ჩვეულებრივი ნაღების კარაქი უფრო გემრიელი და სასარგებლო გახდება, თუ მას სხვადასხვა ნატურალური კომპონენტით გაამდიდრებთ.
შოკოლადის კარაქი
აიღეთ 250 გ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი (სანდო მწარმოებლისგან ან ოჯახში დამზადებული). დაუმატეთ 2 ჩ.კ. კაკაოს ფხვნილი, რომელიც შეიცავს ადამიანისთვის აუცილებელ ანტიოქსიდანტებს – ისინი ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც უამრავ დაავადებას იწვევს.
შეგიძლიათ, დაუმატოთ დარიჩინი, ჯანჯაფილი, ნატურალური ვანილი გემოვნებით. ყველაფერი ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მიქსერით, ბლენდერით ან ჩანგლით. წაუსვით პურს, შვრიის ორცხობილებს, ბლინებს და სხვ.
თუ ტკბილეული გიყვართ, დაუმატეთ კარაქს შაქარი ან ბუტერბროდს ზემოდან თაფლის თხელი ფენა გადაუსვით.
მწვანე კარაქი
ბაზა იგივეა – დარბილებული კარაქი. დაჭერით და დაუმატეთ კარაქს 2-3 ბაბუაწვერას ფოთოლი (წინასწარ მარილიან წყალში 1 საათით ჩალბობილი), 4-5 ღერო ახალგაზრდა ჭინჭარი, რამდენიმე ღერო ოხრახუში და კამა, რამდენიმე ღერო მწვანე ნიორი და ხახვი. ათქვიფეთ მიქსერით, ბლენდერით ან ჩანგლით. გემოვნებით დაუმატეთ მარილიც. წაუსვით პურს ან გახუხულ პურს, მიირთვით წვნიანებთან ერთად. შეინახეთ კარაქი მაცივარში.