როგორ შევინარჩუნოთ ვიტამინები საკვებ პროდუქტებში

472
ფოტო: pixnio

საკვების მომზადებისას, მთავარი მისიაა ვიტამინების გადარჩენა კულინარიული დამუშავების დროს, ამიტომ, დამუშავების ტიპის შერჩევისას, უპირატესობა მიანიჭეთ იმას, რომელსაც არ სჭირდება ხანგრძლივი სიმხურვალე. არსებობს პროდუქტების დამუშავების წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვათ.

არ დაუშვათ ხორცისა და თევზის ხანგრძლივი შენახვა (სასურველია, ეს პროდუქტები დაუყოვნებლივად დაამუშავოთ თერმულად). არ გაყინოთ პროდუქტები ხელმეორედ, თუ ისინი მანამდე უკვე გაყინეთ და გაალღვეთ. უმჯობესია, უარი თქვათ გაყინულ ხორცზე, მხოლოდ უმის სასარგებლოდ.

გალღობისას უნდა გახსოვდეთ: რაც უფრო ნელა მიდის ლღობის პროცესი, მით უფრო ნაკლებად იკარგება ხორცის წვენი და მკვებავი ნივთიერებები. ანუ, ეს უნდა მოხდეს თიხის, მინანქრის, შუშის ჭურჭელში, ოთახის ტემპერატურაზე. არ მოასხათ ხორცს თბილი წყალი და არ ჩადოთ წყალში (ამის შედეგად, ხორცის წვენი იკარგება და მიკროორგანიზმები ინტენსიურად მრავლდება).

გალღობის შემდეგ, ხორცი გარეცხეთ გამდინარე წყალში და დაუყოვნებლივ დაიწყეთ კერძის მომზადება. პროდუქტის თერმული დამუშავება მინიმალური უნდა იყოს, რათა არ დაირღვეს პროდუქტის ქსოვილების, ბიოქიმიური კავშირების სტრუქტურა, არ შემცირდეს ფერმენტების, მინერალური ნივთიერებების, ვიტამინების შემცველობა, რის შედეგადაც საკვები კარგავს სასარგებლო თვისებებს.

ცხიმების მაღალ ტემპერატურამდე გალღობა ამცირებს მათ კვებით და ბიოლოგიურ ღირებულებას, გარდა ამისა, იძენს კანცეროგენულ თვისებებს, რომლებიც ადამიანის მთელ ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს.

თუმცა, სითბურ დამუშავებას დადებითი მხარეც აქვს: მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, იღუპებიან მიკრობები, საკვები უფრო გემრიელი ხდება, მარტივად ქუცმაცდება, ნელდება და აითვისება ორგანიზმის მიერ.

რაციონალური კვების კუთხით, შეწვა კულინარიული დამუშავების არასრულყოფილი და ჯანმრთელობისთვის ყველაზე მავნე სახეობაა. ვიტამინებისადმი უფრო “ლმობიერი” მეთოდია ორთქლზე ხარშვა და ცხობა. საკვების ასე მომზადება არამხოლოდ ვიტამინებს, არამედ კუჭსაც უფრთხილდება.

პროდუქტი უნდა მოიხარშოს მინიმალური რაოდენობის წყალში (ისე, რომ პროდუქტს ფარავდეს). ყველაზე სასარგებლოა ბოსტნეულის არა წყალში, არამედ ორთქლზე მომზადება. ხარშვისას, ვიტამინებისა და მინერალური მარილების ნაწილი ნახარშში გადადის, ამიტომ ირაციონალურია ნახარშის გადაღვრა.

პარკოსანი მცენარეები (ბარდა, ლობიო), მომზადებამდე, რამდენიმე საათით ცივ წყალში უნდა ჩაალბოთ – ასე მომზადების პროცესი მნიშვნელოვნად შემოკლდება. პროდუქტი უნდა მოიხარშოს იმავე წყალში, რომელშიც ჩაალბეთ.

უნდა გახსოვდეთ, რომ ზედმეტი ხარშვა უარყოფითად აისახება ფაფების ვიტამინებზე.

კარტოფილის გაფცქვნის დროს (ეცადეთ, მაქსიმალურად თხლად გათალოთ) იკარგება C ვიტამინის 16-22%, ხოლო კარტოფილის პიურე უფრო მეტ ვიტამინს კარგავს. ამიტომ, უმჯობესია, კარტოფილი მოამზადოთ ორთქლზე ან გამოაცხვოთ ღუმელში, რაღა თქმა უნდა, კანიანად, რომლის ქვეშაც იმ ნივთიერებების, ვიტამინებისა და ფერმენტების ძალიან თხელი ფენაა, რომლებიც გვეხმარება სახამებლის ათვისებაში. ამ ფენას, გაფცქვნისას, რა თქმა უნდა, ვაშორებთ, ამიტომ სახამებლის გადასამუშავებლად, ორგანიზმი ამ ნივთიერებებს თავისი მარაგიდან იღებს, არადა, სხვა საქმისთვისაც სჭირდება.

C ვიტამინი, კარტოფილსა და სხვა ბოსტნეულში, თითქმის სრულად შენარჩუნდება, თუ ბოსტნეულს პირდაპირ მდუღარე წყალში მოათავსებთ, რადგან ცივ წყალში ფერმენტებია, რომლებიც იწვევს C ვიტამინისა და სხვა ნივთიერებების დაჟანგვას. ამიტომ, პროდუქტზე ცივი წყლის დასხმა შეცდომაა.

ბოსტნეულის მეტალებთან დამანგრეველი კონტაქტის თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ მინანქრიანი ქვაბი და მიირთვით მომზადებისთანავე.

ხარშვისას ვიტამინების შესანარჩუნებლად, გამოიყენეთ ხის კოვზი. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ ბუშტუკებიანი და ხანგრძლივი დუღილი, უსარგებლოა გადახარშვათ.

მზის სხივების ზემოქმედება ხელს უწყობს C ვიტამინის დაკარგვას, იგი სწრაფად ნადგურდება გათლილ ბოსტნეულშიც.

მწნილები და მარინადიც ანადგურებს ამ ვიტამინს. ადამიანის ორგანიზმში კი ასკორბინის მჟავა თავისით არ გამომუშავდება და არც გროვდება.

კომბოსტო ასკორბინის მჟავის კარგი წყაროა, თანაც, არამხოლოდ ნედლ, არამედ დამჟავებულ მდგომარეობაშიც. თუმცა, კომბოსტოს მთელი ღირებულება იკარგება, თუ მას მოხარშავთ ან მოთუშავთ.

განსაკუთრებით ფრთხილად იყავით მწვანილთან და ბოსტნეულთან, რომლებსაც თერმულად არ ამუშავებთ. მოამზადეთ სალათები უშუალოდ მოხმარებამდე (გათლილი და დაჭრილი ბოსტნეული ნიავდება, კარგავს ვიტამინებს სინათლისა და ჰაერის ზემოქმედებით). არ მოამზადოთ ისინი მარაგად.

ხელმეორედ გათბობისას, ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებები საერთოდ აღარ რჩება და თქვენ უბრალოდ მუცელს “იყორავთ”. იდეალში, საკვები ახალმომზადებული და მრავალფეროვანი უნდა იყოს, როგორც დღის, ისე მთელი კვირის განმავლობაშიც, ხოლო დღიურ რაციონში უნდა შედიოდეს საკმარისი რაოდენობით ვიტამინები (ისინი საჭიროა ორგანიზმში ბიოქიმიური რეაქციების მიმდინარეობის, ნივთიერებების ათვისების, ქსოვილების ზრდისა და აღდგენისთვის).

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს