როგორ შევარჩიოთ შესაფერისი ბლენდერი: ხელის ბლენდერის უარყოფითი მხარები

393

სულ ცოტა ხნის წინ, ბლენდერი შევიძინე. თუმცა, შენაძენით ტკბობა ისეთივე ხანმოკლე აღმოჩნდა, როგორიც ცვრის ცხოვრებაა, მზის ამოსვლის შემდეგ. ახლობლებმა მაშინვე გამასწორეს მიწასთან: “რად გინდა ამხელა ბლენდერი, ტყუილად გადაყარე ფული დასადგამში.” “აი, რამხელა ადგილს იკავებს, ისედაც პატარა სამზარეულო გვაქვს.” – შემომიტია ქმარმაც. როგორ ავირჩიოთ ბლენდერი ისე, რომ მერე არ ვინანოთ? წაიკითხეთ პასუხი Paparazzi.ge-ის სტატიაში.

როგორ შევარჩიოთ ბლენდერი

მდიდარი რომ ვყოფილიყავი, ყველა სახეობის ბლენდერს ვიყიდდი. თუმცა, ფართისა და ფულის სიმცირე გვაიძულებს, ერთ-ერთ ვარიანტზე შევჩერდეთ. გააზრებული არჩევნის გასაკეთებლად, საკუთარი მოთხოვნების გათვალისწინება და მოდელების სუსტი და ძლიერი მხარეების შედარებაა საჭირო.

მაღაზიაში წასვლამდე, დაუსვით საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა:

  1. რამდენად ხშირად აპირებთ ბლენდერის გამოყენებას?
  2. რა მიზნით გამოიყენებთ სამზარეულოს მოწყობილობას?
  3. გაქვთ თუ არა თავისუფალი სივრცე სამზარეულოს ზედაპირზე?
  4. რამდენის გადახდა შეგიძლიათ?

ბლენდერის მოდელები

  • სტაციონარული ბლენდერი

დოქიანი ბლენდერი შესანიშნავად უმკლავდება სმუზის, კოქტეილების, საბავშვო საკვების მომზადებას. თუმცა, ამით მისი გამოყენების სფერო არ შემოიფარგლება. მე, მაგალითად, მომწონს მასში ბლინების თხევადი ცომის მომზადება.

სტაციონარულ ბლენდერში შეიძლება სუპ-პიურეს, სოუსის მომზადება, ხილისა და (ზოგ მოდელში) ყინულის დაქუცმაცება. დიდი და მჭიდროდ დაცული დოქი ერთბაშად 6 ან მეტ ჭიქა სასმელს ამზადებს, პროდუქტი არ ეშხეფება გარშემო ყველაფერს და ბლენდერის ჩართვისას, მისი ხელით დაჭერა არაა სავალდებულო.

იმ ოჯახებისთვის, რომლებშიც ბავშვები არიან, მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ სტაციონარული ბლენდერი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ხელისა. დოქის ფსკერზე დანამდე ჩაწვდომა ხომ ისეთი მარტივი არაა, რასაც ხელის ბლენდერზე ვერ ვიტყვით.

დოქის კიდევ ერთი უპირატესობა, ჩემი გადმოსახედიდან, გახლავთ ის, რომ მაგიდაზე ყოველთვის აწყობილი, სამუშაოდ მზადმყოფი დევს. არაა საჭირო მისი ნაწილების ძებნა უჯრებში, თავაკის შერჩევა, აწყობა, შესაფერისი ჭურჭლის ძებნა. კოქტეილი მოგინდათ? ჩაასხამთ რძეს, ჩააგდებთ ბანანს, დააჭერთ ღილაკს და ვუალა – სასმელი მზადაა.

სტაციონარული ბლენდერების უარყოფითი მხარე კი ისაა, რომ დიდ ადგილს იკავებს, ნაკლებად უნივერსალურია და, წვნიანების შემთხვევაში, მასში ქვაბიდან უნდა გადმოასხათ საკვები.

  • ხელის ბლენდერი

ეს მოდელი სამზარეულოს საყოფაცხოვრებო საქმიანობას მარტივად უმკლავდება: ამზადებს ფარშს, სახლის მაიონეზს, პიურესა და ცომს, თქვეფს კვერცხს და ამსხვრევს ყინულს. მისი გამოყენების სფეროს აფართოებს თავაკებიც: სათქვეფი, საფქვევი და ა.შ.

როგორც წესი, ხელის ბლენდერი მარტივი და კომპაქტური მოწყობილობაა, რომელიც მარტივად იშლება და იწყობა, საჭიროებისამებრ. მოსახერხებელია ისიც, რომ პროდუქტის მცირე ულუფების დაბლენდერება პირდაპირ ჭურჭელში შეიძლება. მაგალითად, კარტოფილს პიურედ პირდაპირ ქვაბში აქცევთ ან თასში ინგრედიენტებს სწრაფად მოურევთ.

ამიტომ, ბევრი დიასახლისი საფუძვლიანად მიიჩნევს, რომ  რამდენიმეთავაკიანი ხელის ბლენდერი უზარმაზარ სამზარეულოს კომბაინს გონივრულად ანაცვლებს და, ხშირად, არჩევანს სწორედ ასეთ მოდელზე აჩერებენ. თუმცა, მას უარყოფითი მხარეებიც აქვს: სტაციონარულისგან განსხვავებით, გამოყენებისას იგი ხელში უნდა გეჭიროთ, მისი გამოყენება არაა მოსახერხებელი კოქტეილის ან სმუზის დიდი ულუფების მოსამზადებლად, გაუფრთხილებლობის შემთხვევაში კი პროდუქტი გარშემო შეიძლება მიმოიწუწოს.

რგოორც ხედავთ, იმის თქმა, რომ ხელის ან სტაციონარული ბლენდერი მეორეზე უკეთესია, შეუძლებელია. ორივე მოდელს ხომ თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. დაფიქრდით, რა გჭირდებათ ამ ეტაპზე უფრო მეტად: კოქტეილები თუ ნამცხვრები. შემდეგ კი აირჩიეთ ის აპარატი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს