შემოდგომა თანდათან ძლიერდება, ისევ გვიწინასწარმეტყველებს ცივ და თეთრ ზამთარს. არ ვიცი, ვისთვის როგორ, მე კი ძალიან მიყვარს წლის ამ დროს პლედში გახვევა და წიგნის კითხვა, ფინჯან ცხელ შოკოლადთან ერთად. რა მოუხდება ამ სასმელს იმაზე უკეთ, ვიდრე ჯერ კიდევ თბილი თაფლაკვერები ფორთოხლის ცედრის მსუბუქი არომატით?
მზა თაფლაკვერებს ზემოდან მოსართავს მოვასხამთ და მივიღებთ სადღესასწაულო ტკბილეულს – ასეთი ორცხობილით ნაძვის ხის გაფორმებაც კი შეგიძლიათ. ახალ წლამდე, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი დროა, თუმცა, დღესასწაულის შეგრძნება თაფლაკვერებით ახლაც შეიძლება.
სურნელოვანი თაფლაკვერები
ინგრედიენტები:
- 400 გ ფქვილი
- 120 გ შაქარი
- 3 ს.კ. თაფლი
- 80 გ კარაქი
- 2 კვერცხი
- 1 მწიკვი ფორთოხლის ცედრა
- 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1 ჩ.კ. დარიჩინი
- 1 შეკვრა ვანილის შაქარი
ინგრედიენტები მოსართავად
- 220 გ შაქრის პუდრა
- 1 კვეცხის ცილა
მომზადება
1. შეურიეთ თასში შაქარი, კვერცხი, გამაფხვიერებელი, დარიჩინი, ფორთოხლის ცედრა, ვანილი და თაფლი.
2. დადგით თასი ორთქლის აბაზანაზე. გაათბეთ და ურიეთ მანამ, სანამ მასა აქაფებას არ დაიწყებს და არ გაღიავდება. ჩვეულებრივ, ამას 7 წუთზე მეტი არ სჭირდება.
3. აიღეთ ორთქლიდან, დაუმატეთ კარაქი, ურიეთ მის გახსნამდე.
4. ჩაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
5. გაახვიეთ ცომი ცელოფანში და დაასვენეთ მაცივარში 30 წუთით.
6. გააბრტყელე ცომი 5 მმ სისქეზე.
7. ფორმების გამოყენებით, ამოჭერით სასურველი ფიგურები ცომიდან.
7. დაახურეთ საცხობ ლანგარს პერგამენტი, დაალაგეთ თაფლაკვერები და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთით.
9. გლაზურის მოსამზადებლად, ათქვიფეთ შაქარი ცილასთან ერთად და მოასხით თაფლაკვერებს სასურველი ნახატების მისაღებად.
თაფლაკვერები მზადაა, გემრიელად მიირთვით!
სულ ეს იყო, ისღა დაგრჩენიათ, სურნელოვანი ორცხობილები თეფშზე დაალაგოთ და ახლობლები ყავაზე დაპატიჟოთ. ასეთი გემრიელი და ლამაზი დესერტი შეგიძლიათ შეფუთოთ ცალკეულ პაკეტებში და დღესასწაულებზე საყვარელ ადამიანს გაუხალისოთ დღე.