ბორშის კონსერვის რეცეპტი უნდა იცოდეს მან, ვისაც უყვარს ბევრი საქმის ერთბაშად გაკეთება, შემდეგ კი შედეგით დიდხანს ტკბობა. ეს უგემრიელესი კერძი მთელი წლის განმავლობაში გეყოფათ. მთავარი კი ისაა, რომ მისი გამოყენებით ბორშის მომზადება ძალიან სწრაფი და მარტივი პროცესი გახდება. 15 წუთში უკვე სუფრაზე გატანა შეგეძლებათ.
ბორშის კონსერვის რეცეპტი
თუ ნაკვეთი გაქვთ, ალბათ, იცით, რომ მთელი მოსავალი მაინცდამაინც სახარბიელო არაა. ზოგიერთი ბოსტნეული ზედმეტად წვრილი ან დახვეულია. გადასაგდებად მაინც არ გვემეტება ხოლმე.
სწორედ ასეთი ბოსტნეულისგან უნდა მოამზადოთ კონსერვი, რამდენადაც ნამდვილ დიასახლისებს არაფერი უნდა გაუფუჭდეთ! განსაკუთრებით, თუ გაითვალისწინებთ, რამდენ ოფლს ღვრიდით ზაფხულში ამ ნაკვეთზე.
მაშ ასე, ამ შესანიშნავი კონსერვის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სამზარეულოს გარკვეული ინვენტარი. მაგალითად, საკმაოდ დიდი ზომის ალუმინის თასი ან უჟანგავი ფოლადის ვარცლი. წინასწარ გაფრთხილებთ, რომ მინანქრიან ჭურჭელში კერძი მიიწვება.
აგრეთვე, დაგჭირდებათ სამზარეულოს კომბაინიც. იგი აუცილებლად მრავალფუნქციური არ უნდა იყოს. საჭიროა მხოლოდ ორი თავაკი: სახეხი და ხახვის საჭრელი დანა. თუ კომბაინი არ გაქვთ, მოგიხდებათ ხელის სახეხისა და დანის გამოყენება.
ბორშის კონსერვი
ინგრედიენტები:
- 1 კგ ხახვი
- 1 კგ სტაფილო
- 3 ბულგარული წიწაკა
- 1 კგ ჭარხალი
- 1 თავი ნიორი
- 0.5 ლ ზეთი
- 2 ს.კ. მარილი
- 2 ს.კ. შაქარი
- 5 ს.კ. ტომატ-პასტა
- 1 ჩ.კ. ლიმონმჟავა ან წვენი
მომზადება
1. პირველ რიგში, გაასტერილეთ ნახევარლიტრიანი ქილები. გთავაზობთ ამის გაკეთებას მიკროტალღურ ღუმელში – შედგით ცარიელი ქილა ღუმელში 3 წუთით. პრაქტიკის წლებით დამტკიცდა, რომ ღუმელი არ ფუჭდება, ქილებიც არ სკდება.
2. ახლა შეუდექით ბოსტნეულის მომზადებას. თუ სტაფილო ახალი, თუმცა ძალიან წვრილი და დახვეულია, შეგიძლიათ არ გაფცქვნათ. უბრალოდ კარგად გახეხეთ მეტალის ღრუბლით, ჭუჭყი რომ არ დარჩეს. დანარჩენი ბოსტნეული გაფცქვენით.
3. ამის შემდეგ, დაიწყეთ ბოსტნეულის დახეხვა ხელით ან კომბაინით. პირველ რიგში, დააქუცმაცეთ პომიდორი, შემდეგ წიწაკა, სტაფილო და ჭარხალი. ეს ყველაფერი ჩაყარეთ დიდ ალუმინის თასში.
4. შემდეგ შეცვალეთ კომბაინის თავაკი დანით, ანუ, უფრო წვრილად რომ დააფქვიოს. გაატარეთ მასში ხახვი და მთელი თავი ნიორი. თუმცა, ეს ბოსტნეული დანარჩენს არ დაუმატოთ, ცალკე თასში მოათავსეთ. ეს მნიშვნელოვანია!
5. ახლა დაუმატეთ ჭარხლიან მასას შაქარი, მარილი, ტომატ-პასტა და ზეთი. აგრეთვე, მოაყარეთ ცოტაოდენი ლიმონმჟავა. იგი ძალიან საჭიროა, ბოსტნეული დიდხანს ახალივით რომ დარჩეს და ჭარხალმა ფერი არ შეიცვალოს.
6. დადგით ცეცხლზე ჭარხლის თასი. ხარშეთ 30 წუთით, რეგულარულად ურიეთ. მხოლოდ ამის შემდეგ დაუმატეთ ხახვი და ნიორი და ხარშეთ კიდევ 30 წუთით.
7. სანამ თასი ჯერ კიდევ ცეცხლზეა, შეგიძლიათ ქილებში გადაანაწილოთ. მოხუფეთ ქილები, გადააბრუნეთ და შეახვიეთ საბანში. დაელოდეთ სრულ გაგრილებას.
გამოყენება
ამ ინგრედიენტების რაოდენობით მიიღებთ 9 ნახევარლიტრიან ქილას. ასეთი ქილები მოსახერხებელია ერთი ქვაბი ბორშის მოსამზადებლად. სურვილისამებრ, კონსერვის მირთმევა შეგიძლიათ სალათის სახით, პურთან ერთად.