ხახვი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კულტურაა. ეს იმით არის განპირობებული, რომ ეს ბოსტნეული გამოიყენება როგორც დამატებითი ინგრედიენტი სხვადასხვა კერძებში (სუპები, სალათები და ძირითადი კერძები). გარდა ამისა, ხახვს მიირთმევენ ნებისმიერი ფორმით: უმი, შემწვარი, გამომცხვარი და დამწნილებული. თუ გსურთ მისი მოყვანა თქვენს ბოსტანში, დროა ჩაუღრმავდეთ ამ თემას. როგორ დავრგოთ ხახვი გაზაფხულზე, რეკომენდაციებს პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ.
იმისათვის, რომ ამ ბოსტნეულს ჰქონდეს არა მხოლოდ ბევრი სასარგებლო თვისება, არამედ შესანიშნავი გემოც, უნდა დაიცვათ მისი დარგვის აბსოლუტურად ყველა წესი. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ დიდი და წვნიანი ბოლქვების მიღებას.
როგორ დავრგოთ ხახვი გაზაფხულზე: ძირითადი ნიუანსები
იდეალური დრო დასარგავად
ეს ბოსტნეული გამძლე კულტურებს მიეკუთვნება. მას არ ეშინია ტემპერატურის უმნიშვნელო ვარდნის. თუმცა ხახვის დარგვა აუცილებელია თბილ ნიადაგში. მისი ტემპერატურა არ უნდა იყოს 10 გრადუსზე დაბალი. შეცდომა რომ არ დაუშვათ, ეს ბოსტნეული აპრილ-მაისში დარგეთ.
სარგავი მასალა
დასარგავი ხახვი, რომლის ზომა არ აღემატება 1,5 სმ-ს, იდეალურია დიდი და წვნიანი ბოსტნეულის მოსაყვანად. გემრიელი სალათის მწვანილის მოსაყვანად საუკეთესოა 2,5 სმ-მდე ზომის სარგავი მასალა. მაგრამ ხახვი სწორად უნდა იყოს შენახული.
სარგავი მასალა დატოვეთ ოთახში, სადაც ტემპერატურა 20 გრადუსია. თუ ის უფრო დაბალია, დიდია ალბათობაა იმისა, რომ დარგული ხახვი ცუდად გაიზრდება. ბოსტნეული მიწაში დარგვამდე 2 კვირით ადრე მოათავსეთ ბატარეაზე. 10 საათის შემდეგ გადაიტანეთ ხახვი თავდაპირველ შესანახ ადგილას. ასეთი გათბობა ხელს შეუწყობს ლპობის პათოგენების განადგურებას.
სარგავი ხახვის დამუშავება
დარგვამდე შეამოწმეთ ხომ არ არის დაზიანებული თავები. გადაყარეთ უვარგისი ბოლქვები და მოაშორეთ მშრალი ღეროები. ბოსტნეული მიწაში დარგვამდე ნახევარი დღით ადრე მოათავსეთ თბილ წყალში. თქვენ ასევე შეგიძლიათ სითხეში დაამატოთ ზრდის სტიმულატორი უკეთესი შედეგისთვის.
რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ დეზინფექციაც. გაჟღენთვის შემდეგ მოამზადეთ კალიუმის პერმანგანატის ხსნარი. გააჩერეთ ბოლქვები მასში ნახევარი საათის განმავლობაში (უფრო დიდხანს – არა!). შემდეგ ამოიღეთ და გააშრეთ. მასალა მზად არის დასარგავად.
მიწაში ხახვის დარგვის წესები
თიხნარი ნიადაგი არ არის შესაფერისი ასეთი ბოსტნეულის გასაშენებლად. აუცილებელია, რომ ის იყოს შერწყმული ტორფთან. მჟავე ნიადაგი უნდა იყოს დეოქსიდირებული დოლომიტის ფქვილის გამოყენებით. ადგილი ბოსტანში უნდა იყოს მზიანი. მიწა გააფხვიერეთ, გაანოყიერეთ კომპოსტით და ხის ნაცრით. დარგეთ ბოლქვები შემდეგი სქემის მიხედვით. მწკრივებს შორის დაიცავით მანძილი 20 სმ და სარგავ მასალას შორის 15 სმ. ბოლქვები მიწაში 2 სმ-ზე ღრმად არ მოათავსოთ.
თუ არ უგულებელყოფთ დარგვის ამ წესებს, უხვ მოსავალს მიიღებთ. სხვათა შორის, არ დაივიწყოთ მოსავლის როტაცია. იმისათვის, რომ ხახვი არ დაავადდეს და ხარისხიანი მოსავალი მიიღოთ, ბოსტნეული დარგეთ იმ ადგილას, სადაც წინა წელს იყო კიტრი, კარტოფილი, კომბოსტო ან გოგრა. გისურვებთ წარმატებებს!