იტალიური სააღდგომო სუფრის წარმოდგენა შეუძლებელია გემრიელ კექს “პანეტონეს” გარეშე, რომელიც გარედან ძალიან ჰგავს ტრადიციულ სააღდგომო პასკას. ოფიციალური ისტორიის თანახმად, ეს კექსი პირველად XVI საუკუნეში გამოაცხვეთ ჰერცოგ ლუდოვიკო ილ მოროსთვის, მისივე განსაკუთრებული რეცეპტის მიხედვით, რომელიც დღემდე არ შეცვლილა.
ამ კექსის გაჩენას უამრავი ლეგენდა უკავშირდება. ერთ-ერთი ვერსიით, მისი სახელწოდება მოდის იტალიური სიტყვებისგან “pan del ton”, რაც “მდიდრულ პურს” ნიშნავს.
თავად იტალიელებს უყვართ ამ კულინარიული შედევრის დაკავშირება რომანტიკულ ლეგენდასთან, მდიდარი და გავკლენიანი ოჯახის ახალგაზრდა შვილის, ტონის შესახებ, რომელსაც მილანელი მცხობელის ქალიშვილი შეუყვარდა.
შეყვარებულთან ახლოს რომ ყოფილიყო, ტონი მის მამას შეგირდად დაუდგა, ხოლო გოგონას მისთვის ყურადღება რომ მიეპყრო, შექმნა გასაოცარი გემოს მქონე პურის რეცეპტი. აქედან მოდის კექსის სახელიც “Pani di Antonio” (ანტონიოს პური).
ორიგინალური რეცეპტი მარტივია, თუმცა შეიძლება ცოტათი განსხვავდებოდეს, პროდუქტებისა და საკუთარი სურვილების მიხედვით. “პანეტონე” არსებობს შოკოლადის, თხილიანი, ეკზოტიკური ხილით… რამდენადაც იგი მოსწონს ყველას, ვინც მას გასინჯავს, დღეს “პანეტონე” არამხოლოდ იტალიის, არამედ საფრანგეთის, ესპანეთისა და ლათინო-ამერიკის სიამაყეც კი გახდა.
ჩვენს მაღაზიებშიც შეხვდებით ამ კექსებს დიდ ყუთებში. დიასახლისებმა დაიწყეს ექსპერიმენტები და ცდილობენ პანეტონეს საშინაო პირობებში გამოცხობას. დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ მოვამზადოთ ნამდვილი იტალიური კექსი “პანეტონე”.
იტალიური სააღდგომო პასკა
ინგრედიენტები
- 800 გ ფქვილი
- 25 გ საფუარი
- 50 გ + 1 ს.კ. შაქარი
- 180 გ კარაქი
- 2 კვერცხი
- 4 კვერცხის გული
- 150 გ ქიშმიში
- 100 გ ცუკატები
- 100 გ თხილი
- 1.5 ჩ.კ. მარილი
- 1 საშუალო ზომის ლიმონის ცედრა
- 1/2 ჭიქა წყალი
მომზადება
- გახსენით საფუარი და 1 ს.კ. შაქარი თბილ წყალში. დაუმატეთ 0.5 ჭიქა ფქვილი და მოურიეთ. დაახურეთ ტილო და გააჩერეთ 20-30 წუთით.
- დახეხეთ ცედრა წვრილად, ეცადეთ, ლიმონის თეთრი ნაწილი არ გამოიყენოთ.
- ფქვილის დარჩენილი ნაწილი მოზილეთ ხის ზედაპირზე. გააკეთეთ დიდი ორმო და ჩაასხით მასში დამდნარი კარაქი, ცედრა, შაქარი, კვერცხი, გულები და პირველ ნაბიჯში მომზადებული ხსნარი.
- ცომის მოზელას 10 წუთი უნდა დაუთმოთ. საჭიროა, რომ ცომში კარგად განვითარდეს წებოვანი ნივთიერება. იგი საკმაოდ ელასტიური უნდა იყოს და თითქმის საღეჭი რეზინივით იწელებოდეს.
- დაუმატეთ ცუკატები, ქიშმიში, თხილი და მოურიეთ. გააჩერეთ ცომი 1.5 საათით თბილ ადგილას, სანამ ცომის მოცულობა მინიმუმ ორჯერ არ გაიზრდება.
- დააფინეთ პირგამენტი და ცომით გაავსეთ საცხობი ფორმის 1/3.
- დადგით კიდევ 1 საათით თბილ ადგილას, რათა ცომმა ფორმა კიდეებამდე გაავსოს.
- აცხვეთ “პანეტონე” 15 წუთის განმავლობაში წინასწარ 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, შემდეგ კიდევ 20-30 წუთით – 160 გრადუსზე. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ.
პასკა “პანეტონე” მზადაა. გემრიელად მიირთვით!
კექსი საუკეთესო გემოსი რომ იყოს
- კექსის ცომი თბილი უნდა იყოს, ამიტომ იგი ორპირში არ გააჩეროთ.
- ცომი კარგად უნდა მოზილოთ. კარგად მოზელილი მასა მარტივად იჭრება და დანას არ ეწებება.
- ღუმელში გამოცხობამდე, მოწყობილობა 150-180 გრადუსამდე უნდა გახურდეს.
- საცხობი ფორმა მხოლოდ 1/3-მდე უნდა გაავსოთ, რადგან ცომი ამოიწევა.
- ცომი ღუმელში ძალიან ფრთხილად უნდა შედგათ, რომ არ ჩაიფუშოს.
- ცხობის დროს არ გახსნათ ღუმელი ძალიან ხშირად.
- შაქრის პუდრა ან გლაზური კექსს გამოცხობისთანავე უნდა მოაყაროთ/წაუსვათ.
აღდგომისთვის ემზადებით? იგი უკვე ძალიან ახლოსაა, ამიტომ გთავაზობთ კიდევ ერთ რეცეპტს. მის მიხედვით პასკას ფენოვანი ცომით მოამზადებთ.