ალბათ, თითქმის ყველა ხორცის მოყვარულმა იცის, როგორ შეწვას ღორის ხორცი ამა თუ იმ ფორმით. კატლეტი, ძეხვი და სტეიკიც როგორც ტაფაზე, ასევე სპეციალურ დაღარულ დაფაზე შესანიშნავად მზადდება. უბრალოდ გემოვნებით სანელებლები დაუმატეთ ან ნებისმიერ სოუსში დაამარინადეთ. ნებისმიერ შემთხვევაში კარგ შედეგს მიიღებთ.
Paparazzi–ს რედაქცია მუდმივად ახალი რეცეპტების გამოცდას და ექსპერიმენტების ჩატარებას ცდილობს. სწორედ ამიტომ, დღეს ორი სამზარეულოს, ხორცის და საკონდიტროს გაერთიანება გადავწყვიტეთ. ნახეთ, რით დასრულდება ყველაფერი. საკონდიტრო ტომრის შოვნა არ დაგავიწყდეთ!
როგორ შევწვათ ღორის ხორცი
ინგრედიენტები:
- 600 გრ ახალი ღორის ხორცი
- 1 ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 35 გრ საფანელი
- 1 კონა ოხრახუში
- მარილი, წიწაკა გემოვნებით
- 1 გრ მუსკატის კაკალი
- 0,5 ჩ/კ შებოლილი პაპრიკა
- 0,5 ჩ/კ დაფქული ქინძი
- კარაქი
- მცენარეული ზეთი
- 2 ს/კ ვაშლის ძმარი
მომზადების წესი:
- ღორის ხორცი ნაჭრებად დაჭერით, გასუფთავებული ხახვი, ნიორი დაუმატეთ და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. მიღებული ფარში კვლავ გაატარეთ. შემდეგ საფანელი, სანელებლები, ოხრახუშის ფოთლები, მარილი დაუმატეთ. აურით ისე, რომ კარგი ფარში საჭირო დანამატებით მიიღოთ.
- ამის შემდეგ 10-ჯერ დაბეგვეთ, რომ მისგან ზედმეტი ჰაერი გამოვიდეს და კომპონენტები ერთმანეთს კარგად შეუერთდეს. უბრალოდ ფარში ხელში აიღეთ და ძალით ჭურჭლის ძირს დაუშვით. როცა დაასრულებთ, შესაფუთი პარკი დააფარეთ და 1 საათით მაცივარში შეინახეთ.
- 1 საათის შემდეგ საკონდიტრო ტომარა აიღეთ და ფარშით გაავსეთ. საშუალო ზომის ტომარაში მომზადებული ნარევის ნახევარი თავისუფლად ჩავა. ტომრის თავი გადაჭერით და ნელნელა ძეხვი გააკეთეთ. ზომები თავად განსაზღვრეთ, რომელიც უფრო მოგწონთ. მზა ნახევარფაბრიკატები სადღაც 40 წუთით საყინულეში შეინახეთ.
- ტაფა გააცხელეთ, მცენარეული ზეთი და კარაქი დაუმატეთ. ასე კერძი სასიამოვნო გემოს და არომატს შეიძენს. ძეხვი ორივე მხრიდან შეწითლებამდე შეწვით. თითოეულ ძეხვს თითო ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი დაუმატეთ. ის გემოზე ოდნავ გავლენას მოახდენს, მაგრამ ამად ღირს!
მზა კერძი სუფრაზე ნებისმიერ გარნირთან ერთად გაიტანეთ. ეს მაინც ხორცია. ძეხვს ყველაზე მეტად მწვანილი, სოუსი ან ახალი ბოსტნეული უხდება. მეორე მხრივ, წიწიბურას ან ბრინჯის დამატებას არავინ გიშლით. ასე მიიღებთ ნახშირწყლებს ენერგიით დასამუხტად და ცილებს ძალის მოსამატებლად. ყველაფერი გემრიელი და დაბალანსებულია.
გარდა ამისა, საკონდიტრო ტომრიდან მიღებული ძეხვი შეგიძლიათ არა საყინულეში, არამედ პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე დადოთ. ღუმელში გამოცხობით ზედმეტ ცხიმს მოიშორებთ და უფრო მარტივად მოამზადებთ. შესანიშნავი ვარიანტი: ძეხვისთვის ტომარას წვრილი ნახვრეტი გაუკეთეთ, ხოლო ღორის ნაცვლად ქათმის ხორცი გამოიყენეთ. გემრიელად მიირთვით.