ნუმეროლოგიის მცირე ცოდნაც კი, იმის საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ ღრმად ჩაიხედოს საკუთარ სულში. ადამიანები უკეთესად უგებენ საკუთარ თავს, როდესაც ეცნობიან თავიანთ დახასიათებას, რომელზეც არასოდეს დაფიქრებულან ასე დეტალურად. ტოტემური ცხოველი ყველა ადამიანს ჰყავს მისი დაბადების მომენტიდან. სწორედ ამის განსასაზღვრად არის საჭირო ნუმეროლოგიური საფუძვლების გამოყენება.
იმის გასარკვევად, თუ რომელია თქვენი მფარველი ცხოველი, ჩაატარეთ სპეციალური და ძალიან მარტივი გამოთვლა. შეკრიბეთ ყველა რიცხვი, რომელიც თქვენს დაბადების თარიღშია. შემდეგ გაამარტივეთ მიღებული რიცხვი. შედეგად, თქვენ უნდა მიიღოთ რიცხვი ერთიდან ცხრამდე. მაგალითად, თქვენ დაიბადეთ 1982 წლის 15 მაისს. ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა შეკრიბოთ ყველა რიცხვი: 1 + 5 + 1 + 9 + 8 + 2 = 26. მიღებული რიცხვით თქვენ უნდა განახორციელოთ კიდევ ერთი მანიპულაცია, უნდა გაამარტივოთ ის: 2 + 6 = 8. ეს რიცხვი მიუთითებს ტოტემურ ცხოველზე, რომელიც გმფარველობთ თქვენ.
ტოტემური ცხოველი დაბადების თარიღის მიხედვით: დეტალური აღწერა
ერთიანი
თუ გამოთვლების შედეგად ერთიანი მიიღეთ, მაშინ თქვენი მფარველი ცხოველია დათვი. ის არის ძალიან ბრძენი და საკმაოდ მშვიდი. სწორედ ამიტომ, ადამიანები, რომელთა ტოტემური ცხოველი არის დათვი, საკმაოდ გონიერი ადამიანები არიან, რომლებიც ყოველთვის გააზრებულ გადაწყვეტილებებს იღებენ.
ორიანი
ეს რიცხვი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი ტოტემური ცხოველი არის სპილო. ის ცნობილია პატარებზე ზრუნვით. თუ თქვენი მფარველი ცხოველი სპილოა, სავარაუდოდ, თქვენ ხართ შესანიშნავი მეოჯახე, რომლისთვისაც ახლობლების ბედნიერება ყოველთვის პირველ ადგილზეა.
სამიანი
თქვენი ტოტემური ცხოველია თახვი, რომელიც გამოირჩევა ჩაკეტილობით და შრომისმოყვარეობით. მის მფარველობის ქვეშ მყოფი ადამიანები დაუღალავად შრომობენ, ცდილობენ საუკეთესო შედეგის მიღწევას. მაგრამ ისინი ამას მარტო აკეთებენ. გუნდური მუშაობა მათ არ უყვართ.
ოთხიანი
თქვენ არწივის მფარველობის ქვეშ იმყოფებით. ეს ტოტემი საშუალებას გაძლევთ, რომ სწორად განსაზღვროთ ცხოვრებისეული პრიორიტეტები. იმის გამო, რომ ეს ფრინველი ძალიან კარგად ხედავს, შეგიძლიათ წარმატებით ჩამოაყალიბოთ შორსმიმავალი გეგმები.
ხუთიანი
ეს რიცხვი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი მფარველი ცხოველი არის კალია. ასეთი ადამიანები, როგორც წესი, ძალიან ხალისიანები და მხიარულები არიან. მათ აქვთ დაუძლეველი სურვილი – ყოველთვის მიიღონ დადებითი ემოციების მაქსიმუმი (თუნდაც წვრილმანებიდან).
ექვსიანი
თქვენი მფარველია ხარი, რომელიც უკან არასოდეს იხევს. საკმაოდ ჯიუტი და მიზანდასახული ადამიანი ხართ, რომელიც მზად არის წინააღმდეგობების გადასალახად. კამათში ყოველთვის ახერხებთ მოწინააღმდეგის დარწმუნებას, რომ მართალი ხართ.
შვიდიანი
თქვენი მფარველია ყორანი. ჩვეულებრივ, ასეთი ტოტემის მქონე ადამიანები ძალიან კრეატიულები არიან. ისინი გამოირჩევიან ორიგინალურობითა და არასტანდარტული აზროვნებით. მათ განსაკუთრებული ნიჭიც გააჩნიათ – მშვენიერი ინტუიცია.
რვიანი
ეს რიცხვი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი ტოტემური ცხოველი არის ბაყაყი. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური კეთილდღეობა. თქვენთვის აუცილებელია, რომ იყოთ დარწმუნებული საკუთარ მომავალში. ეს გრძნობა მოაქვს ფულს, რომლის გულისთვისაც მუხლჩაუხრელად შრომობთ.
ცხრიანი
ეს რიცხვი შეესაბამება ძაღლს. ადამიანები, რომლებსაც ეს ცხოველი მფარველობს, ძალიან ერთგულები არიან მეგობრების და საყვარელი ადამიანების მიმართ. გარდა ამისა, ისინი განსაკუთრებული მონდომებით ცდილობენ დასახული მიზნების მიღწევას.