გახდომის მარტივი ხერხები არსებობს, თუმცა ისინი ზოგიერთი წესის რეგულარულ შესრულებას მოითხოვს. თუ მზად ხართ, მოიკრიბოთ მოთმინება და გახდომის პროცესისთვის განეწყოთ რამდენიმე თვის განმავლობაში, ეს მეთოდები დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.
გთავაზობთ 5 მეთოდს, რომლებიც გახდომაში დაგეხმარებათ:
1. ჩაანაცვლეთ მარილი სანელებლებით
სანელებლების შემცველი საკვები ააქტიურებს მეტაბოლიზმს და ასტიმულირებს ორგანიზმის მიერ ცხიმის დაწვის უნარს. კერძოდ, დამტკიცებული ცხიმმწველი ეფექტი აქვს წიწაკა ჩილის. თავის მხრივ, სხვა ისეთი სანელებლები, როგორებიცაა მდოგვი და ჯანჯაფილი, არამხოლოდ გვეხმარება კალორიების აქტიურად დაწვაში, არამედ, გარკვეულწილად, გავლენას ახდენს ტვინის რეცეპტორებზე, ახანგრძლივებს დანაყრების შეგრძნებას და ასე გვაძლევს საშუალებას, შევამციროთ მოხმარებული საკვების რაოდენობა.
დაიყვანეთ მარილი დღეში 3 გრამამდე, დანარჩენ შემთხვევებში კი გამოიყენეთ სანელებლები.
2. უარი თქვით ნებისმიერ ტკბილ სასმელზე
თხევადი შაქარი თითქმის დაუყოვნებლივ აითვისება ორგანიზმის მიერ, მისი სიჭარბე კი ჯანმრთელობისთვის მთელ რიგ გამანადგურებელ შედეგს მოიტანს, მათ შორის კი ანთებაა, რომელიც ცხიმოვანი ქსოვილის ზრდას იწვევს.
თუ გახდომა გსურთ, უარი თქვით ნებისმიერ ტკბილ სასმელზე – დალიეთ მათ ნაცვლად გაზიანი მინერალური წყალი, ახალი ხილისა და კენკრის დამატებით.
3. კარგად გამოიძინეთ
ძილის დროს, კუნთები იზრდება და აღდგება, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზმში ცხიმის წილის შემცირებისთვის. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ, როცა გახდომის გზაზე მყოფი ადამიანები ნორმალურად გამოძინების შესაძლებლობას იღებენ (7-9 საათით სძინავთ დღეში), მათ სხეულში ცხიმების წვა უფრო ინტენსიურად ხდება. გარდა ამისა, ძილის უკმარისობა არღვევს სიმაძღრისა და შიმშილის ჰორმონების, ლეპტინისა და გრელინის ბალანსს, რის შედეგადაც ჩნდება მომატებული მადა, კერძოდ, ტკბილეულისადმი მიდრეკილება.
4. ადრე ისადილეთ
უნდა ისადილოთ არაუგვიანეს 15:00 საათისა. ამასთან, რაციონი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ მკვებავი ნივთიერებების ძირითადი ნაწილი დღის პირველ ნახევარში მოხვდეს. ყველაფერი, რაც 15:00-ის შემდეგ იჭმება, უნდა იყოს ძალიან მსუბუქი და დაბალკალორიული. კვების ასეთი რეჟიმი ხელს უწყობს ბუნებრივ ცირკადულ რითმებს, ამ დროს ორგანიზმში რეგულირდება ცხიმოვანი მეტაბოლიზმი – ცხიმი ენერგიად გარდაიქმნება და მარაგად აღარ ინახება.
5. მიიღეთ მეტი ცილა საუზმეზე
თუ პროდუქტები, რომლებიც საუზმის დროს მოიხმარება, დიდი რაოდენობით ნახშირწყალს შეიცავს, ეს ზრდის სისხლში შაქრის დონეს, რომელიც მალევე ეცემა. შედეგად, ჩნდება ფიზიოლოგიური რეაქციები, რომელთა გამოც შიმშილი შეიძლება საკვების მიღებიდან 1 საათის შემდეგ იგრძნოთ. ცილები, უჯრედისი და ცხიმები უფრო დიდ დროს მოითხოვს ათვისებისთვის, ამიტომაც ამ ელემენტების შემცველი საუზმე უფრო ხანგრძლივ დანაყრებას უზრუნველყოფს. დალიეთ საუზმეზე რძე, მიირთვით ომლეტები და ფაფები სრული მარცვლებისგან – ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა სიგამხდრისკენ.