კლინიკური ფსიქოლოგი მაია ტუმი: ქრონიკული დაღლილობის სინდრომი სისტემური დაავადებაა – როგორ ამოვიცნოთ იგი?
ფსიქოლოგმა თქვა, რომ ძლიერი ფიზიკური და ემოციური დატვირთვის შემდეგ სისუსტის, გადაღლის, ენერგიისა და ძალის ნაკლებობის შეგრძნება ნორმაა. ასეთ უძლურებასთან გამკლავება საკმაოდ მარტივია: უბრალოდ უნდა დაისვენოთ და მისცეთ ორგანიზმს რესურსების აღდგენის შესაძლებლობა.
მაგრამ თუ დაღლილობა და სისუსტე იგრძნობა ნორმალურ ვითარებაში, რომელიც არ არის დაკავშირებული დატვირთვასთან (მაგალითად, გაღვიძების შემდეგ), ეს შეიძლება მიუთითებდეს არამარტო უბრალოდ გადაღლაზე. გადაჭარბებული დაღლილობით და ენერგიის სრული დაკარგვით ხასიათდება ისეთი პათოლოგია, როგორიცაა ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.
„თუ ნორმალური რითმით ცხოვრობ, მაგრამ ძალა არ გაქვს და დაღლილობა გაღვიძებისთანავე იგრძნობა, ეს ფენომენი არ არის ნორმა. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მიზეზები შეიძლება იყოს ორგანიზმის ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის დარღვევა“, – განაცხადა მაია ტუმმა.
ფსიქოლოგმა განმარტა, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი სისტემური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება მუდმივი დაღლილობით, რომელიც ვერ აიხსნება რაიმე ფაქტორით. ასევე, ადამიანს ხშირად აწუხებს უძილობა, თავის ტკივილი და კუნთების ტკივილი.
„გადაღლა, ობიექტური მიზეზების გარეშე, იგრძნობა მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში და არ ქრება დასვენების შემდეგ, ის შეიძლება გაძლიერდეს ნებისმიერი დატვირთვისას“, – განმარტა ფსიქოლოგმა.
მან დასძინა, რომ ასეთი დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ზოგიერთ შემთხვევაში, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი – სომატური და ფსიქიკური დაავადებების გარეგანი გამოვლინებაა.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.