მახსოვს, შორეულ ბავშვობაში, როგორ ამზადებდა ბებია მარმელადს, ახლახან შემთხვევით მისი რეცეპტი ვიპოვე, შევეცდები გამეორებას

1057

ამ დღეებში წიგნების კარადის თაროები დავალაგე და ბებიაჩემის რეცეპტების წიგნის გადაფურცვლისას, განყოფილებაში “პროდუქტების დაკონსერვება” შემხვდა – Jabłkowa marmolada (ვაშლის მარმელადი) – ასე დაასათაურა ბებიამ რეცეპტი, რომელმაც რამდენიმე ენაზე იცოდა წერა-კითხვა, მაგრამ ყოველთვის მხოლოდ პოლონურად წერდა – მშობლიურ ენაზე. ოდნავ გაყვითლებულ უჯრიან ფურცელზე, მან დეტალურად აღწერა, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ ვაშლის მარმელადი.

როგორ მოვამზადოთ მარმელადი სახლში

გეტყვით, რომ პალინა ბებიამ შესანიშნავად იცოდა არა მხოლოდ მარმელადის მომზადება, არამედ ძალიან კარგი მზარეული იყო, ხელსაქმეც კარგად ეხერხებოდა და საოჯახო საქმეებსაც ოსტატურად უძღვებოდა.

ოჰ, რამდენი რამის მოყოლა შემიძლია მასზე! ის მსოფლიოში საუკეთესო ბებია იყო… მაგრამ ახლა ჩვენ მოვამზადებთ შინაურულ მარმელადს, რათა როცა ვაშლის გულუხვი მოსავლის დრო მოვა, ვიცოდეთ, როგორ მოვიმარაგოთ ხელმისაწვდომი და გემრიელი შიგთავსი ნამცხვრებისთვის და როგორ მოვამზადოთ ჯანსაღი ტკბილეული სახლში.

სახლში მომზადებული ტკბილეულის სარგებელი

იცით, რატომ არის სასარგებლო სახლში მომზადებული მარმელადი? იმიტომ რომ მის მოსამზადებლად გამოიყენებენ ხილს და კენკრას პექტინის მაღალი შემცველობით – ნივთიერების, რომელსაც დიეტოლოგები ორგანიზმის სანიტარს უწოდებენ. პექტინი ხელს უწყობს მავნე ქოლესტერინის, რადიონუკლიდების და ტოქსინების გამოდევნას. მარმელადისთვის იდეალურია ვაშლი (და საუკეთესოა ანტონოვკა) .

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გარგარი, შავი მოცხარი, ქლიავი, შვინდი, კოწახური, მოცვი, ქაცვი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მარმელადისთვის ოპტიმალური ფუძე იქნება ვაშლის პიურე, სადაც სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ 8-10%-მდე სხვა ხილისა თუ კენკრის პიურე.

ამაზე მარტივ რეცეპტს ვერ იპოვით

ბებიაჩემის რეცეპტზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, ახლა კი ყველაზე მარტივი მარმელადის რეცეპტი, რომლის მომზადებაც კვირაში რამდენჯერმე შეგიძლიათ და რის წყალობითაც თავიდან აიცილებთ ძვირადღირებული ტკბილეულის ყიდვას.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 500 გრამი მწიფე ვაშლი;
  • 180 გრამი შაქარი;
  • 400 მლ წყალი;
  • 200 გრამი ჟელატინი.

მომზადების წესი:

1. გარეცხილ ნაყოფს ფცქვნით და თესლისგან ასუფთავებთ. კანი შეიცავს ყველაზე მეტ პექტინს, შესანიშნავ გამასქელებელს, ამიტომ კანს არ გადაყრით, არამედ წყალს აადუღებთ და კანს 15 წუთის განმავლობაში მოხარშავთ. წვენს სწრაფად გააგრილებთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყინულიანი წყალი.

2. ას მილილიტრ ვაშლის გაცივებულ წვენში ალბობთ ჟელატინს. აცადეთ, რომ კარგად აფუვდეს.

3. გაფცქვნილი ვაშლი წვრილად დაჭერით და ხარშეთ წვენში, სანამ არ დარბილდება. შემდეგ ათქვიფეთ ბლენდერით ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე.

4. პიურეს დაუმატეთ შაქარი და ხარშეთ სითხე სქელ ძირიან ქვაბში – სითხის ასაორთქლებლად. ეს არის ყველაზე შრომატევადი ნაწილი მთელ პროცესში, რადგან 40 წუთის მანძილზე განუწყვეტელ მორევას მოითხოვს, რათა პიურე არ დაიწვას და რაც შეიძლება მეტი სითხე აორთქლდეს.

5. მიკროტალღურ ღუმელში ადნობ აფუებულ ჟელატინს და ამატებ პიურეს, ძალიან კარგად ურევ.

6. სილიკონის ფორმებში ჩაფინეთ საკვების ფირი და პიურეთი შეავსეთ. გააჩერეთ გასაცივებლად.

თუ ფორმები არ გაქვთ, მაშინ ცხელი პიურე დაასხით პერგამენტ დაფენილ საცხობ ფირფიტაზე. გაასწორეთ ზედაპირი და დაელოდეთ მარმელადის გამკვრივებას. შემდეგ კუბებად დაჭერით და ამოავლეთ შაქარში. შესანიშნავი ტკბილეული მზად არის!

ბებიის რეცეპტი: როგორ მოვამზადოთ მარმელადი სახლში

ბებიის რეცეპტში კი ინგრედიენტების რაოდენობა და მომზადების ტექნოლოგია განსხვავებულია, რადგან ის მარმელადს ზამთრისთვის ამზადებდა და არა კანფეტის სახით. იმ დროს არც ბლენდერი იყო და არც მიკროტალღური ღუმელი.

ბებია მარმელადს დიდ ქვაბში სამ ეტაპად ამზადებდა, ჟელატინის ან აგარ-აგარის დამატების გარეშე. სამაგიეროდ, დარიჩინით და ვანილით.

ინგრედიენტები ერთი პორციისთვის:

  • 3 კგ ანტონოვკა ვაშლი;
  • 2 კგ შაქარი;
  • წყალი (ვაშლის დასაფარად);
  • 1-2 ცალი დარიჩინის ჩხირი;
  • ვანილი გემოვნებით.

მომზადების წესი

1. გარეცხილ ვაშლს ასუფთავებდა, ასხამდა ცხელ წყალს და დარბილებამდე ადუღებდა. წვენს სხვა ჭურჭელში წურავდა, ვაშლს კი – ხის კოვზით ატარებდა საცერში.

2. შემდეგ პიურეს შაქარს აყრიდა, ასხამდა ცოტაოდენ წვენს (ასე შაქარი უფრო სწრაფად დნება) და ხარშავდა 30 წუთის განმავლობაში, მუდმივად მორევით. მარმელადს ცეცხლიდან რომ გადადგამდა, ქვაბს მარლას აფარებდა, რათა სახურავიდან წყლის წვეთები ხილის პიურეში არ მოხვედრილიყო.

3. მეორე და მესამე დღეს ამ ყველაფერს იმეორებდა, მაგრამ მეორედ ადუღებისას დარიჩინის ჩხირს უმატებდა. ფინალურ ეტაპზე, დარიჩინის ჩხირს იღებდა და ცოტაოდენ ვანილს უმატებდა. მარმელადს მუდმივად ურევდა, სრულ მომზადებამდე.

4. მზად იყო თუ არა მარმელადი, ამას ცივ თეფშზე მისი ერთი წვეთის დაწვეთებით ამოწმებდა. თუ წვეთი არ იშლებოდა, არომატულ გამჭვირვალე მარმელადს სტერილურ ქილებში ასხამდა და თავსახურით ხუფავდა.

ვაშლი ბევრი იყო და მარმელადი მთელი სექტემბერის მანძილზე მზადდებოდა. შრომატევადი საქმე იყო, მაგრამ ზამთარში მდიდრული ვაშლის არომატი და დახვეწილი მომჟავო-ტკბილი გემო ზაფხულის გულუხვობას აგონებდა… სცადეთ ამ ტკბილეულის მომზადება. თუმცა, ნამდვილი საგანძური, როგორც ჩანს, არა მარმელადი და მისი რეცეპტი, არამედ ჩვენი ბებიების კომპანიაში გატარებული ბავშვობაა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს