რატომ გამოდის შინ მომზადებული ვაშლის ძმარი უფრო გემრიელი, ვიდრე ნაყიდი

0
7789

ალბათ, ჩვენს ყველა მკითხველს, რომელიც სწორი კვებითაა დაინტერესებული, სმენია ვაშლის ძმრის გასაოცარი სარგებლის შესახებ ჯანმრთელობაზე. თუმცა, გაფილტრულ და პასტერიზებულ ძმარს, რომელსაც მაღაზიაში ვყიდულობთ, როგორც წესი, სასარგებლო შემადგენლობა დაკარგული აქვს.

ძმრის დედო იმ ბაქტერიათა რთული სტრუქტურაა, რომელიც ერთად ძმარმჟავას ქმნის. იგი მოგაგონებთ ლორწოვან ფენას და არც ისე მადისაღმძვრელად გამოიყურება. თუმცა, სწორედ იგი შეიცავს ბაქტერიების, პრობიოტიკებისა და ფერმენტების ლომის წილს. ეს ის ყველაფერია, რის გამოც ვაშლის ძმარი საკვების მონელებისთვის სასარგებლოა.

გაუფილტრავი ნატურალური ძმარი, ე.წ. “დედოიანი ძმარი” ორგანული პროდუქტების მაღაზიაში იყიდება. თუმცა, იგი არც ისეთი იაფი ღირს. ჩვენ კი გთავაზობთ მის მომზადებას სახლში, ვაშლით.

ვაშლის ძმრის მომზადება

ინგრედიენტები:

  • 3 კგ მჟავე ვაშლი
  • 300 გ შაქარი (ან თაფლი)
  • სუფთა გადადუღებული წყალი

მომზადება

1. გაფცქვენით ვაშლი, დაჭერით და ამოაცალეთ გული.

2. დახეხეთ მსხვილად.

3. მოათავსეთ ვაშლის პიურე დიდ ქილაში, დაუმატეთ შაქარი (ან თაფლი) და დაასხით 70 გრადუსამდე ცხელი წყალი.

4. წყალმა ვაშლი სრულად უნდა დაფაროს.

5. დაახურეთ ქილას რამდენიმე ფენად დაკეცილი მარლა და დააფიქსირეთ რეზინით.

6. დადგით ქილა ოთახში, რომელშიც ჰაერის ტემპერატურა 17-25 გრადუსია. დადგით მასა დასადუღებლად 14 დღით და ურიეთ კვირაში არანაკლებ ორჯერ. პროცესი ვაშლის ღვინის მომზადებას მოგაგონებთ. თუმცა, ღვინო ჰაერის გარეშე უნდა დადუღდეს, ხოლო ძმარი უნდა სუნთქავდეს.

7. ორი კვირის გასვლის შემდეგ, გადაწურეთ სითხე მარლაში. დაახურეთ კიდევ ერთხელ და დააბრუნეთ ქილა ისევ იმ ოთახში. ახლა მისი გადადგმა, შექანება, შენჯღრევა 40-60 დღის განმავლობაში არ შეიძლება.

8. ამ დროში, ქილაში შეიძლება ძმრის დედო გაჩნდეს. იგი ცოტათი ჩამოჰგავს ჩაის სოკოს და ძმრის ზედაპირზე ტივტივებს. ამბობენ, რომ დედოს გაჩენის ალბათობა იზრდება, თუ შაქრის ნაცვლად თაფლს გამოიყენებთ.

9. დედოს ნაწილი გადაიტანეთ სხვა ულუფაში. ეს დააჩქარებს დუღილის პროცესს და გაამდიდრებს გემოს სასარგებლო ნივთიერებებით. თუ მომდევნო ულუფას გარკვეული დროის შემდეგ მოამზადებთ, შეგიძლიათ, იგი შეინახოთ თასში ან ქილაში, ცოტაოდენ ძმართან ერთად.

10. სულ ესაა, ნამდვილი სახლის ძმარი მზადაა. მაღაზიის ვარიანტისგან განსხვავებით, იგი უფრო მღვრიეა, აქვს ხილული ნალექი და ვაშლის ღვინის მჟავე სუნი.

11. გადაასხით ძმარი სტერილურ ქილებში, დაახურეთ თავსახურები და შეინახეთ მაცივარში.

ძმრის დედო, დროთა განმავლობაში, დაილექება. ამიტომ, აუცილებლად კარგად შეანჯღრიეთ ძმარი გამოყენებამდე, რათა მისი სასარგებლო თვისებები უკლებლივ მიიღოთ.