ვაკუუმში შეფუთული თევზის შეძენისას არასდროს იცით, თუ როგორი გემო ექნება და რამდენად ახალია. სწორედ ამიტომ, თევზს ყოველთვის თავად ვამარილებ. წითელი თევზის დამარილების სხვადასხვა ვარიანტის გამოცდის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ თევზის ზედმეტად დამარილება შეუძლებელია, ის იმდენ მარილს იწოვს, რამდენიც სჭირდება.
ბიძაჩემი მურმანსკიდან ამბობს, რომ თევზის დამარილება შეიძლება მშრალი მეთოდით ან მარილწყალში. მზა პროდუქტის გემო კი დამოკიდებულია მხოლოდ თევზსა და მის სახეობაზე.
წითელი თევზის დამარილება
დღეს „პაპარაცი“ გთავაზობთ წითელი თევზის დამარილების რეცეპტს სახლის პირობებში. სტატიის ბოლოს კი ნახეთ, როგორ დაამარილოთ წითელი თევზი 2 საათში.
იცით თუ არა, რომ ღურკანა დამარილების შემდეგ შეიძლება ოდნავ მშრალი გახდეს? თევზი რბილი რომ დარჩეს, ცოტა მცენარეულ ზეთთან ერთად დაამარილეთ ან დამარილების შემდეგ მდოგვის სოუსში დაამარინადეთ. ნელმა, კალმახი, ჩრდილოეთის ორაგული – დასამარილებლად იდეალური ვარიანტი. ამ თევზების გაფუჭება შეუძლებელია. აი, კეტას და კიჟუჩის ხორცი დასამარილებლად უხეშია, ამ თევზის ხორცს დასამარილებელ ნარევში ლიმონის წვენის დამატებით არბილებენ.
დასამარილებლად სჯობს მთელი თევზი აიღოთ. პრობლემა არაა, თუ გაყინულ თევზს გამოიყენებთ. დარწმუნდით, რომ თევზი რამდენჯერმე გალღობილი არაა. რამდენჯერმე გაყინული თევზი უხეშად გამოიყურება და გალღობის შემდეგ ნაჭრებად ნაწევრდება. ფარფლებს ყურადღებით დააკვირდით, გაყინულ ცხიმს მოყვითალო ფერი აქვს.
არ შეიძინოთ თევზი, რომელიც რამდენიმე ფენა პარკშია გახვეული. ასე მის დათვალიერებას ვერ შეძლებთ. შეიძინეთ გაყინული ფილე კანზე, დასუნვის არ მოგერიდოთ. თევზს უსიამოვნო სუნი არ უნდა ჰქონდეს.
გახსოვდეთ, რომ დასამარილებლად მარილი მსხვილი და სუფთა უნდა იყოს. ზღვის ან ოკეანის მარილი გამოდგება.
ინგრედიენტები:
- 1 კგ წითელი თევზის ფილე
- 2 ს/კ მარილი
- 1 ს/კ შაქარი
- 2 დაფნის ფოთოლი
- 0,5 ჩ/კ ქინძის მარცვლები
- 0,5 ჩ/კ წიწაკის ნარევი
მომზადება:
1. ფარფლებისგან, ძვლებისგან და ჭუჭყისგან გასუფთავებული ფილე გამდინარე წყალში გარეცხეთ და ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ.
2. მარილი, შაქარი და სანელებლები აურიეთ. მიღებული ნარევით თევზი ორივე მხრიდან დაამარილეთ.
3. თევზი თავსახურიან ჭურჭელში მოათავსეთ და ოთახის ტემპერატურაზე 4 საათით გააჩერეთ. შემდეგ მაცივარში 8 საათით ან მთელი ღამით შედეთ.
4. დილით დამარილებული თევზი მზად იქნება. გამოყენების წინ ფილე მარილისა და სანელებლებისგან გაწმინდეთ.
5. თევზი 2 დღეზე მეტხანს რომ შეინახოთ, მცენარეული ზეთი წაუსვით და მშრალ კონტეინერში გადაიტანეთ. მაცივარში შეინახეთ.
თუ რამდენიმე საათში წასახემსებლებით სუფრის გაწყობა გსურთ, წითელი თევზის დამარილების სწრაფი რეცეპტი გამოგადგებათ.
ინგრედიენტები:
- 0,5 კგ წითელი თევზის ფილე
- 1 ლ წყალი
- 4 ს/კ მარილი
- 2 ს/კ შაქარი
- 3 ს/კ მცენარეული ზეთი
- სანელებლები გემოვნებით
მომზადება:
1. ცხელ წყალში მარილი და შაქარი გააზავეთ. სანელებლები დაუმატეთ და მარილწყალს გაგრილების საშუალება მიეცით.
2. ამ დროში თევზი ფირფიტებად დაჭერით, ჭურჭელში მოათავსეთ და ცივი მარილწყალი დაასხით. 2 საათით ოთახის ტემპერატურაზე დასამარილებლად გააჩერეთ.
3. დროის გასვლის შემდეგ მარილწყალი გადაასხით, ხოლო თევზი პირსახოცზე მოათავსეთ, რომ ზედმეტი სითხე მოაშოროთ. ხორცი თეფშზე გადაიტანეთ და მცენარეული ზეთი წაუსვით. მაცივარში მაქსიმუმ 1 დღე შეინახეთ. გემრიელად მიირთვით!
მოგეწონათ რეცეპტები? მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.