ორმაგი ნიკაპის პრობლემა ბევრ ადამიანს აწუხებს. გამხდარი გოგოც კი შეიძლება ნერვიულობდეს ამ მიდამოში მოშვებული კანისა და ცხიმოვანი ნადების გამო. ხშირად ხდება, რომ ასეთი გამოვლინება ჭარბ წონასთან არც კი ასოცირდება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, რატომ ჩნდება ორმაგი ნიკაპი და როგორ მოვიშოროთ იგი ეფექტურად სახლის პირობებში.
ორმაგი ნიკაპის ეფექტურად მოცილების მეთოდები
დღევანდელ სტატიაში გეტყვით, თუ რა იწვევს პრობლემების გაჩენას ამ ზონაში. ასევე თქვენთვის შევარჩიეთ რამდენიმე გზა ორმაგი ნიკაპის მოსაშორებლად ძვირადღირებული პროცედურების გარეშე. ტრენერ მარი ფადეევას სახის ფეისბილდინგის ვარჯიშების ნაკრები კისრის ამ მიდამოში ზედმეტი ცხიმის მოცილებაში დაგეხმარებათ.
ორმაგი ნიკაპის გაჩენის მიზეზები
ორმაგი ნიკაპი ძირითადად ცხიმოვანი ნადებია. ცხიმები გროვდება კისერსა და ქვედა ყბას შორის არსებულ სივრცეში. არსებობს სამი ძირითადი ფაქტორი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორმაგი ნიკაპის ფორმირება.
გენეტიკური მიდრეკილება. ალბათ იცით, რომ ყველა ადამიანის ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილი განსხვავებულად გროვდება. მაგალითად, ზოგი სწრაფად იმატებს წონას თეძოების არეში, ზოგი კი წელის არეში. შესაბამისად, არსებობს ადამიანების ტიპი, რომლებსაც გენეტიკურად აქვთ მიდრეკილება კისრის მიდამოში ცხიმის ფენის დაგროვებისკენ. უმეტეს შემთხვევაში, მისი მოცილება შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული ჩარევით და მუდმივი კოსმეტიკური პროცედურების საშუალებით.
კისრის და ყბის კუნთების სისუსტე. ამ მიდამოში არის სპეციალური კუნთები: სამკუთხა, ნიკაპის და კვადრატული. თუ მათი ტონუსი ქვეითდება, მალევე ჩნდება პრობლემა ორმაგი ნიკაპის სახით.
ჭარბი წონა. სავსებით ლოგიკურია, რომ თუ ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილი მთელ სხეულზეა, მაშინ არც კისერია გამონაკლისი. ეს განსაკუთრებით ვლინდება ასაკთან ერთად. 40 წლის შემდეგ კანი უკვე კარგავს ელასტიურობას და გარდა ამისა, ზედმეტი კილოგრამების შემთხვევაში, ამ ზონაში ნაკეცები კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება.
როგორ მოვიშოროთ ორმაგი ნიკაპი ვარჯიშებით
სანამ ვარჯიშებს დაიწყებთ, უნდა გახსოვდეთ, რომ უმჯობესია კისრის შუა და ქვედა ნაწილი ხელუხლებლად დატოვოთ. ამ ზონაში მდებარეობს ფარისებრი ჯირკვალი, ამიტომ მასზე ნებისმიერი ზეწოლა შეიძლება ტრავმული იყოს. სასურველი ზონაა – ყბის ქვედა ნაწილი და კისრის დასაწყისი.
1. მოთელვა. მოხარეთ ორივე ხელის საჩვენებელი თითები კაუჭების მსგავსად. მოათავსეთ ისინი ნიკაპზე და გადაიტანეთ ამ წერტილიდან ყურებისკენ, ოდნავ დააჭირეთ კანს და მის ქვეშ არსებულ კუნთებს. გაიმეორეთ ეს მანიპულაცია 10-ჯერ. ამავდროულად, არ არის საჭირო აჩქარება, შეასრულეთ ყველა მოძრაობა ნელა.
2. მოდელირება. მოაბრუნეთ ორივე ხელი გვერდულად და მოათავსეთ ნიკაპის ქვეშ. ძლიერ დააჭირეთ კანს და დაიწყეთ ხელისგულებით მოძრაობა ჯვარედინი მიმართულებით. ამ გზით თქვენ თითქოს ასწორებთ კისრის ამ ნაწილს. ვარჯიში 10-ჯერ გაიმეორეთ.
3. სკულპტურირება. მოათავსეთ თითები პირდაპირ ნიკაპის ქვეშ, კისერთან ახლოს. საჩვენებელი თითები ისევ „კაუჭებად“ მოხარეთ და ნიკაპი ქვედა ტუჩის ქვეშ შეკუმშეთ. დაიწყეთ თითების დაჭერა კანზე და გადადით ყურებისკენ. მოხრილი საჩვენებელი თითებით გააკეთეთ იგივე, მხოლოდ ყბაზე.
ახლა თქვენ იცით, როგორ მოიცილოთ ორმაგი ნიკაპი სახლის პირობებში. ეს ფეისბილდინგის ვარჯიშები დაგეხმარებათ დიდი სირთულის გარეშე მოიშოროთ პრობლემა და შეინარჩუნოთ სახის ოვალის ფორმა.