე, სანამ პომიდვრის საკვებად გამოყენება იქნება დასაშვები.
თავის დასაცავად რეკომენდირებულია გამოიყენოთ ბიოლოგიური პრეპარატები Aktarofit, Aktaverm, Aktofit, Bitoxibacillin, Lepidocid, Fitoverm და მათი მსგავსები, რომლებიც ტოქსიკური არ არის ადამიანის ორგანიზმისთვის. მათი მეშვეობით შესაძლებელია ბუჩქების დამუშავება პირველი მწიფე ნაყოფის მოწყვეტამდე ცოტა ხნით ადრე.
პომიდვრის დამუშავება ერთი კვირის შემდეგ უნდა განმეორდეს, რადგან პრეპარატმა შეიძლება არ იმოქმედოს მწერების კვერცხებზე და მათი პოპულაცია გაცოცხლდეს. მწერების შესაშინებლად, ბუჩქების ქვეშ ნიადაგს შეგიძლიათ მოაყაროთ ყავის ნალექი ან ნაცარი.
ხალხური საშუალებები
პომიდორზე ბუგრების გასანადგურებლად ხალხურ საშუალებებსაც გამოიყენებენ.
1. ნივრის ნაყენი. 200 გრამ ნიორს დაასხით 3 ლიტრი მდუღარე წყალი და 2-3 დღის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ დაასხით კიდევ 3 ლიტრი წყალი და მიღებული სითხე პომიდვრის ბუჩქებს საფუძვლიანად შეასხურეთ.
2. თამბაქოს ნაყენი. თამბაქოს ფოთლებს, შაგს ან სიგარეტის ნამწვს ასხამენ წყალს და აჩერებენ 1 დღეს-ღამის განმავლობაში. შემდეგ ამ სითხით მცენარეებს ამუშავებენ.
3. ქრისტესისხლას ნაყენი. ქრისტესისხლა უნდა დაქუცმაცოთ, დაასხათ მდუღარე წყალი და გააჩეროთ მთელი ღამის განმავლობაში. შემდეგ ამ წყალში ხსნიან სამრეცხაო საპნის ნაჭერს და ასხურებენ პომიდორს.
4. აბზინდას ნაყენი. აბზინდა დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ სათლში მეოთხედ ნაწილამდე და დაასხით ცხელი წყალი. გააჩერეთ 1 დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ სითხე გაფილტრეთ და დაუმატეთ კუპრის საპონი. მიღებული ხსნარით მცენარეები დაამუშავეთ.
5. სოდა. 10 ლიტრ წყალში გავხსნათ 3 ს.კ. ჩვეულებრივი სოდა და პომიდვრის ყველა ბუჩქს შევასხუროთ.
6. ჭაჭა. სპირტის შემცველ საშუალებას ასხურებენ ყველა მცენარეს, მავნე მწერების სრულ გაქრობამდე.
7. სააფთიაქო საშუალებები. 10 ლიტრ წყალში ხსნიან 1 ს.კ. ამიაკს, 1 ს.კ. წყალბადის ზეჟანგს და 1 ჭიქა ალკოჰოლურ სასმელს. ამ ხსნარით ბუგრებით დაავადებულ მცენარეებს ამუშავებენ.
8. კუპრის საპონი. საპონი გახსენით 1 ლიტრ ცხელ წყალში, ჩაასხით მასში ერთი ჭიქა მცენარეული ზეთი და კარგად შეურიეთ. შემდეგ მიღებული მასა გააზავეთ 10 ლიტრ წყალში და მცენარის ბუჩქები დაამუშავეთ.
9. რწყილების წამალი. 3 ლიტრ წყალში ცოტაოდენ რწყილების საწინააღმდეგო შამპუნს ასხამენ, ამატებენ კუპრის საპონს და შემდეგ ამ ნარევს პომიდორს ასხურებენ.
პომიდვრის დამუშავება რეკომენდებულია საღამოს ან დილით კარგ ამინდში და ძლიერი ქარის არარსებობის შემთხვევაში.