ვისაც ერთხელ მაინც მოუმზადებია ხორცის ბულიონი, იცის, რომ ამ პროცესში მის ზედაპირზე წარმოქმნება ქაფი. ზოგი დიასახლისი ამ ქაფს იღებს, ზოგი კი – არა. რომელი მათგანია მართალი? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გავარკვევთ – მავნებელია თუ არა ქაფი, ხორცის მომზადების დროს.
თუ ბულიონის მომზადების დროს წარმოქმნილ ქაფს არ მოვაშორებთ, ის ძირზე მსხვილ ფანტელებად დაჯდება. ეს იმიტომ, რომ ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ ხდება დენატურაცია – ცილის სტრუქტურის ცვლილება. როგორ ავიცილოთ თავიდან ამ პროცესის დაწყება და საჭიროა თუ არა ამის გაკეთება?
ხორცის ხარშვისას წარმოქმნილი ქაფი: როგორ ავიცილოთ თავიდან მისი გაჩენა
რით არის მავნე ბულიონის ქაფი
ქაფი, რომელიც ხორცის ხარშვის დროს ჩნდება, არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს ორგანიზმისთვის. ის არ ავნებს მზა ბულიონს. აი, ოთხი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ქაფი აუცილებლად უნდა მოხადოთ.
- 1.სწრაფი დამჟავება. როგორც უკვე ვთქვით, ქაფი – სახეშეცვლილი ცილაა. ის საკვების შენახვის ვადას ამცირებს. ამიტომ, კერძი, რომელსაც ქაფს არ ხდით, მომზადებიდან მესამე დღეს უკვე მჟავეა (მაცივარში დების შემთხვევაშიც კი).
- 2. უსიამოვნო სუნი. ქაფს, რომელიც ცხიმიანი ხორცის (ღორის ან საქონლის ხორცი) ხარშვისას ჩნდება, ხშირად საკმაოდ სპეციფიკური სუნი აქვს. ის ყველას არ მოსწონს.
- 3. მწარე გემო. თუ ქაფს დროულად არ მოხდით, ამან შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო მწარე გემო. მართალია ის მცირედ შეიმჩნევა, მაგრამ მაინც არის.
- 4. არც ისე მადისაღმძვრელი შესახედაობა. გამჭვირვალე ბულიონი – ეს არის შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს თითოეული დიასახლისი. ქაფის არ მოხდის შემთხვევაში, ბულიონი ასეთი არ იქნება. ამიტომ, ბულიონს გაფილტვრა დასჭირდება.
როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ ქაფი არ გაჩნდეს?
ამ პრობლემის აღმოფხვრა მის წარმოშობამდე შეიძლება. ხორცის მომზადებისას ქაფის გაჩენის საწინააღმდეგოდ გამოცდილი მზარეულები გარკვეულ მეთოდებს მიმართავენ. ამ სამი მეთოდის გამოყენება ნებისმიერ დიასახლისს შეუძლია.
- 1.ქვაბში ხორცთან ერთად ჩააგდეთ მთლიანი ხახვი. ის შეაჩერებს ცილების კოაგულაციის პროცესს, რის შედეგადაც ქაფი აღარ გაჩნდება.
- 2. არ ჩადოთ ხორცი ცივ წყალში. ჩადეთ მდუღარეში, რის წყალობითაც ცილა წყალში პრაქტიკულად აღარ მოხვდება.
- 3. ღორის ან საქონლის ხორცი ჩადეთ მარილწყალში. თასში ჩაასხით 1 ლიტრი წყალი და დაამატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი. ხორცი მარილწყალში 45 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. ამის შემდეგ დადგით მოსახარშად.
ამ მარტივი მანიპულაციების წყალობით, ქაფი ან საერთოდ არ გაჩნდება, ან გაჩნდება ძალიან მცირე რაოდენობით. თუ ქაფი მაინც ამოვა, მოხადეთ ის ჩვეულებრივი სუფრის კოვზის ან ქაფქირის მეშვეობით. ამ შემთხვევაში ბულიონი გამჭვირვალე და ძალიან მადისაღმძვრელი გამოვა.