დაკონსერვებული თინუსი – არის თუ არა ისეთი სასარგებლო, როგორიც გვგონია

161

სრულფასოვანი კვება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე და განწყობაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკვები შეიცავდეს საკმარისი რაოდენობით ცილას, რომელიც ორგანიზმის საშენ მასალად ითვლება. ცილის ერთ-ერთი პოპულარული წყაროა დაკონსერვებული თინუსი.

არის თუ არა დაკონსერვებული თინუსი ისეთი სასარგებლო, როგორიც გვგონია? „პაპარაცი“ გიამბობთ, რა დადებითი და უარყოფით მხარეები აქვს ამ პროდუქტს.

დაკონსერვებული თინუსი: ღირს თუ არა მისი მირთმევა?

თინუსი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თევზის სახეობაა მსოფლიოში. პროდუქტს აქვს სასიამოვნო რბილი გემო, ამიტომ იდეალურად ავსებს როგორც ცივ, ასევე ცხელ კერძებს. ამ პროდუქტის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარის ცოდნა დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა მისი ჩართვა რაციონში.

დაკონსერვებული თინუსის სარგებელი

1. ბევრი ცილა

ცილის შემცველობა ამ პროდუქტის მთავარი უპირატესობაა. 100 გრამ თევზში 24 გრამი ცილაა, კალორიული შემცველობა დაბალია – მხოლოდ 120 კკალ. თინუსის ცილას ორგანიზმი კარგად ითვისებს, ამიტომ პოპულარული პროდუქტია სპორტსმენებსა და დიეტაზე მყოფ ხალხს შორის.

2. ცხიმოვანი მჟავები

თინუსი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას, ამიტომ მისი მირთმევა დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ასე მცირდება ინფარქტის რისკი, ასევე თრომბის წარმოქმნის ალბათობა. ცხიმოვანი მჟავები ებრძვის დეპრესიას, აუმჯობესებს აზროვნების პროცესის ხარისხს. ხანდაზმულებმა ამ თევზს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ.

3. სელენის შემცველობა

დაკონსერვებული თინუსი დიდი რაოდენობით სელენს შეიცავს. ეს მიკროელემენტი ეხმარება ღვიძლს უჯრედების აღდგენაში, წმენდს მას ტოქსინებისგან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწამვლის დროს, ასევე მედიკამენტების მიღებისას.

დაკონსერვებული თინუსის უარყოფითი მხარეები

1. მარილის შემცველობა

თევზის კონსერვების უმეტესობა ბევრ მარილს შეიცავს. ვინაიდან მარილს ორგანიზმში წყლის შეკავება შეუძლია, ასეთი პროდუქტი სიფრთხილით უნდა მიიღოთ, თუ თირკმლების პრობლემები აქვს. მარილი წნევას ზრდის და გულის მუშაობაზე მოქმედებს. ეს უნდა გახსოვდეთ, რომ პროდუქტი გადაჭარბებით არ მიიღოთ.

2. ბევრი ზეთი

დაკონსერვებული თინუსის კიდევ ერთი პრობლემაა ზეთი, რომელსაც თევზს ასხამენ. თინუსის გემო ზეთში უფრო გამოხატულია, მაგრამ პროდუქტს ცხიმიანობას მატებს. ერთი ქილა ცხიმის დღიური ნორმის ნახევარს შეიცავს, რაც კალორიულობაზე მოქმედებს. ამიტომაც, თუ თქვენთვის ცხიმებს და კალორიას მნიშვნელობა აქვს, აირჩიეთ თინუსი საკუთარ წვენში.

3. ვერცხლისწყლის შემცველობა

თინუსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი ვერცხლისწყლის შემცველობაა. ორგანიზმში მოხვედრისას ვერცხლისწყალმა უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს ნერვულ სისტემაზე და ტვინის მუშაობაზე. შემადგენლობაში ვერცხლისწყლის ზუსტი რაოდენობა თინუსის სახეობაზე დამოკიდებულია.

ჯანმრთელობას ზიანი რომ არ მიაყენოთ, ექსპერტები გირჩევენ, რომ დაკონსერვებული თინუსი კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ მიირთვათ. ბავშვებმა, ორსულებმა და მეძუძურმა ქალებმა ამ პროდუქტზე უარი უნდა თქვან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს