ჩვენს ოლივიეზე ლეგენდები დადის! რას აღარ მოისმენთ: იმას, რომ იგი ნამდვილი არაა და მასში ლობსტერები უნდა იიყოს, რომ ესაა საკვები მივიწყებული ღარიბებისთვის, რომ ამ სალათის ჭამა საერთოდ როგორ შეიძლება. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ბარდისა და ძეხვის ოლივიეზე უკეთესი არაფერია.
ეს ტრადიციული საახალწლო კერძია. წარმოუდგენელია, არ გაგვახსენდეს იგი, როცა საუბარი ახალ წელზეა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა იქნება სუფრაზე. რაღა თქმა უნდა, ოლივიე! Paparazzi.ge-ის რედაქცია გიამბობთ, თუ რატომ აფრთხობს ეს სალათი უცხოელებს, ბოლოს კი გაგაცნობთ კლასიკურ რეცეპტს, აი იმას, საახალწლოს.
ოლივიე ბარდითა და ძეხვით
ჩვენი ოლივიე უცხოელებს აშინებს. მათთვის სალათი, პირველ რიგში, ნედლი ბოსტნეული, ხილი და მწვანილია, რომელსაც ზეითუნის ზეთს ასხამენ. აი, რა არის სალათი. და არა ეს საშინელი მოხარშული ბოსტნეული, რომელსაც ცხიმიან მაიონეზს ასხამენ. საშინელებაა! ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მაიონეზის ბრალია: იქ მას სულ სხვანაირი გემო აქვს.
საზღვარგარეთ, ოლივიეს რუსულ სალათს უწოდებენ. ვინც მანამდე მას არ შეხვედრია, სიფრთხილით უყურებს ხოლმე. “ყველაფერი ფაფად აქციეს, მაიონეზი მოასხეს და ჭამენ. ფუ!” მოკლედ, ჰო, ასე გამოიყურება ყველაფერი. პირველ კოვზამდე. ჯერ გულისრევა, შემდეგ გაკვირვება, ბოლოს კი აღტაცება და მიღება. “ო, ღმერთო! უგემრიელესია!”
სხვადასხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, რაღაც მსგავსი მოიპოვება. რაღაც ასეთს ამზადებენ საბერძნეთში, თუმცა, თავად ბერძნებს რუსული ოლივიე ძალიან მოსწონთ. სხვებსაც უკვირთ, თუ რამდენად მსუყე, პრაქტიკული და გემრიელია ეს კერძი.
სპეციალურად თქვენთვის, საწყისი, კლასიკური რეცეპტი მოვძებნეთ. საექიმო ძეხვი, მაიონეზი “პროვანსალი” და მჟავე კიტრი. მწვანე ბარდა რბილი უნდა იყოს, კვერცხი – მაღაზიის. გახსოვთ, კვერცხის გული მოლურჯო რომ იყო? აი, ასეთივეს გამოყენებაა სასურველი, სველი ქვიშასავით რომ იშლებოდეს. დამიჯერეთ, ყველა დეტალი მნიშვნელოვანია!
ინგრედიენტები:
- 4 კარტოფილი (საშუალო ზომის)
- 1 სტაფილო (ისიც საშუალო)
- 4 კვერცხი
- 300 გ მოხარშული “საექიმო” ძეხვი
- 1 ქილა დაკონსერვებული რბილი ბარდა (200 გ)
- 200-300 გ მაიონეზი “პროვანსალი”
- 3-4 ც საშუალო მჟავე კიტრი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
- მოხარშეთ კარტოფილი, სტაფილო და კვერცხი, გააგრილეთ და მოემზადეთ დასაჭრელად.
- დააქუცმაცეთ ყველა ინგრედიენტი მცირე კუბიკებამდე, კიტრი ოდნავ დაწრიტეთ, სალათში ზედმეტი სითხე რომ არ გაჩნდეს. გადაწურეთ ბარდაც.
- ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში, მოურიეთ და დაუმატეთ მაიონეზი. ახლა კიდევ ერთხელ მოურიეთ და შედგით ოლივიე მაცივარში 1 საათით. მზადაა!
მაიონეზი “პროვანსალი”
საბჭოთა სალათის საკვანძო ინგრედიენტი, რაღა თქმა უნდა, საბჭოთა მაიონეზია. სწორედ ის აქცევს ჩვეულებრივ ინგრედიენტებს არაჩვეულებრივ კერძად. რა თქმა უნდა, მას ახლა ვერსაც იპოვით, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავად ვერ შეძლებთ მის მომზადებას. ჩვენ რეცეპტი გვაქვს!
ინგრედიენტები:
- 150 მლ ზეთი
- 2 უმი კვერცხის გული
- 1/2 ჩ.კ. მდოგვი
- 1 ს.კ. 9%-იანი ძმარი
- 1/2 ჩ.კ. შაქარი
- 1/3 ჩ.კ. მარილი
მომზადება
- მოათავსეთ კვერცხის გულები, მარილი, მდოგვი და შაქარი ერთ თასში, ათქვიფეთ ყველაფერი ხელის ბლენდერით, სანამ მარილი და შაქარი სრულად არ გაიხსნება. დაუმატეთ ზეთი.
- შეარჩიეთ ზეთი, რომელსაც სუნი არ ექნება. უკეთესი იქნება, თუ არც გამოკვეთილი გემო ექნება. დაუმატეთ თანდათან, მცირე ნაკადით, კარგად რომ გაიდღვიბოს. თუ ერთბაშად ჩაასხამთ, მასა დაჯდება.
- ათქვიფეთ თანდათან, უმატეთ ზეთი თითო კოვზით. როცა შესქელდება, უფრო ინტენსიურად დაუმატეთ ზეთიც. შემდეგ ჩაასხით ძმარი და თქვიფეთ კიდევ ერთი წუთით. მაიონეზი მზადაა.
მაიონეზის გამოსწორებაც შეიძლება. თუ იგი არაა საკმარისად სქელი, ესე იგი, მეტი ზეთი უნდა დაუმატოთ. თუ ზედმეტად სქელია, გააზავეთ მდუღარე წყლით, ოღონდ ფრთხილად! რატომაა რეკომენდებული მაღაზიის კვერცხი? იმიტომ, რომ ნაკლებია უხარისხო პროდუქტის შეძენის რისკი და უსიამოვნო შედეგები. შეგახსენებთ, რომ სახლში მომზადებული მაიონეზი არაუმეტეს 5-7 დღე ინახება.