ერთი სიამოვნებაა მრავალფეროვანი ტიტებით მორთული ბაღის დანახვა. თუ გსურთ, თქვენი კლუმბიც სავსე იყოს ასეთი კაშკაშა და ამავდროულად ნაზი ყვავილებით, მათ უსაფრთხოებაზე იზრუნეთ. ამ მცენარეს, როგორც სხვას, მავნებლები თავს ესხმიან. მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ დაიცვათ ტიტები მავნებლების ნეგატიური ზემოქმედებისგან.
გამოცდილი მებოსტნეები დარგვამდე აუცილებლად ამუშავებენ ტიტების ბოლქვებს სპეციალური საშუალებით. თუ ამის გაკეთება დაგავიწყდათ, არ იდარდოთ. არსებობს სხვა საიმედო მეთოდებიც, რომლებიც მავნებლებს აფრთხობს.
როგორ დავიცვათ ტიტები მავნებლებისგან: 4 მეთოდი
მეთოდი №1: წიწაკის გამოყენება
როგორც ცნობილია, შავი წიწაკა კაპსაიცინით მდიდარია. ეს ნივთიერება ბევრი მავნებლისთვის ბუნებრივი დამაფრთხობელია. ზოგიერთი მებაღე დაფქულ წიწაკას აყრის ყვავილის გარშემო მიწას, სხვები კი მისგან სპეციალურ ხსნარს ამზადებენ. ამის გასაკეთებლად ჭურჭელი 1 ლ სუფთა წყლით გაავსეთ. 1 ს/კ დაფქული შავი წიწაკა ჩაყარეთ (წიწაკის მარცვლები არ გამოიყენოთ). შემდეგ ცოტა თხევადი საპონი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
მიღებული ნარევი საფრქვევის ბოთლში ჩაასხით და კარგად შეანჯღრიეთ. შემდეგ ეს ხსნარი შეასხურეთ ტიტების ღეროებს და ფოთლებს, რომ მავნებლები დააფრთხოთ.
მეთოდი №2: მდოგვის გამოყენება
მდოგვის ფხვნილს მავნებლების მოგერიებაც შეუძლია. მისგან ეფექტური ხსნარი რომ მოამზადოთ, 1 ლ სუფთა წყალი აიღეთ. 2–3 ს/კ მდოგვის ფხვნილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. შემდეგ მიღებული ხსნარი მცენარეს შეასხურეთ. ასე ნაზ ყვავილს ბევრი მწერისგან დაიცავთ.
მეთოდი №3: მულჩირება
არ დაგავიწყდეთ ისეთი მნიშვნელოვანი ეტაპი, როგორიცაა ტიტების გარშემო მიწის დაფარვა მულჩით. ის ხომ არა მხოლოდ სარეველების გაჩენას თავიდან გვაცილებს. იმის გამო, რომ მულჩი ნიადაგში ტენიანობას ინარჩუნებს, მრავალი მავნებლის განვითარებას ხელს უშლის.
მეთოდი №4: შერეული დარგვა
ზოგიერთი მცენარის არომატი შესანიშნავი დამაფრთხობელია. მათ რიგს მიეკუთვნება როზმარინი. თუ შესაძლებელია, ტიტებთან ახლოს როზმარინი დარგეთ. ასე ყვავილს მავნებლების თავდასხმისგან დაიცავთ.
ამ პრობლემაზე ნაკლებად რომ იდარდოთ, ყვავილი რეგულარულად გამოკვებეთ. ხარისხიანი კვების წყალობით ტიტების იმუნური სისტემა უკეთ გაუმკლავდება როგორც მავნებლებს, ასევე სხვადასხვა დაავადებას.