აკრძალული ნაყოფი ტკბილია. როგორც კი ტკბილეულის შეზღუდვას ვიწყებთ, საკუთარ თავს ჩიხში ვაქცევთ. როცა რაღაც არ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გვინდა! საიდუმლო იმაშია, რომ რაიმეს აკრძალვა არ გჭირდებათ. უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ გემრიელად გამოცხობა უშაქროდაც შეიძლება. ამისთვის ძვირადღირებული შაქრის შემცვლელი ან ყავისფერი შაქარი არ გჭირდებათ. საკმარისია, დესერტს ხილი ან ჩირი დაუმატოთ. დღეს Paparazzi.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ პეროგი შაქრის და ფქვილის გარეშე.
პეროგი უშაქროდ
როცა რეცეპტი ვნახე, იმწამსვე მეუღლისთვის სასარგებლო დესერტის მომზადება მომინდა. ის საკონდიტრო ნაწარმზე გიჟდება და უკვე მის ლოყებზეც აისახება. ასე რომ ზომები მივიღე და ინტერნეტში ყველა რეცეპტს გადავხედე. და აი, ისიც – იდეალური რეცეპტი მათთვის, ვინც არომატული ტკბილეულის წინაშე ცდუნებას ვერ უძლებს.
ინგრედიენტები:
- 1 ვაშლი
- 2 კვერცხი
- 3 ფინიკი
- 6 ს/კ ნუშის ფქვილი
- 2 ს/კ ქოქოსის ფანტელები
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
მომზადება:
1. მჟავე ვაშლი მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
2. ფინიკს კურკები მოაშორეთ და წვრილად დაჭერით.
3. ღრმა თასში 2 კვერცხი, ფინიკი, ვაშლი და ნუშის ფქვილი აურიეთ. ნუშის ფქვილი შეგიძლიათ სახლში თავად მოამზადოთ. ამისთვის 1 მუჭა ნუში ყავის საფქვავში დაფქვით.
4. გამაფხვიერებელი და ქოქოსის ფანტელები დაუმატეთ. ყველაფერს კოვზით აურიეთ.
5. საცხობ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით და ცომი ჩაასხით. პეროგი ზემოდან შეგიძლიათ ნუშის ფანტელებით გააფორმოთ.
6. პეროგი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით აცხვეთ. მზაობა კბილის ჩხირით შეამოწმეთ. თუ ჩხირი მშრალია, პეროგი გამოიღეთ. სურვილის შემთხვევაში ზემოდან შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით.
ნუთუ იდეალური რეცეპტი არაა მათთვის, ვინც კვებას ყურადღებას აქცევს? გემრიელი, სასარგებლო და ლამაზი. ასეთი პეროგი შეგიძლიათ ოჯახის პატარა წევრებსაც გაასინჯოთ. ოდესმე გამოგიცხვიათ პეროგი უშაქროდ და ფქვილის გარეშე?