რამდენად ხშირად უნდა გამოიცვალოს პირსახოცები? ხალხი იშვიათად ფიქრობს ამაზე. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ არ ვსაუბრობთ საცვლებზე. უფრო მეტიც, ჰიგიენის თანამედროვე მეცნიერებამ უკვე უარყო მრავალი წესი, რომელსაც ჩვენ სისუფთავის სტანდარტად მივიჩნევდით. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ! გეტყვით, თუ როგორ უნდა გარეცხოთ პირსახოცები, რათა შეინარჩუნოთ ბალანსი და არ ჩაგთვალონ ბინძურ ან სისუფთავეზე გადაყოლილ ადამიანად!
როგორ გავრეცხოთ პირსახოცები
სიმართლის დადგენაში ბრიტანელი ტელეწამყვანის რომან კემპის მიერ წამოწყებული დისკუსია დაგვეხმარება. 2023 წლის დასაწყისში გამოიკითხა 18 წელზე უფროსი 2200 ბრიტანელი, თუ რამდენად ხშირად უნდა გამოიცვალოს პირსახოცები. შედეგებმა აჩვენა, რომ ზუსტი პასუხი არავინ იცოდა.
გამოკითხულთა 44%-მა აღიარა, რომ პირსახოცებს 3 თვეში ერთხელ ან უფრო იშვიათად რეცხავს. ყოველი მეხუთე გამოკითხული ამას აკეთებს თვეში ერთხელ, მეოთხედი – კვირაში ერთხელ. ოციდან მხოლოდ ერთი ადამიანი იყენებს ახალ პირსახოცს ყოველდღე, ცვლის მას წყლის პროცედურების შემდეგ.
აი, რა თქვა ამის შესახებ ჰიგიენის სპეციალისტმა და ინფექციონისტმა, პროფესორმა სალი ბლუმფილდმა: „ცოტა შოკირებული ვარ. თუ სამ თვეზე ვსაუბრობთ, პირსახოცი უბრალოდ ჭუჭყისა და ოფლის ქერქით დაიფარება და მისი გამოყენება ძალიან უსიამოვნო იქნება”.
რამდენად ხშირად უნდა გამოიცვალოს პირსახოცები?
ჰიგიენისტი ბლუმფილდი ამბობს, რომ გონივრული იქნება პირსახოცების გამოცვლა კვირაში ერთხელ მაინც. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირსახოცი სუფთად გამოიყურება, ის შეიძლება გახდეს მილიონობით ბაქტერიის წყარო, რომლებიც საშიშია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. მაგალითად, შეიძლება გაუცნობიერებლად გადასცეთ სოკო, რომელიც იწვევს ფეხის მიკოზს. ხოლო თუ სხეულზე ჭრილობებია, არაინფექციურმა მიკროორგანიზმებმაც კი შეიძლება გამოიწვიოს ანთება. გარდა ამისა, რაც უფრო იშვიათად გამოცვლით აბაზანის ამ აქსესუარს, მით უფრო რთული იქნება მთელი ჭუჭყის მოცილება, თუნდაც რამდენიმე გარეცხვის შემდეგ.
სპეციალისტის თქმით, ზოგჯერ ჩვენ ვატარებთ ბაქტერიებს, რომლებიც უსაფრთხოა ჩვენთვის, მაგრამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც იყენებთ ერთ პირსახოცს მთელი ოჯახისთვის ან ყველას ტანსაცმელს ერთად რეცხავთ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: ინფექცია შეიძლება ამ გზით გადავიდეს.
როგორ ხდება მაშინ, როცა მარტო ცხოვრობ? სალი ბლუმფილდი გვირჩევს ერთი პირსახოცის გამოყენებას არა უმეტეს ორი კვირის განმავლობაში. „ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ხშირი გამონაყარი სხეულზე და სახეზე, ასევე თმის ფოლიკულების ანთება, აბაზანის ეს აქსესუარი უნდა გამოცვალონ რაც შეიძლება ხშირად“, – ამბობს ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის კონსულტანტი დერმატოლოგი კრისტინა ფსომადაკისი.
სპორტული დარბაზის პირსახოცები: მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება
ყოველ ჯერზე, როცა ვარჯიშის დროს შუბლიდან ოფლს იშორებთ, გაცილებით მეტი ბაქტერია ხვდება პირსახოცზე, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში. რაც უფრო იშვიათად გარეცხავთ, მით მეტი ჭუჭყიანი შეაღწევს ქსოვილში და მით უფრო რთული იქნება მისი მოშორება.
დიდი ხანია საიდუმლო არ არის, რომ ჰიგიენის დასაცავად სახე და სხეული სხვადასხვა პირსახოცით უნდა გაიწმინდოთ. დერმატოლოგი ფსომადაკისი განმარტავს: სხეულის პირსახოცით ვიწმენდთ უბნებს, რომლებსაც ულტრაიისფერი გამოსხივება არ ხვდება. ეს ნიშნავს, რომ ამ ადგილებში მზის შუქი ვერ ახერხებს ზოგიერთი ტიპის ბაქტერიების განეიტრალებას, რომლებიც კანზე დეფეკაციის დროს ხვდებიან. დარწმუნებულები ვართ, რომ არავის სურს მათი სახეზე გადატანა.
“თქვენ არ უნდა გადასცეთ თქვენი მიკრობები სხვებს, შეინახეთ ისინი თქვენთან!” – ამბობს ჰიგიენისტი სალი ბლუმფილდი. პროფესორი აღიარებს, რომ სარეცხი მანქანის ყოველდღიურად ჩართვა ძალიან ძვირი ჯდება როგორც გარემოსთვის, ასევე საფულისთვისაც. ამიტომ, დოქტორი ბლუმფილდი გვირჩევს: დაბალ ტემპერატურაზე ხშირად რეცხვა გაცილებით ეკონომიურია, ვიდრე იშვიათად რეცხვა მაღალ ტემპერატურაზე.