აღმოსავლეთში ბადრიჯანს ხანგრძლივი ცხოვრების ბოსტნეულად მიიჩნევენ. ის ძალიან სასარგებლოა ათეროსკლეროზის დროს, რადგან ქოლესტერინის დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს. გულს კალიუმის მარილებით ამდიდრებს, ორგანიზმიდან ჭარბ სითხეს გამოდევნის და ასე შეშუპებას აქრობს. ბოსტნეული გვეხმარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, რომელსაც თან ყაბზობა ახლავს, ასევე ღვიძლის დაავადებების დროს. ექიმები ბადრიჯნის მიღებას გვირჩევენ სპონდილოზის, სპონდილოართრიტის, პოდაგრის, თირკმელკენჭოვანი და ნაღვლკენჭოვანი დაავადების, ანემიის დროს – რკინის მარილების, სპილენძის, მანგანუმის და კობალტის წყალობით ბადრიჯანი სისხლის წარმოქმნას ხელს უწყობს.
რომელი ბადრიჯანია სასარგებლო და რომელი სახიფათო
შეუძლებელია დავივიწყოთ, რომ ადრე ექიმები ბადრიჯანს დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ. მაგალითად, ავიცენი თვლიდა, რომ „ბადრიჯანი ღვიძლის და ელენთას დაბლოკვას იწვევს“. ბადრიჯნის, როგორც შხამიანი ბოსტნეულისადმი დამოკიდებულება ჯერ კიდევ ძველ ბერძნებში შეინიშნებოდა, რომლებიც თვლიდნენ, რომ მისი მჭამელი გონების დაკარგვით რისკავდა. თუმცა ამის ახსნა შეიძლება.
საქმე იმაშია, რომ საკვებად ნაკლებად მწიფე, იისფერი შეფერილობის და მცირე ზომის ბადრიჯანი უნდა გამოიყენოთ. მწიფე და გადამწიფებული ბადრიჯანი მოყვითალო ან ყავისფერი შეფერილობისაა და ნამდვილად სახიფათოა: მასში იზრდება შხამიანი ნივთიერებების შემცველობა, პირველ რიგში სოლანინის – შხამიანი ალკალოიდი. მოწამვლის დროს გულისრევა, ღებინება, დიარეა, ნაწლავების კოლიკი, კრუნჩხვები, ქოშინი და ციანოზია მოსალოდნელი. პირველი დახმარება – დაზარალებულს რძე, კვერცხის ცილა და ლორწოვანი წვნიანები მიეცით.
ბადრიჯანი მთელი წელი რომ გამოიყენოთ, გაყინეთ ან გაახმეთ. ნაყოფის გასახმობად ქერქის ზედა ნაწილი მოაჭერით, შემდეგ თხელ ფირფიტებად დაჭერით, ძაფზე წამოაცვით და რამდენიმე საათით გაზის ცეცხლზე დაკიდეთ. ამის შემდეგ 10-12 დღე დამოუკიდებლად გასაშრობად დატოვეთ. უმი მასალა ქაღალდის ან ნაჭრის ტომსიკაში შეინახეთ. გამოყენების წინ როგორც სოკო დაასველეთ და პირველ და მეორე კერძს დაუმატეთ.
სხვათა შორის, ახალ ბადრიჯანს სიმწარე რომ მოაშოროთ, გამოყენების წინ დაჭერით, მარილი მოაყარეთ და 25-30 წუთით გააჩერეთ. როცა სითხე გამოუვა, გადაასხით – მასთან ერთად სიმწარეც მოშორდება. ამის შემდეგ ბადრიჯანი გარეცხეთ.
ბადრიჯანი – როგორც სამკურნალო საშუალება
პიელონეფრიტის, ცისტიტის, შარდკენჭოვანი დაავადების დროს ბადრიჯანი რაც შეიძლება ხშირად მიირთვით. ასევე მისი წვენი დალიეთ: 0,25 ჭიქა წვენი დღეში 2-ჯერ.
ანემია. ყოველდღე 1 ბადრიჯანი შეჭამეთ.
სახსრების დაავადების, რევმატიზმის, პოდაგრის დროს რეკომენდებულია, რომ პაციენტს მტკივნეული ადგილი სოდის ხსნარით გაუწმინდოთ: 1 ჩ/კ სოდა 0,5 ლ მდუღარე წყალზე. შემდეგ კი ხმელი და დაქუცმაცებული ან ახალი გამომცხვარი ბადრიჯანი დაადეთ, ზემოდან კი მატყლის ნაჭრით შეუხვიეთ. 3 საათის შემდეგ საფენი მოხსენით, სახსრები გრილი წყლით ჩამოიბანეთ და მცენარეული ზეთი წაისვით.
ყვითელი ნადები კბილებზე, პაროდონტოზი. ბადრიჯანი ნაცრის წარმოქმნადე შეწვით. ამ ნაცრით კბილები დღეში 2-ჯერ გაიწმინდეთ. მეორე მეთოდი: გამომცხვარი ბადრიჯნის ქერქი დაფშვებით და ამავე რაოდენობის მარილს აურიეთ. ამ ნარევით კბილები და ღრძილები თითით გაიწმინდეთ.
ბადრიჯნის წვენი სასარგებლოა ათეროსკლეროზის, გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს, რომელსაც თან შეშუპება ახლავს. ახალი ბოსტნეული გაასუფთავეთ, პლასტმასის სახეხზე გახეხეთ, წვენი გაწურეთ. 0,5 ჭიქა ახალ გაწურული წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ დალიეთ.
როგორც ნაღვლმდენი საშუალება ბადრიჯნის ნაყენი მიიღეთ: ნაყოფი გაასუფთავეთ, წვრილად დაჭერით, 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით, წყლის ორთქლზე 30 წუთით გააჩერეთ და გადაწურეთ. 0,5 ჭიქა თბილი ნაყენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ დალიეთ.
ყურადღება! ბადრიჯანი კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, მწვავე გასტრიტის, კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს უკუჩვენებულია. ბადრიჯანში შემავალი უჯრედისი კუჭის და ნაწლავების აქტიურ მოქმედებას იწვევს, ამიტომ ამ პრობლემების დროს ადამიანი თავს ცუდად გრძნობს. გარდა ამისა, ბადრიჯანი კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობის და ქრონიკული ენტეროკოლიტის დროს რეკომენდებული არაა.