მეხსიერების გასაუმჯობესებელი ვარჯიშები ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

0
40597

სამწუხარო ფაქტი: თუ ტვინს ყოველდღე არ დატვირთავთ, იგი უბრალოდ გადაეჩვევა ფიქრს. როგორც სხეულის კუნთები სუსტდება ვარჯიშის გარეშე, გონებაც ასევე ბერდება, სუსტდება და აღარ სურს ჩვეული გონებრივი დავალებების შესრულება.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მეხსიერებისა და ყურადღების რეგულარული სავარჯიშოები აჩქარებს ტვინის რუხი ნივთიერების უჯრედების ზრდას, ხელს უწყობს ახალი ნეირონული სიგნალების წარმოქმნასა და რთული ფუნქციური კავშირების შექმნას ტვინის სხვადასხვა სტრუქტურას შორის.

ჩვენმა რედაქციამ თქვენთვის რამდენიმე ნაცადი სავარჯიშო მოამზადა, გონებრივი შესაძლებლობების შესანარჩუნებლად, მეხსიერების გასაძლიერებლად და, შესაძლოა, ახალი, გასაოცარი შესაძლებლობების აღმოსაჩენად. ახლა უკვე იცით, როგორ გაიყვანოთ დრო ტრანსპორტში ან სარეკლამო პაუზის დროს, ტელევიზორთან.

სავარჯიშოები გონების განვითარებისთვის

1. ფერადი სიტყვები

ფოტოზე გამოსახულია სიტყვები, რომლებიც სხვადასხვა ფერითაა დაწერილი. ხმამაღლა უნდა წარმოთქვათ არა სიტყვა, არამედ ფერი, რომლითაც იგი წერია. როცა ტექსტის ბოლომდე მიაღწევთ, გაიმეორეთ სავარჯიშო უკუღმა.

მარტივი არაა, არა? საქმე ისაა, რომ თქვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო ცდილობს ფერის დასახელებას, ხოლო მარცხენა – სიტყვის წარმოთქმას. ასე თქვენ ტვინის ორივე ნახევარსფეროს ავარჯიშებთ, რითაც ეხმარებით მათ შორის კავშირის დამყარებას, ავარჯიშებთ კონცენტრაციის უნარს და ცვლით ყურადღების ობიექტს. ეს ტექნიკა დაგეხმარებათ ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკაში.

2. შულტეს ცხრილი

შესანიშნავი სავარჯიშოა პერიფერიული მხედველობის, ყურადღებისა და კითხვის სისწრაფისთვის. სავარჯიშოს შესრულების დროს, შულტეს ცხრილი თვალებიდან დაახლოებით 30-35 სმ-თი უნდა იყოს დაშორებული, როგორც წიგნის კითხვის დროს. კონცენტრირდით ცენტრში დაწერილ ციფრებზე, რათა მთელი ცხრილის დანახვა შეძლოთ. ეცადეთ, ცხრილზე თვალებით არ ირბინოთ.

იპოვეთ რიცხვები ზრდის მიხედვით, 1-დან 25-მდე, გამოტოვების გარეშე, თანაც მაქსიმალურად სწრაფად, ისე, რომ ხმამაღლა არ წარმოთქვათ. ძალიან მნიშვნელოვანია მზერის ცენტრში გაჩერება და რიცხვების ძებნა მხოლოდ პერიფერიული მხედველობიტ. ახალბედები დავალებას 1 წუთში უმკლავდებიან, თუმცა, თქვენი მიზანია, ყველა ციფრი 10 წამში იპოვოთ.

ამ სავარჯიშოში მთავარი არა ციფრების პოვნა, არამედ, ცხრილის ცენტრში ცქერისას ერთდროულად ცენტრალური და მეზობელი ციფრების დანახვაა. ამ სავარჯიშოთი თქვენ გაავარჯიშებთ მხედველობის კუთხეს და ისწავლით მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოკრებას დიდი ზომის ტექსტიდან.

