აღდგომის წმინდს დღესასწაულის წინა საღამოს, ყველა მართლმადიდებლურ ოჯახში უნდა იყოს პასკა. თუ ამ მომენტამდე გემრიელი ნამცხვარი არ გამოგდიოდათ ან მაინც ვერ ხვდებით, რატომ იყო ბებოს გამომცხვარი პასკა გაცილებით გემრიელი, ახლა საიდუმლოს გაგიმხელთ.
პასკის მომზადება
დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ 20 ნიუანსს, რომელთა გათვალისწინებით პასკის მომზადების ტექნოლოგია სრულყოფილი და ნებისმიერი დიასახლისისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ზოგიერთ ნიუანსს, შესაძლოა, თავადაც კარგად იცნობდეთ, თუმცა სხვებიც ნამდვილად გასათვალისწინებელია.
- ტრადიციისამებრ, პასკას აღდგომის წინ, დიდ ხუთშაბათს ან შაბათს აცხობენ. წმინდა პურის მომზადებამდე, სახლი უნდა დალაგდეს და თავი მძიმე აზრებისგან გათავისუფლდეს. ცომის მოზელის დროს არ უნდა იჩქაროთ და ცუდი აზრებიც არ გაივლოთ. კონცენტრირდით რამე კარგზე.
- ღუმელი წინასწარ უნდა გაახუროთ. საფუვრის ცომს არ უყვარს ორპირი ნიავი და სიცივე, ამიტომ კარი და ფანჯარა უნდა დახუროთ. თუმცა, სახლში ძალიანაც არ უნდა ცხელოდეს.
- პასკა კარგი რომ გამოვიდეს, რეკომენდებულია ცოცხალი საფუვრების გამოყენება. ასე ცომი უფრო ჰაეროვანი და რბილი იქნება.
- მოამზადეთ პასკის მომზადებისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი წინასწარ. ისინი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
- აუცილებლად გაცერით ფქვილი, თანაც რამდენჯერმე. ასე დარწმუნდებით, რომ ცომში ზედმეტი არაფერი მოხვდება, თანაც, ეს პასკას ჟანგბადით გააჯერებს, შედეგად კი, გამოცხობისას, აუცილებლად ამოვა.
- უმჯობესია, პასკისთვის შინაური კვერცხი გამოიყენოთ. იდეალური იქნება, თუ კვერცხის გულს გაჯერებული ნარინჯისფერი ექნება.
- ბებიებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო დამატებითი ინგრედიენტები და, სიმართლე რომ გითხრათ, ისინი საჭირო არც იყო. თუმცა, დღეს შეგიძლიათ ნამცხვარს ჩირი, ვანილი, მუსკატის კაკალი დაუმატოთ – ისინი პასკას მხოლოდ გააუმჯობესებს.
- ცომი სწრაფად რომ ამოსივდეს, დაახურეთ ნოტიო პირსახოცი, ჩადეთ ცომის თასი თბილ წყალში ან ოდნავ გახურებულ ღუმელში.
- დაუმატეთ პასკას ქიშმიში, ფორთოხლის ცედრა და ცუკატები.
- რა სპეციალური მოწყობილობებიც არ უნდა გქონდეთ, მოზილეთ ცომი ხელით. ეს 15 წუთით მაინც უნდა აკეთოთ, სანამ ცომი ხელებს მარტივად არ მოშორდება.
- მოამზადეთ საცხობი ფორმები წინასწარ. დააფინეთ მათზე პერგამენტი ან წაუსვით კარაქი.
- დაყავით მზა ცომი რამდენიმე ნაწილად. ფორმები ცომით 1/3-მდე უნდა გაავსოთ. არ შედგათ ცომი გამოსაცხობად მაშინვე. დაელოდეთ, სანამ მოცულობაში ორჯერ გაიზრდება, შემდეგ გამოაცხვეთ.
- გაავსეთ წყალი საცხობ ტაფაზე და შედგით ღუმელის ქვედა ნაწილში. ასე სადღესასწაულო პური უფრო რბილი გამოვა. არ გახსნათ ღუმელი ცხობის დროს, თორემ შეიძლება ცომი დაეცეს.
- პასკის თავი ზომიერად რომ ამოსივდეს, მოათავსეთ უმი ცომის ცენტრში ხის ჩხირი.
- თუ პასკის თავი უკვე დაიბრაწა, თუმცა ცომის შუაგული არაა გამომცხვარი, წაუსვით ფოლგას კარაქი, დაახურეთ პასკას და შედგით გამოსაცხობად კიდევ რამდენიმე წუთით.
- გლაზური არა შაქრისგან, არამედ შაქრის პუდრისა და გაციებული ცილებისგან მოამზადეთ, ლიმონის წვენის დამატებით. ასე იგი სწრაფად შესქელდება.
- პასკას გლაზური მხოლოდ მას შემდეგ წაუსვით, რაც იგი მთლიანად გაგრილდება. თუ იჩქარებთ, გლაზური დასკდება.
- ხელოვნური საკვები საღებავების ნაცვლად, გამოიყენეთ ნატურალური. გლაზური ვარდისფერი რომ გამოვიდეს, დაუმატეთ ჭარხლის წვენი, მწვანე ფერის მიღებაში ოხრახუშის წვენი დაგეხმარებათ.
- მყარი ფერადი მოსაყრელის ნაცვლად, გამოიყენეთ ჩირი პასკის მოსართავად. აგრეთვე, შეგიძლიათ თხილისა და მარციპანის ფიგურების გამოყენება.
- თუ პასკა სწორად გამოცხვა, მეორე დღეს არ გაფუჭდება. თუ ნერვიულობთ, გაახვიეთ ნამცხვრები პერგამენტის ქაღალდში, გაგრილების შემდეგ.
ახლა უკვე იცით, როგორ უნდა გამოცხვეს იდეალური პასკა. ნუ გეშინიათ წარუმატებლობის – მთავარია, ყველაფერი კარგი განწყობითა და კარგი აზრებით გააკეთოთ. პასკის მომზადება მთელ ოჯახს დააახლოვებს და აღდგომის დღესასწაულს არამხოლოდ რუტინად, არამედ გააზრებულ ღონისძიებად აქცევს.