სამსახურში ყოველთვის ვხვდები ცუდ სიტუაციებში. ვიწყებ გულმოდგინებით და ენთუზიაზმით, ვეხმარები ჩემს კოლეგებს, უფროსს და მოადგილეებს. ჯერ მორიდებულად მთხოვენ, მერე თითქოს ასეც უნდა იყოს, უამრავ დავალებას მაძლევენ. ერთი წლის შემდეგ, უკან რომ ვიხედები, ვხვდები, რომ არასდროს მქონია შვებულება, სრულფასოვანი უქმეები. ხელფასი, ისეთივე მქონა, როგორც ყველას ჩვენს განყოფილებაში, მაგრამ საქმე ყოველთვის ბევრად მეტი მქონდა. ხელფასის გაზრდის თემას თუ ვეხებოდი, ისინი თითქმის ღიად აცხადებდნენ: „თუ არ მოგწონს, შეგიძლია წაბრძანდე!“ ახლა მუშაობას თავი დავანებე. არავის შევუჩერებივარ. დავიღალე. ხუთი წელი შვებულების გარეშე მუშაობა ხუმრობა არ არის. სამსახურის გარეშე არ შემიძლია, არავინ მყავს, ვინც მარჩენს. არჩევანის წინაშე ვდგავარ: ან ნაკლები დატვირთვით ვიმუშაო 500 ლარიან ხელფასზე, ერთი წელი მაინც, ან დავბრუნდე ჩემს სფეროში და ისევ სამსახურში ვიცხოვრო 1000 ლარიანი ხელფასით. დავიღალე. ძალა აღარ მაქვს და არც საარსებო წყარო გამაჩნია…
თქვენ შრომისმოყვარე ადამიანი ხართ. თქვენ არ იცით, როგორ გადაანაწილოთ თქვენი ყურადღება ცხოვრების რამდენიმე სფეროს შორის და ამიტომ ხვდებით გაუგებრობაში. სამსახურში ბევრს მუშაობთ, ცდილობთ ასიამოვნოთ უფროსებს და კოლეგებს („შეაფასეთ, რამდენად კარგი ვარ“). მაგრამ თქვენი საქმიანობა ნაკლებად სასარგებლოა და გარშემომყოფები არ გაფასებენ.
ადამიანები მიდრეკილნი არიან გამოიყენონ ის, რაც ხელში თავისთავად უვარდებათ. თქვენს შემთხვევაში, მათ ხელში უვარდებათ თქვენი მონური მზადყოფნა იმუშაოთ ხუთი ადამიანის ნაცვლად. თქვენ არ იცით თქვენი უფლებები და არ სცემთ პატივს თქვენს შრომას, ამიტომ საბოლოოდ წაგებული გამოდიხართ. ეს ხდება პირადი საზღვრების არ ცოდნის გამო.
ის, რომ არავინ გიჭერთ, ნიშნავს, რომ მხოლოდ თქვენ გეჩვენებათ, რომ მთელი კომპანია თქვენს მხრებზეა. თქვენს გადაჭარბებულ აქტივობას დიდი სარგებელი არ მოაქვს. ალბათ თქვენ გავალებენ ყველაზე მოსაწყენ და უინტერესო ამოცანებს, რომელთა შესრულებაც არავის სურს და რომელიც განსაკუთრებულ გავლენას არ ახდენს კომპანიის მოგებაზე. კარგ სპეციალისტებს ყოველთვის უფრთხილდებიან, თქვენს გარეშე კი – გაძლებენ.
დაბალ ხელფასზე მუშაობას აზრი არ აქვს, რადგან თქვენი შინაგანი პარამეტრები არ შეიცვლება. ამ ხელფასის პირობებშიც შეძლებთ გამონახოთ თქვენთვის დამატებითი საქმე სამსახურში.
რის გამო გარბიხართ სამსახურში? რის დამალვას ცდილობთ საკუთარი თავისგან?
თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ თუნდაც 1000 ლარიანი სამსახური, მაგრამ არაფერი არ უნდა გააკეთოთ იმაზე მეტი, რაც თქვენს შრომით ხელშეკრულებაშია მითითებული. ის დაუოკებელი ენთუზიაზმი, რომელიც თქვენში პირველ ეტაპზე ჩნდება, გამოიყენეთ საკუთარი თავის სასარგებლოდ: ამ ენერგეტიკული აღმასვლის დროს იზრუნეთ საკუთარ თავზე, გარეგნობაზე, დარეგისტრირდით გაცნობის საიტზე, ესაუბრეთ მამაკაცებს, იპოვეთ რაიმე შთამაგონებელი ჰობი. ნუ დახარჯავთ ენერგიას სხვების მოსაწონებლად. ისინი ამას არ დააფასებენ. ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარ თავს და იციან თავიანთი უფლებები, ყოველთვის დაფასებულები არიან.