3. ნიშნები თითებით

მარჯვენა ხელის თითებით გამოსახეთ “მშვიდობის” სიმბოლო, ხოლო მარცხენათი – “OK”. შემდეგ შეცვალეთ ხელები და გაიმეორეთ სავარჯიშო რამდენჯერმე. როცა თითების ცალ-ცალკე დალაგებას ისწავლით, ეცადეთ, ეს სიმბოლოები ერთდროულად ორივე ხელზე გამოსახოთ.

ერთი შეხედვით, აქ რთული არაფერია. თუმცა, მაშინვე იგრძნობთ, რომ ძალიან რთულია ორი ხელით სხვადასხვა მოძრაობის სინქრონულად შესრულება. შესაძლოა, ეს სავარჯიშო სისულელედ მოგეჩვენოთ, რეალურად კი იგი ზრდის კონცენტრაციას, ყურადღებასა და ერთი დავალებიდან მეორეზე სწრაფად გადართვის უნარს.

4. წერა ერთდროულად ორი ხელით

ამბობენ, რომ ლეონარდო და ვინჩი, ნიკოლა ტესლა, პოლ მაკარტნი, ბენჟამინ ფრანკლინი, მარკ ნოპფლერი და კიანუ რივზი ორივე ხელს ერთნაირად იყენებ(დნ)ენ. თუ ამ ტექნიკას ისწავლით, მეხსიერების გავარჯიშებას შეძლებთ.

აიღეთ ორი ფურცელი და თითო ფანქარი ან კალამი თითო ხელში. დაიწყეთ გეომეტრიული ფიგურების ხატვა, ასოების ან სიტყვების წერა ერთდროულად ორი ხელით. აუცილებლად ეცადეთ, ხელები აბსოლუტურად ერთნაირად ამოძრავოთ, თორემ სავარჯიშო სარგებელს ვერ მოგიტანთ. ეს ხრიკი თქვენს ტვინს ასწავლის ერთდროულად რამდენიმე ფუნქციის შესრულებას სწრაფად, ხარისხის დაკარგვის გარეშე.

გარდა ამისა, სცადეთ ხელების მონაცვლება ჩვეულებრივი საქმიანობის დროს, მაგალითად, კბილების გახეხვისას, პარსვისას, თმის დავარცხნისას, კრემის წასმისას.. თუ მარჯვენა ხელს იყენებთ, შეასრულეთ ოქმედებათა ნაწილი მარცხენათი. მალე შენიშნავთ, რა მარტივად შეგიძლიათ ერთი საქმიდან მეორეზე გადართვა.

დახუჭული თვალებით რამის კეთება შესაძლებელია, პირდაპირი გაგებით. ეს ტვინის მძლავრი სავარჯიშო და ახალი შეგრძნებებია. ჩვენ ყოფაცხოვრებაში უამრავ ავტომატურ მოქმედებას ვასრულებთ, რომლებზეც საერთოდ არ ვფიქრობთ. ეცადეთ, თვალდახუჭულმა მიიღოთ შხაპი, დარეცხოთ ჭურჭელი ან შეიკრათ თასმები ფეხსაცმელზე.

შეცვალეთ გადაადგილების ჩვეული მარშრუტები, რათა მეხსიერება გაააქტიუროთ. აგრეთვე, გაანებივრეთ ტვინი ფოსფორით, კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი საკვებით>

გახსოვდეთ: იმისათვის, რომ სოლიდურ ასაკში სულიერი და ფიზიკური ახალგაზრდობა შეინარჩუნოთ, პირველ რიგში, საკუთარ გონებაზე უნდა იზრუნოთ და შეიმუშავოთ სწორი ცხოვრებისეული შეხედულებები. თუ მოხუცებულობისას საღი გონების შენარჩუნება გსურთ, აუცილებლად ავარჯიშეთ ტვინი რეგულარულად.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი