რა არის ქართული კულინარია? ეს არის უამრავი სანელებელი, სხვადასხვა ფორმით შემწვარი ხორცი, არომატული ცომეული და რა თქმა უნდა, მწვანილი. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართულ სუფრაზე. მწვანილს და ბოსტნეულს ხომ ყველაფერზე აყოლებენ საქართველოში. პაპარაცის რედაქცია დღეს ქართული სამზარეულოდან საინტერესო ექსპერიმენტებს გთავაზობთ.
მოიმარაგეთ ქინძი, კაკალი, წიწაკა – ეს სამი მთავარი ინგრედიენტი და მოგვყევით.
სალათა ქათმის ღვიძლით
როგორც წესი, გლეხური სალათა ხორცით არ კეთდება. კიტრი, პომიდორი, ხახვი, მწვანილი, გატარებული ნიგოზი – სულ ეს არის. ქათმის ღვიძლით იგივე სალათა ორიგინალური და გემრიელი გამოდის. ცადეთ, არ ინანებთ.
ინგრედიენტები:
- 500 გრ. ქათმის ღვიძლი
- 350 გრ. პომიდორი
- 60 გრ. წითელი ღვინო
- 2 კბილი ნიორი
- 2 ს/კ პურის ფქვილი
- 2 ს/კ ზეთი
- 1 ჩ/კ შავი პილპილი
- 30 გრ. ქინძი
- მწარე წიწაკა გემოვნებით
- ბროწეული
- 50 გრ. ნიგოზი
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი
- დასაწყისისთვის მოამზადეთ ღვიძლი. მოაჭერით ზედმეტი ნაწილები და შეაშრეთ ქაღალდის ხელსახოცით, მოაყარეთ ფქვილი და შეწვით ცხელ ზეთში ორივე მხრიდან სამ-სამი წუთი.
- მსხვილად დაჭერით პომიდორი, რგოლებად ხახვი, ხოლო ქინძი წვრილად მოაჭერით. დაუმატეთ გახეხილი ნიორი, გატარებული ნიგოზი, მარილი და ზეითუნის ზეთი. აურიეთ.
- დაუმატეთ მიღებულ ნარევს შემწვარი ქათმის ღვიძლი და დადგით 10 წუთით. ბოლოს მოაყარეთ ბროწეული და გემრიელად მიირთვით!
კლასიკური გლეხური სალათა
აქ უკვე მეტი გატარებული ნიგოზი დაგჭირდებათ, არ დაინანოთ!
- 750 გრ. პომიდორი
- 260 გრ. კიტრი
- 100 გრ. ნიგოზი
- 80 გრ. წითელი ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 0,25 მწარე წიწაკა
- 2 ჩ/კ ღვინის ძმარი
- 2 ს/კ ზეთი
- 1 ჩ/კ დაფქული ქინძი
- 10 გრ. ოხრახუში
- 10 გრ. რეჰანი
- 2 ღერი მწვანე ხახვი
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი
- მოამზადეთ ნიგვზიანი სუნელი. დაჭერით პომიდორი, ჩააგდეთ ბლენდერში ნიგოზთან ერთად, დაუმატეთ რეჰანი, ქინძი, მარილი, ნიორი, ძმარი, დაფქული ქინძი, და ზეთი. დააბლენდერეთ ფაფისებური მასის მიღებამდე.
- დაჭერით პომიდორი კუბიკებად, კიტრი და წითელი ხახვი ნახევარწრეებად, მოაჭერით მწვანე ხახვი წვრილად და ფრთხილად აურიეთ.
- მოასხით ნიგვზიანი სოუსი და თავზე მოაყარეთ მწარე წიწაკა.
აწეწილი სალათა
ამ სალათში ხორცი არ იჭრება, იწეწება ხელით და ისე ერევა.
ინგრედიენტები
- 400 გრ. ქათმის ფილე
- 700 გრ. ბადრიჯანი
- 500 გრ. ბულგარული წიწაკა
- 150 გრ. ხახვი
- 120 გრ. ნიგოზი
- 2 ჩ/კ აჯიკა
- 40 გრ. ქინძი
- 4 კბილი ნიორი
- 5 ს/კ ძმარი
- ხმელი სუნელი
- მწარე წიწაკა
- ბროწეული
- მარილი
მომზადების წესი:
- აიღეთ ქათმის შებოლილი მკერდი, გემოს სიმკვეთრისთვის, ან როგორზეც ხელი მიგიწვდებათ – მოხარშული ან ღუმელში გამომცხვარი მარილით და პილპილით.
- დაამარინადეთ ხახვი: დაჭერით რგოლებად, შეურიეთ აჯიკა და ღვინის ძმარი.
- პილპილი და ბადრიჯანი დაჩხვლიტეთ ჩანგლით და შედგით ღუმელში 200 ნახევარი საათის განმავლობაში.
- ქათმის ფილე დაწეწეთ ხელით და შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები: დაჭრილი ბოსტნეული, მწარე წიწაკა, გახეხილი ნიორი და დამტვრეული კაკალი. მოაყარეთ მარილი, ბროწეულის სოუსი, კარგად აურიეთ და მორთეთ ბროწეულის მარცვლებით.
მრავალფეროვანი ინგრედიენტები და საოცრად გაჯერებული გემო. გასაკვირი არც არის, რომ ეს სალათები დიდი პოპულარობით სარგებლობს. გემრიელი და უბრალოა ერთდროულად. ქინძის გემოს სიმძაფრე არეგულირეთ თქვენი სურვილის მიხედვით.