ოჰ, რა სიცხეა! ამ დღეებში მეზობელს შევხვდი. ის ახლახან დაბრუნდა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან: ნათესავთან იყო, ესტონეთში.
-მოდი, ჩემთან წავიდეთ. ისეთი კერძი მაქვს ქაშაყით, ალბათ არასოდეს გაგისინჯავს! ასეთ პერიოდში ის ნებისმიერ აკროშკაზე უკეთესია, თავად ნახავ…
ხემსი ქაშაყით
და მიუხედავად იმისა, რომ ქაშაყი ალბათ ბოლო იყო, რაც მაშინ მინდოდა, მასთან მაინც წავედი. ვფიქრობდი, რომ იქ ორიოდე წუთს გავჩერდებოდი, მაგრამ ისე საინტერესოდ ყვებოდა და ქაშაყის ხემსი (ესტონელები მას ტარეტისს ეძახიან) მართლაც ისეთი გემრიელი იყო, რომ ვერ შევამჩნიე, როგორ გაფრინდა რამდენიმე საათი საუბარსა და გემრიელი ხემსის მირთმევაში.
ტარეტისი – ჟელე ან ლაბა ესტონურად. მეზობელმა მიამბო, თუ როგორ მზადდება ეს უჩვეულო ქაშაყის კერძი.
მან ორი რეცეპტი ჩამოიტანა: კერძი უფრო ნაზი შინ მომზადებული იოგურტით გამოდის, ტრადიციულად კი ქაშაყის ტარეტი მზადდება ჟელესთვის მაღალცხიმიანი არაჟნის გამოყენებით. მის მოსამზადებლად ქაშაყი უნდა აიღოთ ორჯერ მეტი, ხოლო არაჟანი – ნაკლები.
ამ შემთხვევაში გემო ბევრად უფრო გამოხატული და უფრო გაჯერებულია. ნათელია, რომ ცხელი პერიოდისთვის უფრო შესაფერისია “მსუბუქი” ვარიანტი. სცადეთ მისი მომზადება. გარდა ამისა, ზაფხულში ჟელე კიდევ უფრო სასარგებლოა, ვიდრე ზამთარში, რადგან ჟელატინში შემავალი კოლაგენი იცავს არა მხოლოდ კუნთოვან სისტემას, არამედ თმას, ფრჩხილებს და კანს ნაადრევი დაბერებისგან.
ქაშაყის კერძი: როგორ მოვამზადოთ
თუ ქაშაყის კერძი მოგეწონებათ თქვენ და თქვენს ახლობლებს, ცივ ამინდში შეგიძლიათ ის არაჟნის ჟელეთი მოამზადოთ.
ინგრედიენტები
- 1 მსუბუქად დამარილებული ქაშაყის ფილე;
- 360–400 გ შინ მომზადებული ან სალათის იოგურტი;
- 1 კონა ახალი მწვანე ხახვი;
- 1 კონა ახალი კამა;
- 1 კიტრი;
- 1 ჩ.კ. ჟელატინი;
- 0,5 ჭიქა წყალი;
- მარილი გემოვნებით;
- შავი პილპილი გემოვნებით;
- 1,5 ლიტრი რძე (იოგურტისთვის);
- 2 შეფუთვა იოგურტის საკვეთი.
მომზადების წესი
1. რა თქმა უნდა, იოგურტი წინასწარ უნდა მომზადდეს. ჩვეულებრივ, 1 ლიტრ რძეზე, იღებენ 1 შეფუთვა საკვეთს. მაგრამ ტარეტისის მოსამზადებლად უმჯობესია იოგურტი უფრო სქელი იყოს, ასე რომ შეგიძლიათ ცოტა მეტი საკვეთის გამოყენება. ჩაყარეთ თასში საკვეთი, დაასხით რძე და ურიეთ სანამ მთლიანად არ გაიხსნება.
2. ჩაასხით 200 მილილიტრი მოცულობის ქილებში და გააჩერეთ 12 საათის განმავლობაში. მეორე დღეს მხოლოდ ორი ქილა იოგურტი დაგჭირდებათ, დანარჩენი შეგიძლიათ მიირთვათ სალათთან ერთად ვახშამზე ან საუზმეზე. ამასთანავე, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ იყიდოთ მზა იოგურტი.
3. ჟელატინს დაასხით ადუღებული და გაციებული წყალი და გააჩერეთ 20-25 წუთის განმავლობაში. წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი და კამა (მყარი ღეროების გარეშე). კიტრი პატარა კუბებად დაჭერით და საცერში მოათავსეთ, რათა ზედმეტი სითხე გაუვიდეს.
4. საჭრელ დაფას საკვების ფირი შემოახვიეთ და ქაშაყის ფილე ნაჭრებად დაჭერით. სხვათა შორის, ქაშაყის სუნის მოშორება ჭურჭლიდან, ხელებიდან და სხვა ზედაპირებიდან ლიმონის ან ძმრის მეშვეობით შეგიძლიათ.
5. ამოსული ჟელატინი დადგით წყლის აბაზანაზე, ურიეთ და თითქმის ადუღებამდე მიიყვანეთ. ის არ უნდა ადუღდეს, თორემ ჟელე არ გამკვრივდება. ცხელი ჟელატინი ცეცხლიდან გადმოდგით და აცადეთ, რომ ოდნავ გაცივდეს. შემდეგ შეურიეთ იოგურტს (360–400 მლ), ურიეთ სწრაფად და საფუძვლიანად.
6. იოგურტის მასა ორ ნაწილად გაყავით. ერთში ქაშაყისა და ხახვის ნაჭრები მოათავსეთ, მეორეში კი – კიტრი, რომელსაც კამა, ოდნავ პილპილი და მარილი ექნება მოყრილი. შეგიძლიათ მარილი არ მოაყაროთ, ასე გემოს უფრო კარგად იგრძნობთ.
7. თითოეულ პორციას მომზადებული ჟელატინიანი მასა მოასხით და გადაიტანეთ პორციულ ჭიქებში ან ფორმებში. ქვედა ფენა – ქაშაყის ჟელე ხახვით, ზემოდან ჟელე კიტრითა და კამით. ამის შემდეგ მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ შვიდი საათის განმავლობაში ან მთელი ღამით.
8. ტარეტისი შეგიძლიათ მიართვათ ბოკალებში. ყალიბები კი თავდაყირა ამოატრიალეთ თეფშებზე. ყველა გემო კარგად გამოვლინდება თუ ჩანგალზე ჟელეს ორივე ფენას ერთდროულად აიღებთ. გემრიელად მიირთვით!
არაჟნის ჟელესთვის დაგჭირდებათ:
- 1 ქაშაყი;
- 180 გრამი 20%-იანი არაჟანი;
- 8 გრამი ჟელატინი;
- 1 მწიკვი მუსკატის კაკალი;
- 50 მლ. წყალი;
- 1 კონა მწვანე ხახვი;
- 1 კონა კამა;
- მარილი გემოვნებით;
- წიწაკა გემოვნებით.
როგორც ხედავთ, აქ კიტრი არ არის, რადგან ზამთარში ახალი კიტრი, როგორც წესი, წყლიანია. შეგიძლიათ ფენებად არ დაალაგოთ და ყველაფერი შეურიოთ. ცოვი პერიოდისთვის საუკეთესოა!
აი, ასეთ არაჩვეულებრივ, ჯანსაღ და გემრიელ საჭმელს ამზადებენ ესტონელები. გემრიელად მიირთვით!