არასდროს შევწყვეტ გაოცებას, თუ რამდენი საერთო აქვს თურქულ და ჩვენს სამზარეულოს. აღმოჩნდა, რომ ფარშირებული წიწაკა თურქულად არსებობს! რეცეპტი მეგობარმა ჩამომიტანა, რომელიც ცხელ ქვეყანაში დასასვენებლად ხშირად დადის და იქ ადგილობრივებს ეცნობა. ახლა მას არანაკლებ ხშირად ვამზადებ, ვიდრე ჩვეულებრივ ფარშირებულ წიწაკას!
მწვანილად უმჯობესია გამოიყენოთ ოხრახუში და ქინძი. ექსპერიმენტების ჩატარებას და სხვა მწვანილის დამატებას არავინ გიკრძალავთ. კერძი სუფრაზე არა ტრადიციულ არაჟანთან, არამედ იოგურტთან ერთად გაიტანეთ. ძალიან უჩვეულო და გემრიელი გამოვა!
ინგრედიენტები:
- 8 ბულგარული წიწაკა
- 2 პომიდორი
- 1 სტაფილო
- 1 ხახვი
- 400 გრ ძროხის ხორცი
- 100 გრ ბრინჯი
- 150 მლ წყალი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 1 დაფნის ფოთოლი
- მწვანილი გემოვნებით
- მზესუმზირას ზეთი გემოვნებით
- შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
- პაპრიკა გემოვნებით
მომზადება:
1. სტაფილო გაასუფთავეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ, ხახვი კუბებად დაჭერით. ტაფაზე მცენარეული ზეთი გაახურეთ და ხახვი ნახევრად გამჭვირვალებამდე შეწვით. შემდეგ სტაფილო დაუმატეთ და კიდევ 2 წუთით მოამზადეთ.
2. ტაფაზე ფარში დაამატეთ და ბოსტნეულთან ერთად 2-3 წუთით შეწვით. ახლა გარეცხილი ბრინჯი დაუმატეთ და აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ მარილი, წიწაკა და ტკბილი პაპრიკა. წყალი დაასხით, აურიეთ, თავსახური დაახურეთ და ბრინჯის მომზადებამდე, დაახლოებით 10-15 წუთით თუშეთ. შიგთავსს დაჭრილი მწვანილი დაუმატეთ.
3. ბულგარულ წიწაკას ყუნწები მოაშორეთ და თესლისგან გაწმინდეთ. პომიდორი რგოლებად დაჭერით. ბულგარული წიწაკა შიგთავსით გაავსეთ და პომიდვრის „ნაჭრებით“ დაფარეთ. ცხიმწასმულ ტაფაზე მოათავსეთ.
4. წიწაკას მცენარეული ზეთი წაუსვით და ცოტა წყალი დაასხით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50 წუთით აცხვეთ. მომენტი არ გამოგრჩეთ, როცა წიწაკა შეწითლებას დაიწყებს, გამოსული წვენი წაუსვით. ფოლგა დააფარეთ და მომზადება გააგრძელეთ.
ამავე დაქალისგან გავიგე, რომ თურქეთის ზოგიერთ რეგიონში ფარშირებულ წიწაკას დიდ ქვაბში ამზადებენ. ბოსტნეულს გვერდზე ჭრიან, რომ შიგთავსით გაავსონ. გარდა ამისა, თურქულ ეროვნულ სამზარეულოში ხორცს ხშირად ერიდებიან, ამიტომ გავრცელებულია ვეგეტარიანული წიწაკის რეცეპტი. ფარშს ოსპით ანაცვლებენ. აუცილებლად სცადეთ!