წითელი მოცვის სასარგებლო თვისებები და ყველაზე სასარგებლო ხალხური საშუალებები.

1206

ვინ თქვა, რომ გემრიელი სასარგებლოც ვერ იქნება? ალბათ, ამ სიტყვების ავტორს არასდროს გაუსინჯავს წითელი მოცვი. თუ მას სწორად მოამზადებთ, კენკრით მთელი წლის განმავლობაში ჩაიტკბარუნებთ პირს.

წითელი მოცვის შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება წითელი მოცვის კენკრაცა და ფოთლებიც: ორივეს შესაშური შემადგენლობა აქვს. მაგალითად, კენკრა შეიცავს 12%-მდე შაქარსა და ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, ბენზოლის), ვიტამინებს, ფოთლები კი 7%-მდე არბუტინს, ფლავონოიდებს, ტანინებს, ორგანულ მჟავებსა და C ვიტამინებს შეიცავს.

არბუტინს შეიცავს კენკრაც, თუმცა ნაკლები კონცენტრაციით – ამასთან, სწორედ იგი აგებს პასუხს წითელი მოცვის ბაქტერიციდულ და შარდმდენ მოქმედებაზე. შემთხვევითი არაა, რომ ფოთლებისგან ამზადებენ ნახარშებს, რომლის მიღებაც რეკომენდებულია ცისტიტის, შარდკენჭოვანი დაავადებებისა და ართრიტის დროს. მისი მომზადება რთული არაა: დაასხით 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ნედლეულს 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გაათბეთ ორთქლის აბაზანაზე 30 წუთით, რის შემდეგაც უნდა გააგრილოთ და გადაწუროთ.

დოზა სწორად რომ გათვალოთ, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან და დალიეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე. მიიღეთ ნახარში 20-დღიანი კურსებით, 10-დღიანი შესვენებების შემდეგ: ძლიერი შარდმდენი მოქმედების გამო, ორგანიზმიდან ირეცხება მინერალური ნივთიერებები.
ცისტიტის დროს, აგრეთვე, რეკომენდებულია ისეთი ნაკრებების მიღება, რომელთა შემადგენლობაშიც შედის წითელი მოცვი, კრაზანა, გვირილა და ოფი. 2 ს.კ. ნაკრებს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი და დააყენეთ მთელი ღამით თერმოსში. მიირთვით 3/4 საშუალება დღეში 4-5-ჯერ, საკვების მიღებამდე, 2 თვის განმავლობაში.

აგრეთვე, ფოთლებს მკუმშავი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. მათზე დამზადებული საშუალება გამოიყენება გასტრიტის პროფილაქტიკისთვის და რეკომენდებულია მათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებს. გარდა ამისა, მათ დამამშვიდებელი მოქმედებაც აქვთ.
კენკრა ამცირებს ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. ითვლება, რომ იგი მხედველობასაც კი აუმჯობესებს. დაბალი მჟავიანობის გასტრიტის, ფაღარათის, პოდაგრისა და რევმატიზმის დროს, გვირჩევენ ნედლი, მოხარშული ან ჩალბობილი კენკრის მირთმევას, აგრეთვე, წითელი მოცვის წვენისა და ფოთლებით დამზადებული საშუალების მოხმარებას შაქრიანი დიაბეტისა და მომატებული წნევის დროს. მოცვის წვენს, აგრეთვე, აქვს ანტისეპტიკური თვისებებიც.

წითელი მოცვის გამოყენება კოსმეტოლოგიაში

წითელი მოცვი ყოველთვის სასურველი “სტუმარია” საშინაო კოსმეტიკის რეცეპტებში. გამოიყენება მისი კენკრაცა და ფოთლებიც – ისინი აუმჯობესებს სახის კანის ფერს, ანიჭებს მას სირბილეს. წითელი მოცვით ამზადებენ ნიღბებსა და ლოსიონებს, ფოთლების ნახარში კი გამოიყენება თმისცვენის, ქერტლის, თავის კანის გაღიზიანების დროს.

დამარბილებელი ნიღაბი მოცვისგან

მიქსერით ათქვიფეთ კვერცხის გული, 10 მლ ახალი არაჟანი და 1 მუჭა წითელი მოცვი. წაისვით მიღებული ნარევი სახეზე და გაიჩერეთ 30-40 წუთით.

ლოსიონი მოცვის წვენისგან

3 ს.კ. მოცვის წვენს შეურიეთ ამდენივე მინერალური წყალი. გაიწმინდეთ ამ საშუალებით სახე დღეში 2-3-ჯერ.

როდის მოვკრიფოთ მოცვის ფოთლები

მოცვის ფოთლები იკრიფება აპრილში, სანამ აყვავება დაიწყება, ან ოქტომბერში, როცა მცენარე წყვეტს ნაყოფის გამოღებას. მოკრეფასა და გამოშრობის პროცესის დაწყებას შორის უნდა გავიდეს არაუმეტეს 5-6 საათი: ეს საშუალებას მოგცემთ, შეინარჩუნოთ ყველა სასარგებლო თვისება. ფოთლები არ უნდა გამოაშროთ ღია მზეზე – ნედლეული გამუქდება, მოათავსეთ ჩრდილში, არ აჩვენოთ მზის სხივებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს