ის ნებისმიერ ხორცზე უფრო რბილია, მზადდება სწრაფად, შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს. ამასთან, ეს პროდუქტი ვერ გაგასუქებთ – ეს ყველაფერი ღვიძლს ეხება. თუ იგი დიდად არ გიყვართ, გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც რადიკალურად შეგიცვლით აზრს.
კულინარიაში ქათმის ღვიძლს დიდი ადგილი უჭირავს: ბულგარეთში, მას კლარში წვავენ, კერძს კი “ფხვიერ ღვიძლს” უწოდებენ; ავსტრალიაში, მისგან გოგრის წვნიანს ამზადებენ, ჩვენთან კი – სალათს ხახვითა და ქინძით. ახლა ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ ქათმის ღვიძლის სამ რეცეპტს, რომლებიც ჩემს მთელ ოჯახს უყვარს.
ქათმის ღვიძლი კარით
ინგრედიენტები:
- 500 გ ქათმის ღვიძლი
- 1 თავი ხახვი
- 3 კბილი ნიორი
- 30 გ ჯანჯაფილის ბოლქვი
- 300 მლ ნაღები (20%)
- 20 მლ ზეთი
- 10 გ ქინძი
- მარილი, შავი პილპილი, ჩილი, კარი გემოვნებით
მომზადება
შეწვით ღვიძლი ზეთში, დაბრაწული ქერქის გაჩენამდე. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, ნიორი და დახეხილი ჯანჯაფილი. კიდევ რამდენიმე წუთით გააჩერეთ ცეცხლზე, მოაყარეთ მარილი, პილპილი და კარი (1 ს.კ.) და დაასხით ნაღები. მოურიეთ და თუშეთ ნელ ცეცხლზე კიდევ 10 წუთით. მორთეთ ქინძითა და ცხარე წიწაკის რგოლებით და გემრიელად მიირთვით!
ქათმის ღვიძლის ღვეზელი
ინგრედიენტები:
- 600 გ ქათმის ღვიძლი
- 150 გ ხახვი
- 150 გ ყაბაყი
- 150 გ ქამა სოკო
- 200 გ ტკბილი წიწაკა
- 100 გ თეთრი ღვინო
- 80 გ მანანის ბურღული
- 200 გ ცხიმიანი არაჟანი
- 4 კვერცხი
- 40 გ კარაქი
- ბეგქონდარა, ნივრის ფხვნილი, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
დაადნეთ კარაქი ტაფაზე და შეწვით მასზე ხახვი. დაუმატეთ ხახვს კუბებად დაჭრილი ყაბაყი, ტკბილი წიწაკა და სოკო. თუშეთ მომზადებამდე (7 წუთით), მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. მოურიეთ, დაუმატეთ ღვინო და ურიეთ მანამ, სანამ სითხე არ აორთქლდება.
გაატარეთ ღვიძლი ხორცსაკეპში და შეურიეთ ფარში ბოსტნეულის მასას. დაუმატეთ არაჟანი, ბურღული, მარილი, პილპილი, ბეგქონდარა და ნივრის ფხვნილი. ათქვიფეთ კვერცხი, ჩაასხით დანარჩენ ინგრედიენტებთან და კარგად მოურიეთ. მიღებული მასა დაასხით ზეთწასმულ ფორმაზე და აცხვეთ 50 წუთით, 180 გრადუსზე.
ქათმის ღვიძლის ტორტი
ინგრედიენტები:
- 400 გ ქათმის ღვიძლი
- 80 გ ბრინჯი
- 50 გ კარაქი
- 4 კვერცხი
- 5 ს.კ. არაჟანი
- 2 ს.კ. ხორბლის ფქვილი
- 250 გ ხაჭოს ყველი
- 1 თავი ხახვი
- 1 სტაფილო
- 2 კბილი იორი
- 1 ს.კ. ლიმონის წვენი
- 0.5 ჩ.კ. სოდა
- მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი გემოვნებით
მომზადება
დაასხით ბრინჯს ცივი წყალი, ნელ ცეცხლზე აადუღეთ და ხარშეთ 10 წუთით. დაუმატეთ გაწმენდილი ღვიძლი და კიდევ 5-7 წუთით ხარშეთ. მზა ბრინჯი და ღვიძლი გადადეთ ბლენდერში, დაუმატეთ 1 ჭიქა ბრინჯის ნახარში, მოაყარეთ მარილი, მუსკატის კაკალი, ჩააგდეთ დარბილებული კარაქი და ათქვიფეთ მასა ერთგვაროვნებამდე. მზა პაშტეტი გადადეთ ცალკე ჭურჭელში და გააგრილეთ.
ომლეტის ქერქის მოსამზადებლად, შეურიეთ კვერცხი 4 ს.კ. არაჟანს, მარილს, სოდასა და ფქვილს. ერთგვაროვნებამდე ათქვიფეთ მასა. გახურებულ ტაფას წაუსვით ზეთი და შეწვით 3 მკვრივი ბლინი. გამორთეთ ცეცხლი და დაალაგეთ ბლინები ქაღალდის ხელსახოცზე, ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად.
დაჭერით ხახვი კუბებად, სტაფილო დახეხეთ მსხვილად და შეწვით ზეთზე, სასიამოვნო ოქროსფრის მიღებამდე. ბოსტნეულს დაუმატეთ ხაჭოს ყველი, დაჭყლეტილი ნიორი და ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ.
ააწყვეთ ტორტი: ბლინი და პაშტეტი ერთმანეთის მონაცვლეობით დაალაგეთ. ამისთვის ღრმა ფორმა უნდა გამოიყენოთ. შემდეგ დაახურეთ კერძს საკვები ცელოფანი და შედგით მაცივარში მთელი ღამით. მზა ტორტს ზემოდან წაუსვით არაჟანი და მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში ან მწვანე ხახვი.
ქათმის ღვიძლი გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე ღორისა, თუმცა, რკინის შემცველობით, იგი მაინც ვერ ეწევა საქონლის პროდუქტს. სამაგიეროდ, მას საერთოდ არ დაჰყვება სიმწარე, მოსამზადებლადაც უფრო მარტივია. ერთადერთი, რასაც ნებისმიერი ღვიძლის მომზადების დროს უნდა მოერიდოთ, ესაა ხანგრძლივი თერმული დამუშავება, რომლის დროსაც, პროდუქტი შრება და მყარდება. დანარჩენ შემთხვევაში, პროდუქტი ძალიან გემრიელი და მარტივად მოსამზადებელია, გემრიელად მიირთვით!