7 მიზეზი, რამაც შეიძლება მუცლის შებერილობა გამოიწვიოს

19939
photo by mohamed Hassan on Pixabay

საკმაოდ ბევრი მიზეზი არსებობს, რომლებიც მუცლის შებერილობას იწვევენ და ზოგიერთი მათგანი შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს. დღეს ამ უსიამოვნების ყველაზე გავრცელებულ ფაქტორებზე გიამბობთ.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ეს მუცლის შებერილობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია – თითქმის ყოველ მეხუთე ზრდასრულ ადამიანს აწუხებს. ამ სინდრომისთვის დამახასიათებელია, როცა ნაწლავების ნაწილი ნორმალურად ფუნქციონირებს, მაგრამ ამასთან სხვადასხვა ნაწილი მთელი სისტემის ნორმალურად მუშაობას ვერ უზრუნველყოფს. ამ სინდრომს მუცლის შებერილობის გარდა სხვა სიმპტომებიც ახასიათებს, მათ შორის მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, ზოგჯერ გულისრევა, დაღლილობა და თავის ტკივილი.

მეტეორიზმი. ისეთი კვების პროდუქტების მოხმარება, რომლის დროსაც გადამუშავების დროს ბევრი გაზი გამოიყოფა, შეიძლება მუცლის შებერილობის მიზეზი იყოს. მეტეორიზმის ტიპიური გამომწვევია ბროკოლი, პარკოსანი პროდუქტები, ასევე სახამებლის შემცველი საკვები. რაციონში მათი რაოდენობის შეზღუდვა უსიამოვნო სიმპტომების შემცირებაში დაგეხმარებათ.

ცელიაკია. მისთვის დამახასიათებელია ხორბლის, ქერის და ჭვავის მარცვლებში შემავალი გლუტენის ცილების მიმართ აუტანლობა. სიმპტომები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ თითქმის ნახევარზე მეტ შემთხვევაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციას (გულისრევა, ღებინება, გაზის წარმოქმნა, მუცლის შებერილობა), ფიზიკური განვითარების შეფერხებას, ალერგიას, მეხსიერების შემცირებას, დაღლილობას და ცუდ ძილს იწვევს. თუ ცელიაკიის დაავადების ქონაზე ეჭვი გაქვთ, ექიმს მიმართეთ. სისხლის ანალიზის დახმარებით მის არსებობას დაადასტურებთ ან გამორიცხავთ.

ნაწლავების ანთებითი დაავადება. ნაწლავების ანთებითი დაავადების ორი ტიპი არსებობს – კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი. ჩვეულებრივ, მათ ძირითად სიმპტომებს ნაწლავების ჩვეული მუშაობის ცვლილება, მუცლის ტკივილი, დიარეა (ხშირად სისხლით და ლორწოთი) და მუცლის შებერილობა წარმოადგენს. გარდა ამისა, ადამიანს შეიძლება ცხელების სიმპტომი ჰქონდეს და წონაში დაიკლოს.

საკვერცხეების სიმსივნე. მუდმივად შებერილი მუცელი შეიძლება საკვერცხეების სიმსივნის ნიშანი იყოს, თუმცა ქალები ხშირად ამ სიმპტომს ყურადღებას არ აქცევენ (ჩვეულებრივ მუცლის შებერილობას კვების განსაკუთრებულობას და საჭმლის მონელებას უკავშირებენ). ონკოლოგიური დაავადების შემთხვვევაში მუცლის შებერილობას განმასხვავებელი ნიშანი აქვს – შებერილობა ხანგრძლივი დროით გრძელდება. სწორედ ამიტომ, თუ მუცლის შებერილობა უკვე 2-3 კვირა არ ცხრება, ექიმს აუცილებლად მიმართეთ და გამოკვლევა ჩაიტარეთ, რომ საკვერცხეების სიმსივნე გამორიცხოთ.

ჰორმონალური რყევები. ქალებში ორსულობის დროს და უშუალოდ მენსტრუაციის დაწყების წინ პროგესტერონის ჰორმონის დონე იზრდება, რაც ნაწლავების აქტივობას ანელებს. შედეგად, მიღებული საკვების საჭმლის მომნელებელ სისტემაში გავლა ნელა ხდება, ყაბზობა და მუცლის შებერილობა იქმნება.

სტრესი. გაზრდილი შფოთვა და ნერვიულობა ორგანიზმში ფიზიოლოგიურ ცვლილებებს და ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების დონის შემცირებას იწვევს. მათ შორის – რეაქცია, რომელსაც სისხლი საჭმლის მომნელებელი სისტემიდან სხეულის სხვა ნაწილში გადააქვს, რაც საჭმლის მომნელებელ პროცესს ნაკლებად ეფექტურს ხდის და შეიძლება მუცლის შებერილობა გამოიწვიოს. ზოგიერთ ადამიანში სტრესზე რეაქცია სუნთქვის ცვლილებას, შედეგად ჰაერის გადაყლაპვას და მუცლის შებერილობას იწვევს.

რა დაგეხმარებათ მუცლის შებერილობის ერთ კვირაში დასამარცხებლად? ბრიტანელი დიეტოლოგი ნატალი ლემბი შემდეგ რჩევებს გაძლევთ:

  • პრობიოტიკები მიიღეთ;
  • ყოველი საკვების მიღების წინ ვაშლის ძმარი გამოიყენეთ;
  • მარტივი შაქრის და რაფინირებული ნახშირწყლების მოხმარება შეამცირეთ;
  • უფრო მეტი უჯრედისის მიღება დაიწყეთ;
  • სახლში მომზადებული ძვლის ბულიონის მოხმარება დაიწყეთ;
  • ხშირად მოდუნდით;
  • ფიზიკური აქტივობა არ დაგავიწყდეთ. ვარჯიშის დახმარებით ნაწლავების მოძრაობას გააუმჯობესებთ. დღეში 30 წუთი სიარული საკმარისია, რომ სიტუაცია შეცვალოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს