ძახველი: სასარგებლო თვისებები და რეცეპტები

2584
ფოტო: Светлана Бердник on Pixabay

ძახველი უჩვეულო მცენარეა, რომლის ყველა ნაწილი – ნაყოფი, მერქანი, ყვავილები – გამოიყენება საკვები და სამკურნალო მიზნებით. ამასთან, ძახველის ღირსებას არამხოლოდ ხალხური, არამედ ოფიციალური მედიცინაც აღიარებს.

ძახველის სასარგებლო თვისებები

ამ კენკრის საიდუმლო მის უნიკალურ ქიმიურ შემადგენლობაში მდგომარეობს. ნაყოფი შეიცავს 32%-მდე შაქარს, მიკროელემენტებსა და მინერალებს, დიდი რაოდენობით C, A, E, P და K ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, პექტინს, ტანინებს, გლიკოზიდ ვიბურნინს (იგი ძახველს სიმწარესა და სამკურნალო თვისებებს ჩუქნის) და სხვა მრავალ სასარგებლო ნივთიერებას. ძახველი დაგეხმარებათ:

  • გაციების, ყელის დაავადებისა და ფილტვების ანთების დროს;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს;
  • გულისა და სისხლძარღვების დაავადებების (ათეროსკლეროზი, ჰიპერტონიული და იშემიური დაავადება) დროს;
  • სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის შემცირებაში;
  • საშვილოსნოს სისხლდენის შეჩერებასა და ტონუსის მომატებაში;
  • ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, ნაღვლის გამომუშავების სტიმულაციაში;
  • წყალ-მარილის მიმოცვლის დარღვევების ჩაცხრობასა და ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნაში;
  • დიაბეტისა და ალერგიის დროს;
  • კანის ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა ფურუნკულოზი, ეკზემა და აკნე;
  • როგორც საერთოგამაძლიერებელი, ვიტამინებით სავსე საშუალება;
  • თავის ტკივილების დროს;
  • როგორც დამამშვიდებელი საშუალება (ნევროზის, ისტერიისა და ეპილეფსიის დროს).

აუცილებლად გახსოვდეთ ძახველის უკუჩვენებების შესახებაც. ესენია დაბალი წნევა, სისხლის მომატებული შედედებადობა და თრომბწარმოქმნისადმი მიდრეკილება, ფეხმძიმობა, თირკმლების დაავადება და პოდაგრა.

მცენარეები გაციების წინააღმდეგ

ძახველის ყვავილები

ძახველის ყვავილებს ყვავილობის დასაწყისში აგროვებენ. მათგან ამზადებენ ჩაის, ნახარშებსა და ნაყენს. ეს სასმელები აუმჯობესებს მადას, გამოიყენება, როგორც ოფლმდენი, სისხლის შემაჩერებელი, ანთების საწინააღმდეგო, მარტივი შარდმდენი და დამამშვიდებელი საშუალება. ზამთრისთვის ყვავილოვან ფუნჯებს აშრობენ ჩრდილში, ფანჩატურის ქვეშ, ან საშრობ აპარატში, და ინახავენ მშრალ, გრილ ადგილას. ძახველის ყვავილებისგან ამზადებენ ჩაის, ნაყენსა და ნახარშს. მიირთმევენ საკვების მონელების გასაუმჯობესებლად, გასტრიტის დროს, როგორც ამოსახველებელ და ოფლმდენ საშუალებას. ძახველის ნაყენით შეგიძლიათ ყელის გამოვლება, ჭრილობების ჩამობანა, აკნეს მკურნალობა.

ძახველის მერქანი

მერქანი გაზაფხულზე მზადდება, გვერდითა ტოტებში წვენის მოძრაობის დროს. არ შეეხოთ მთავარ ღეროსა და დიდ ტოტებს, რათა მცენარემ აღდგენა შეძლოს. გამოაშრეთ მერქანი სუფთა ჰაერზე, ფანჩატურში თხელ ფენად განლაგებული. ძახველის მერქნის ნახარში გამოიყენება, როგორც მაღალი სისხლის შემაჩერებელი საშუალება. იგი შეიცავს ბუნებრივ ანტისეპტიკებს, რომლებსაც მკუმშავი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვთ. ნახარშის გამოყენება შეიძლება გარეგანად, ჭრილობების ჩამოსარეცხად, ცხვირის სისხლდენის შესაჩერებლად (დასველებული ტამპონებით), სავლებად პაროდონტოზის, სტომატიტისა და ანგინის დროს.

ძახველის კენკრის რეცეპტები

ყველაზე მარტივი და სასარგებლოა – კენკრის გაყინვა ზამთრისთვის, ულუფებად. ზამთარში უბრალოდ გამოიღეთ პაკეტი საყინულედან და გამოიყენეთ ნებისმიერი კერძის მოსამზადებლად. თერმული დამუშავება, ისევე, როგორც გაყინვა, აუმჯობესებს კენკრის გემოს, თუმცა ანადგურებს სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების ნაწილს. გადამუშავებისას, ბევრისთვის უსიამოვნო სუნი ნაკლებად შესამჩნევი ხდება.

დაჭყლეტილი კენკრა

ძახველის კენკრა დაჭყლიტეთ საცრის გავლით. შეურიეთ თაფლს 1:1 თანაფარდობით, წონის მიხედვით, ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე, გადაანაწილეთ ქილებში, დაახურეთ და შეინახეთ გრილ ადგილას. შეგიძლიათ, ძახველის კენკრა დაუჭყლეტავად შეურიოთ თაფლს – მისი კურკებიც სასარგებლოა, თუმცა გემო ისეთი სასიამოვნო აღარ იქნება. კარგია თბილ წყალთან ან ჩაისთან ერთად მირთმევა, გაციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

ძახველი წვენში

ჩაალაგეთ კენკრა შუშის ქილებში, თანაბრად დაასხით თაფლი (დაახლოებით 500 გ თაფლი 1 კგ თაფზე), დაახურეთ მსუბუქად და შეინახეთ გრილ ადგილას. მიირთვით რამდენიმე კოვზი დღეში, როგორც პოლივიტამინური, გამაჯანსაღებელი, დამამშვიდებელი საშუალება. აუმჯობესებს საკვების მონელებას და აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

ვიტამინებით სავსე ჩაი

ძახველის, დათვის კენკრის, ასკილის, წითელი ცირცველის, შავი მოცხრის ხმელი ნაყოფები დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ სქელკედლიან კერამიკულ ჩაიდანში, დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ. აიღეთ 1 ს.კ. კენკრის მასა 1 ჭიქა მდუღარე წყალზე. მიირთვით არაუმეტეს 1-2 ფინჯანი ერთ მიღებაზე. დაუმატეთ თაფლი გემოვნებით. თუ გაყინულ კენკრას აიღებთ, სასმლის გემო განსხვავებული იქნება. ჩაი სასარგებლოა იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის დროს, როგორც რბილი დამამშვიდებელი საშუალება.

ძახველისა და ქაცვის (ასკილის, ცირცელის) სასმელი

ძახველისა და ქაცვის წვენები და თაფლი შეურიეთ 1:1:2 თანაფარდობით, გადაანაწილეთ შუშის ქილებში და შეინახეთ გრილ ადგილას. მოხმარებამდე გააზავეთ სუფთა ან მინერალურ წყალთან. მიიღებთ გემრიელ, ვიტამინებით სავსე სასმელს, რომელიც მოსწონთ ბავშვებს და ეხმარება მათ განვითარებაში, რადგან შეიცავს ყველა სასარგელო ვიტამინსა და მიკროელემენტს.

ძახველისა და ჟოლოს კისელი

თანაბარი რაოდენობით აიღეთ ძახველისა და ჟოლოს წვენები, დაუმატეთ წყალი და შაქარი გემოვნებით და გაათბეთ. გააზავეთ კარტოფილის სახამებელი ცოტაოდენ წყალთან, შეურიეთ ძირითად მასას. მორევით აადუღეთ მასა, ოღონდ არ ხარშოთ. საშუალო სისქის კისელისთვის დაახლოებით 40 გ, სქელისთვის კი – 70 გ სახამებელი დაგჭირდებათ 1 ლ სითხეზე. 1 ს.კ. დაახლოებით 30 გ კარტოფილის სახამებელს იტევს. გაგრილებული კისელი შეგიძლიათ ნაღებთან ან რძესთან ერთად მიირთვათ.

ვაშლისა და ძახველის მარმელადი

1 კგ ძახველი დაჭყლიტეთ საცერში, დაუმატეთ 1.5 კგ შემოდგომის გამომცხვარი, დაჭყლეტილი ვაშლი, 1.5 კგ შაქარი და ხარშეთ გასქელებამდე. შემდეგ, მასა გადაასხით საცხობ ფორმებში და აშრეთ ღუმელში 50-60 გრადუსზე. მზა მარმელადი დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად.

ხმელი კენკრის ნაყენი

1 ს.კ. ნაყოფი მოათავსეთ მინანქრის ან კერამიკულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და გაათბეთ ორთქლის აბაზანაზე 1-20 წუთით. გააგრილეთ, გადაწურეთ, დაუმატეთ თაფლი. დალიეთ 1/2 ჭიქა დღეში ორჯერ, ჭამის წინ, ჰიპერტონიული დაავადების დროს, როგორც დამამშვიდებელი საშუალება.

შტრუდელი ვაშლითა და ძახველის სოუსით

ინგრედიენტები

  • 4 ფირფიტა ფილოს ცომი
  • 3 მწვანე ვაშლი
  • 1 მუჭა ძახველი
  • 2 ფორთოხალი
  • 100 გ შაქარი
  • 4 ს.კ. ნუშის ფქვილი
  • 3 ს.კ. დაფქული ტოსტი
  • ერბო ან კარაქი
  • 150 გ ძახველი (სოუსისთვის)
  • 60 გ შაქარი (სოუსისთვის)
  • თაფლი

გაფცქვენით და დაჭერით ვაშლი საშუალო კუბებად. ფორთოხალიც გათალეთ, გააცალეთ რბილობს თეთრი ფენები. შეწვით ვაშლი კარაქში 10 წუთით, დაუმატეთ ძახველი, შაქარი, ფორთოხლის ცედრა და რბილობი, თუშეთ 5 წუთით. დაუმატეთ ნუშის ფქვილი და დაფქული გახუხული პური გააცხელეთ. წაუსვით ცომის თითოეულ ფირფიტას ერბო ან კარაქი, დაალაგეთ გულსართი, დაახვიეთ რულეტად და დაამაგრეთ კიდეები. ზემოდან წაუსვით კარაქი. აცხვეთ 10 წუთით 200°С-ზე. სოუსისთვის, ძახველი მოათავსეთ სქელძირიან ქვაბში, დაუმატეთ შაქარი, თაფლი და 50 მლ წყალი, აადუღეთ და ხარშეთ 15 წუთით. შემდეგ ათქვიფეთ ბლენდერში და გადაწურეთ საცერში. მიირთვით შტრუდელებთან ერთად.

მატონიზებელი ნიღაბი

შეურიეთ ძახველის წვენი, თაფლი, ათქვეფილი ნაღები, კეფირი და წვრილი შვრია. წაისვით სახესა და დეკოლტეზე, მოერიდეთ თვალის გარშემო მონაკვეთს. 15-20 წუთში ჩამოიბანეთ. ნორმალური კანისთვის შეგიძლიათ საღამოობით, კვირაში 1-2-ჯერ დაიტანოთ ნიღაბი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს