ცივი წყლის დალევა, ცილების მოხმარების გაზრდა, ყოველდღიური სეირნობა ჩვეული ცხოვრების ისეთი ცვლილებები გახდება, რომლებიც ეფექტურად გახდომაში დაგეხმარებათ.
The Sun დიეტოლოგი სიუზი ბარელის რჩევებს აქვეყნებს იმის შესახებ, თუ რომელი ცვლილებების დახმარებით შეიძლება კალორიების შემცირება, ცხიმების უფრო ინტენსიურად წვა და საბოლოოდ წონაში დაკლება.
ცივი წყლის დალევა. მეცნიერებისთვის კარგად ცნობილია, რომ სიცივის პირობებში ორგანიზმი უფრო მეტ ყავისფერ ცხიმს აწარმოებს, რომელიც ენერგიის საწარმოებლად უფრო აქტიურად გამოიყენება. ამრიგად, საკვებიდან მიღებული კალორიები უფრო სწრაფად იხარჯება, რაც სხეულის ფორმებს უფრო მოხდენილს ხდის.
დეიტოლოგი სიუზი ბარელი ირწმუნება, რომ ცივი წყლის მიღება ანალოგიურ ეფექტს იძლევა.
„კლინიკური ენდოკრინოლოგიიის და ნივთიერებათა ცვლის შესახებ ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ კვლევის მონაწილეები, რომლებიც ყოველდღე 6 ჭიქა ცივ წყალს სვამდნენ, 100 ზედმეტ კალორიას ხარჯავდნენ“ – აღნიშნავს სპეციალისტი.
ცილები საკვების ყოველი მიღების დროს. ცხიმების და ნახშირწყლების მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებთან შედარებით ცილების მაღალი შემცველი პროდუქტები როგორიცაა, ხორცი, კვერცხი, თევზი და რძის პროდუქტები, გადასამუშავებლად უფრო მეტ კალორიას მოიხმარენ. ბარელის თქმით, ყოველი საკვების მიღების დროს ცილების მიღება და ცილებით მდიდარი მარცვლეულით წახემსება კალორიების დამატებით წვას ხელს უწყობს: დაახლოებით დღეში 100-120 დამატებითი კალორია.
სეირნობა. თუ ყოველდღე 20 წუთი სწრაფი ტემპით ისეირნებთ, ორგანიზმი როგორც მინიმუმ 100 კალორიით მეტს დაწვავს, განმარტავს დიეტოლოგი.
სკამიდან ადგომა. თუ სამსახურის გამო მთელი დღე მჯდომარე პოზაში ყოფნა გიწევთ, სპეციალისტი გირჩევთ რომ მაღვიძარა დააყენოთ, რომელიც ადგომას და მოძრაობას შეგახსენებთ. თუ ერთსაათიანი მჯდომარე პოზის შემდეგ ადგებით და გაიწელებით, უფრო მეტ კალორიას დაწვავთ და დაიკლებთ.
სპორტი დილით. მაღალი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა ნივთიერებათა ცვლის და ცხიმის წვის დასაჩქარებლად კიდევ ერთი მარტივი მეთოდია, ამბობს სიუზი ბარელი. თუ მოხდენილი სხეულის ფორმების მიღება გსურთ, დიეტოლოგი გირჩევთ, რომ ყოველი დღე მაღალ ინტენსიური აქტივობით მცირე ხნით დაკავდეთ. მაგალითად, 10-15 წუთის განმავლობაში სწრაფი ადგომა და ჩაჯდომა, ან 20-30 წუთიანი სირბილი უახლოეს პარკში.