ჩვეულებრივ, ბინაში ჰაერის ტენიანობა 30-40%-ს არ აღემატება (16-20 გრადუს ტემპერატურაზე). იგი განსაკუთრებით მცირდება გამათბობლის ჩართვის დროს.
ადამიანისთვის ჰაერის ოპტიმალური ტენიანობაა 45-55% (18-24 გრადუსზე). თუ იგი დაბალია, ადამიანს აღენიშნება კანის, პირისა და ცხვირის ღრუების ლორწოს სიმშრალე, რაც, თავის მხრივ, იწვევს ბრონქიტსა და პნევმონიას.
მცენარისთვის ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა (70-80%) ადამიანისთვის არაკომფორტულია.
ჰაერის სიმშრალის ნიშნები მცენარის მდგომარეობის მიხედვით:
- ფოთლები დანაოჭდა ან დაიხვა;
- ფოთლის ბოლოები ყავისფერდება და ხმება. ეს განსაკუთრებით ხშირად აღენიშნება ნეფროლეპსისსა და ციპერუსს;
- ახალგაზრდა ფოთლები არასრულად ვითარდება;
- კვირტები იხსნება ან ცვივა;
- მცენარეს განსაკუთრებით ხშირად ესევა მავნებლები – პირველ რიგში, ობობასებრი ტკიპა და თეთრფრთიანი მწერები.
ოთახის მცენარეებს ჰაერის შემცირებული ტენიანობა აწუხებს. თუ სიტუაციის გამოსწორებას მორწყვით ეცდებით, მცენარეს საერთოდ დაღუპავთ. ეცადეთ, იპოვოთ ოქროს ზღვარი ჰაერის დამატენიანებლის გამოყენებით.
- სატურატორი შესანიშნავად ატენიანებს ჰაერს, გამათბობლების ჩართვისას კი ჩამოკიდეთ იგი ელემენტზე;
- ელექტრონული დამატენიანებელი ძვირადღირებული, თუმცა, სამაგიეროდ, ყველაზე ეფექტური საშუალებაა ჰაერის დასატენიანებლად;
- კარგ პულვეზატორს აქვს ჩაშენებული მოწყობილობა, რომელიც მას ძალიან წვრილი შხეფების გამოყოფის საშუალებას მისცემს;
- ოთახის შადრევანი არამხოლოდ ჰაერის ტენიანობას გაზრდის, არამედ ოთახსაც დაამშვენებს;
- აკვარიუმი ამშვიდებს ნერვებს და აჯერებს ჰაერს ტენით.
ჰაერის დატენიანების ყველაზე გავრცელებული საშუალებაა წყლის შეშხეფება, თუმცა იგი მხოლოდ მყარი, მბზინავი ფოთლების მქონე მცენარისთვისაა შესაფერისი. თუ მცენარეს ძალიან თხელი ან ხავერდოვანი ფოთლები აქვს (სენპოლია, სტრეპტოკარპუსი, პეპერომია, კალადიუმი და სხვ), შეიძლება გაუჩნდეს პარაზიტულო სოკო და განუვითარდეს მიკოზური დაავადებები – მცენარე დაიღუპება.
მცენარისთვის წყლის შეშხეფება უნდა დაიწყოთ ქვემოდან – სწორედ იქაა სტომა, რომელიც სითხეს იწოვს. ამისთვის გამოიყენეთ დაყენებული ან გამოხდილი წყალი, თორემ ფოთლებზე თეთრი ლაქები გაჩნდება.