დაბრაწული, არომატული და დაუჯერებლად გემრიელი – აი, ასეთი სააღდგომო პასკა გამოსდით მონასტრის დებს. ეს იმიტომ, რომ პასკას განსაკუთრებული რეცეპტით აცხობენ.
დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ პასკის მომზადების რეცეპტს, რომლის მიხედვითაც აღდგომის მთავარი კერძი განუმეორებლად გემრიელი გამოგივათ.
პასკის რეცეპტი
პასკის ცომი ძალიან ნაზია, ამიტომ იგი განსაკუთრებულად უნდა მოამზადოთ. პირველ რიგში, ამას რამდენიმე მისვლა, ზეთის, კვერცხისა და შაქრის თანდათანობითი დამატება სჭირდება. მეორეც, ცომს უნდა ეალერსოთ, რათა ისე ამოვიდეს, როგორც საჭიროა. პასკის უამრავი რეცეპტი არსებობს, თუმცა არის ერთი ინგრედიენტი, რომლის გარეშეც არც ერთი მათგანი არ გამოვა კარგი – ლოცვა. დებს სწამთ, რომ სწორედ ესაა მათი გემრიელი ნამცხვრის მთავარი საიდუმლო.
სუფთა გონებითა და ლოცვის ჩურჩულით შეუდექით სააღდგომო პასკის მომზადებას. ინგრედიენტები დაახლოებით 10-15 პასკაზეა გათვლილი.
ინგრედიენტები
- 2 კგ ფქვილი
- 1 ლ რძე
- 1.5 შეკვრა დატკეპნილი საფუარი
- 1.5 კგ შაქარი
- 500 გ კარაქი
- 250 გ მარგარინი
- 250 გ არაჟანი
- 125 გ მზესუმზირის ზეთი
- 20-30 კვერცხი
- 5 შეკვრა ვანილინი
- ჯანჯაფილი, მუსკატის კაკალი სურვილისამებრ.
მომზადება
- პირველ რიგში, უნდა მოამზადოთ საფუვრის ბაზა. ამისთვის გაათბეთ რძე, არ აადუღოთ. დაუმატეთ 500 გ შაქარი და მოურიეთ. ჩაყარეთ მასაში საფუარი, მოურიეთ და დაელოდეთ, სანამ რეაქცია დაიწყება. ჩვეულებრივ, ამას 30 წუთი სჭირდება.
- ამ დროში მოამზადეთ დანარჩენი ინგრედიენტები ცომისთვის. კარაქი დაჭერით, მოათავსეთ ქვაბში და დადგით ნელ ცეცხლზე, სრულად რომ დადნეს.
- დაყავით კვერცხის ცილა და გული. ორივე ცალ-ცალკე ათქვიფეთ. ცილები სქელ ფენად უნდა აქციოთ.
- ახლა დიდ ფორმაში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი: გაცერით ფქვილი, დაუმატეთ დარჩენილი შაქარი, ვანილინი და მუსკატის კაკალი. კარგად მოურიეთ და დაუმატეთ თხევადი ინგრედიენტებიც: კარაქი და ზეთი, არაჟანი, ათქვეფილი გულები და ბოლოს – ათქვეფილი ცილები. კარგად მოურიეთ და მოზილეთ ცომი. ცომი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში უნდა ზილოთ.
- როგორ მივხვდეთ, რომ ცომი მზადაა? იგი არ უნდა ეწებებოდეს ხელებს, თუმცა არც ზედმეტად სქელი უნდა იყოს – კონსისტენციით, რბილ პლასტელინს უნდა გაგონებდეთ. ზელას რომ დაამთავრებთ, შეახვიეთ ცომი თბილად და დადგით თბილ ადგილას, ამოსაფუებლად.
- სანამ ცომი ფუვდება, მოამზადეთ პასკის ფორმები. თითოეულ მათგანს კარგად უნდა წაუსვათ ზეთი ან დამდნარი კარაქი. ასე ცომი კედლებს არ მიეწებება.
- ასევე, შეგიძლიათ ცომს ცოტაოდენი ტკბილეული დაუმატოთ. აქ თქვენი გემოვნების მიხედვით უნდა მოიქცეთ. ვიღაცას ცარიელი პასკა უყვარს, ვიღაცას – ცუკატებიანი და თხილიანი. დები გვირჩევენ ლიმონის ცედრის დამატებას, რაც პასკას განსაკუთრებულ გემოსა და არომატს მიანიჭებს. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ წვრილად დაჭრილი თხილი, ცუკატები, შოკოლადის ნატეხები ან სანელებლები. გემოვნების საკითხია.
- ცომი რომ აფუვდება, დაუმატეთ მომზადებული დანამატები. კარგად მოურიეთ, ცომში კარგად რომ გადანაწილდეს. მაშინვე მოათავსეთ ცომი ფორმებში – იგი უნდა აქციოთ პატარა ზომის ბურთულებად და ისე ჩადოთ საცხობ ჭურჭელში. შემდეგ დაახურეთ ფორმებს სუფთა ტილოები და გააჩერეთ კიდევ 40 წუთით, რათა ცომი ისევ აფუვდეს.
- ცომიანი ფორმები სითვოში უნდა გააჩეროთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მასთან ორპირი ან ზედმეტი ხმაური არ მივიდეს, თორემ ცომი დაეცემა. მას შემდეგ, რაც ცომი აფუვდება, შედგით ფორმები ღუმელში 40 წუთით, 180 გრადუს ტემპერატურამდე.
როცა პასკები მზად იქნება, ამოიღეთ ფორმებიდან, სანამ ცხელია. დები ნამცხვრებს მაგიდაზე ალაგებენ და ზემოდან სუფთა ტილოებს აფარებენ. პასკები უნდა გაგრილდეს. შემდეგ, პასკები შეგიძლიათ დაფაროთ შაქრის ტკბილი გლაზურით და მოაყაროთ ფერადი დანამატები. აი, ასეთი ლამაზი და გემრიელი, არომატული, დაბრაწული და სასიამოვნო პასკები გამოგივათ.