თაიგული სადილზე: მოამზადეთ ბაღის და ველური მცენარეების ყვავილები საკვებად

296

ყვავილი არამხოლოდ ლამაზი, არამედ გემრიელიცაა. ადამიანებმა ბევრი მათგანი ჯერ კიდევ ძველი დროიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში გამოსცადეს. რა მოვამზადოთ ბაღის და ველური ყვავილებისგან?

ყვავილებისგან კერძებს ამზადებდნენ ძველ საბერძნეთსა და რომში, შუა საუკუნეების ევროპაში, ჩინეთსა და იაპონიაში. ყვავილებს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მიირთმევდნენ ლუდოვიკო XIV-ის დროში, რომელიც გურმანი გახლდათ და თავისი მზარეულების ხელოვნებას აქებდა. თანამედროვე ევროპული სამზარეულოც აქტიურად უმატებს საკვებ ყვავილს სხვადასხვა კერძში.

ბევრ მათგანს თქვენ ფანჯრის რაფაზე (ბეგონია, ჰიბისკუსი) და ბაღშიც იპოვით (შროშანი, დედოფლის ყვავილი, ტიტა, ბორაგო, ყვითელგულა), უახლოეს მინდორზე შეგიძლიათ მოკრიფოთ ბაბუაწვერა, სამყურა და ია. ერთბაშად ყველა საკვებ ყვავილზე საუბარი შეუძლებელია, ამიტომ შევჩერდეთ მათზე, რომლებიც თითქმის ყველა ნაკვეთზეა: ვარდები, დედოფლის ყვავილები, ყვითელი შროშანი.

ვარდის ფურცლების სიროფი

პირველად ვარდის ყვავილები ბავშვობაში გავსინჯე, პატარა კაფეში. ეს იყო ნაყინი ვარდის ფურცლების სიროფით. შემდეგ მისი მომზადება ვისწავლე – რეცეპტი საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა.

სიროფისთვის ვარდები მხოლოდ დილით უნდა მოკრიფოთ. თუმცა, დასაწყისისთვის, შეარჩიეთ შესაფერისი სახეობა. კონკრეტულ სახეობას ვერ გირჩევთ, რადგან ვარდის ათასობით სახეობა არსებობს. უბრალოდ გასინჯეთ ვარდის ფურცლები და საკუთარი გემოვნებით შეარჩიეთ საუკეთესო. რაც მთავარია, ფურცელი არ უნდა იყოს მწარე. ამაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას: არამხოლოდ სახეობა, არამედ ნიადაგიცა და კლიმატური პირობები. ხანდახან, საკმარისია ფურცლების ქვედა ნაწილის მოწყვეტა, რომ სიმწარე მოაშოროთ. შემდეგ მოათავსეთ ფურცლები შუშის ქილაში სწორ ფენებად, მოაყარეთ თითოეულ ფენას შაქარი და ოდნავ დაჭყლიტეთ, შედგით ბნელ, გრილ ადგილას. გარკვეული დროის შემდეგ, ფურცლები გამოყოფს წვენს, და თქვენ მიიღებთ სურნელოვან და ძალიან გემრიელ სიროფს, რომლითაც შეგიძლიათ მოამზადოთ შერბეთი, კომპოტი, კენკრის სოუსები და, რაღა თქმა უნდა, მორწყოთ საყვარელი დესერტი.

როგორ მოვამზადოთ ყვითელი შროშნის ყვავილები

ჩვეულებრივი შროშნის ყველა ნაწილი (გარდა ჰიბრიდულისა და გამოყვანილისა) საკვებად ვარგისია: ახალგაზრდა ფოთლები სალათისთვის, ზრდასრული – ბოსტნეულის რაგუსთვის. საკმაოდ დიდი ზომის ბოლქვები იხარშება და ითუშება. თუმცა, კულინარიაში ყველაზე უფრო აფასებენ შროშნის ყვავილებსა და მის მწვანე კვირტებს. ამიტომ, თუ ბაღში საკმაოდ ბევრი ყვავილი გაგეზარდათ, არ მოიშოროთ, მოკრიფეთ კვირტები და დაამწნილეთ, როგორც კიტრი. ხოლო გადამწიფებული ყვავილები შეგიძლიათ ყოველდღე შეაგროვოთ და, როცა 300 გრამს დააგროვებთ, მოთუშოთ ხახვთან და სტაფილოსთან ერთად. ან დაუმატეთ იგი ფლოვს, რაც აღმოსავლურ კერძს დამატებით არომატსა და გემოს ანიჭებს. 500 გ ბრინჯზე საჭიროა 250 გ ყვავილები. დაუმატეთ შემწვარ ხორცს, ხახვთან ერთად.

ანალოგიურად შეიძლება ყაბაყის, გოგრისა და ცუკინის ყვავილების მომზადებაც. შესანიშნავი კერძი გამოდის ყვავილები კლარში – ტემპურაში.

საკვები ყვავილები სალათში

დედოფლისა და გულყვითელას ყვავილებს სასიამოვნო გამამხნევებელი არომატი და ოდნავ მომწარო გემო აქვს. ისინი უხდება ყველსა და ხაჭოს, უმატებენ სალათებს, დესერტებს, ხორცის კერძებს. შეგიძლიათ, დედოფლის ყვავილები დაშაქროთ და მიირთვათ დესერტი ზამთარში. ამის გაკეთება ძალიან მარტივია. ათქვიფეთ კვერცხის ცილა 1 ს.კ. შაქართან ერთად, ფუნჯით წაუსვით ყვავილებს, მოაყარეთ გაცრილი შაქრის პუდრა, ჩამოფერთხეთ ზედმეტი შაქარი, აცადეთ გაშრობა, მოათავსეთ მშრალ განიავებად და ბნელ ადგილას. ასევე, შეგიძლიათ ყვავილები გაყინოთ ყინულის ფორმებში და ნებისმიერ სასმელს მიანიჭოთ ორიგინალურობა.

ბორაგოს (კიტრის ბალახის) მოცისფრო და ნაზი ყვავილებიც უხდება ბოსტნეულის სალათებს. სულ ცოტა ხნის წინ კი ერთი მუჭა ყვავილები და რამდენიმე ახალი ფოთოლი ვაშლის კომპოტსაც დავუმატე. შედეგი ნამდვილად გემრიელი გამოვიდა.

ყურადღება!

ყველა ყვავილის საკვებად გამოყენება არ შეიძლება – ზოგიერთი შხამიანიც შეიძლება იყოს.

ფრთხილად იყავით ცნობილ საკვებ ყვავილებთანაც. მიირთვით ისინი მცირე რაოდენობით, თორემ ალერგიას გამოიწვევს. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ყვავილების მირთმევა იმ შემთხვევაშიც, თუ ბაღი ცოტა ხნის წინ შხამქიმიკატებით დამუშავდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს