სეზონური მენიუ კვირის თითოეული დღისთვის: გახდით ზაფხულამდე

357
Calories control, meal plan, food diet and weight loss concept. top view of hand filling meal plan on weekly table with salad and fresh vegetable on dining table

ხანგრძლივი კარანტინისა და ზამთრის ჭაშნიკობის შემდეგ, სხეულის მწყობრში მოყვანის დრო დადგა. მაცივრის ყოველღამურ გაცარიალებაზე უარის თქმა, კვირის კვების გეგმის შედგენა, ზედმიწევნით გეგმის მიხედვით მოქმედება – ამ ყველაფრის განხორციელება დაუძლეველ ნებისყოფას მოითხოვს.

რა საჭიროა ეს? ჯერ ერთი, ნებისმიერ ადამიანს სიამოვნებს საყვარელი ტანსაცმლის ჩაცმა და მასში ჩატევა. ვის უნდა გარდერობის განახლება და 1 ზომით დიდი ტანსაცმლის შეძენა? მეორეც, გაქრება უსიამოვნო ქოშინი და სიმძიმის შეგრძნება მუცელში. ამაღლდება განწყობა. მეტიც, გახდომის გზაზე დამდგარი ადამიანები უფრო მარტივად ადევნებენ თვალს საკუთარ ჯანმრთელობას, რამდენადაც მათ უკვე ერთგვარი მოტივაცია გაუჩნდათ, ეს კი აფთიაქებისა და საავადმყოფოების გარეშე ბედნიერ ცხოვრებას ნიშნავს.

კვების ერთკვირიანი გეგმა: რა ავირჩიოთ?

რომელი ავირჩიოთ, დიეტა თუ სწორი კვება? თითოეულ მეთოდს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მაგალითად, სწორი კვებისგან განსხვავებით, დიეტა წონის სწრაფად მოშორების საშუალებას გვაძლევს. თუმცა, სამწუხაროდ, დაკარგული წონა არც ისე ნელა ბრუნდება. მეორე მხრივ, სწორი კვება სამუდამოდ უნდა დავიცვათ, მაშინ, როცა დიეტას სულ რამდენიმე კვირით ვაგრძელებთ, რამდენადაც მისი გაგრძელება ორგანიზმს საფრთხეს შეუქმნის.

ამიტომ, ხანგრძლივი პერსპექტივისთვის, ჩვენ გთავაზობთ სწორი კვების ვარიანტს. ახლა თეორიულ საფუძვლებს გაგაცნობთ. კერძოდ, გაგარკვევთ, რა არის ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები (ცცნ) და რისთვის გვჭირდება ისინი.

ცცნ – რა და რატომ

  1. ცილა სხეულში კუნთოვანი მასის სამშენებლო მასალაა. ცილა, იგივე პროტეინი, გვხვდება ხორცში, რძის პროდუქტში, ზოგიერთ მცენარეშიც (თეთრი ხორცი, კვერცხი, ხაჭო, პარკოსნები, თხილეული და სხვ.). თუმცა, ორგანიზმს ძალა სჭირდება მსგავსი საკვების ათვისებისა და მონელებისთვის.
  2. ნახშირწყლები ჩვენი ორგანიზმის “საწვავია”. მას ძალასა და ამტანობას აძლევს. თუმცა, ჭარბი ნახშირწყალი, დროთა განმავლობაში, კანქვეშა ცხიმად იქცევა, ამიტომ, შეამცირეთ მისი რაოდენობა.არსებობს რთული და მარტივი ნახშირწყალი. მარტივი სახეობა ორგანიზმს სწრაფად აფხიზლებს, ეხმარება შიმშილის გრძნობის დათრგუნვასა და გონებრივი საქმიანობის გაუმჯობესებაში (შაქარი, თაფლი, სახამებელი, ფასტფუდი, ფქვილი და ქატო, ალკოჰოლი). რამდენადაც იგი ძალიან სწრაფად აითვისება და ადამიანი ვერ ასწრებს ზომიერების დაცვას, სიმსუქნეს იწვევს.რთული ნახშირწყალი კი ორგანიზმს ისე ავსებს, რომ შიმშილის გრძნობა მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ ბრუნდება. აგრეთვე, ასეთი ნახშირწყლის მოხმარება უსაფრთხოა სისხლში ინსულინთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებისთვისაც. ამ ნივთიერებას შეიცავს თითქმის ყველა ბოსტნეული, მარცვლოვანი კულტურა, ფაფები (მანის გარდა), მსხვილი დაფქვის მაკარონი. სასარგებლოა გახდომის მსურველებისთვის.
  3. ცხიმებს კი დამცავი ფუნქცია აქვს. ეს ნივთიერება დადებითად მოქმედებს სახსრებსა და მყესებზე. ზოგადად, ცხიმი ადამიანს სხვადასხვა პროცესისთვის სჭირდება. მის გარეშე, ჩვენი ორგანიზმი ელემენტარულ სიარულსაც კი ვერ შეძლებდა. სასარგებლო ცხიმებს შეიცავს კვერცხი, წითელი თევზი, ზეითუნის ზეთი, ავოკადო, თევზის ქონი, შოკოლადი, თხილი, თესლეული და ზეთისხილი.კულინარიაში რამდენჯერმე გამოყენებულ ცხიმებს კი ტრანსცხიმები ეწოდება. მათ ხელოვნურად ავსებენ წყალბადის ატომებით, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობაზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს. ხშირად, ასეთ ცხიმებს ვიღებთ ფასტფუდიდან და იმ საკვებიდან, რომელიც ძველ ზეთზეა დამზადებული. მოერიდეთ მსგავსს.

კვების გეგმა

ისედაც გრძელი სტატია უარესად რომ არ გამიგრძელდეს, მე შემოგთავაზებთ რამდენიმე პროდუქტს კვირის ამა თუ იმ დღისთვის. მიკროელემენტების შემცველობისა და სარგებლიანობის მხრივ, მათ ერთმანეთის ჩანაცვლება შეუძლია, ამიტომ, გემრიელად მირთმევა არ გაგიჭირდებათ.

  • საუზმე: მოხარშული კვერცხი, ხაჭოსთან ერთად. “გრანოლა” ჩირით. ხაჭოს ნამცხვარი. ბრინჯი ნედლი ან გაყინული ბოსტნეულით.
  • ხემსი 1: გამომცხვარი ვაშლი. სრულმარცვლოვანი პურის ბუტერბროდი კარაქით ან ავოკადოთი. 70 გ ნებისმიერი უმარილო თხილი.
  • სადილი: ბოსტნეულის მსუბუქი წვნიანი + ქათამი (მოხარშული ან გამომცხვარი). თევზის წვნიანი + გრილზე მომზადებული თევზი და ბოსტნეული. ქათმის ფრიკადელები + მსუბუქი სალათი. მოხარშული ხორცი + ქლიავის ჩირი. წიწიბურის ფაფა + ორთქლზე მომზადებული თევზი.
  • ხემსი 2: ბანანი + ვაშლი. სტაფილოსა და ვაშლის სალათი. კეფირი ან მაწონი, დიეტურ პურთან ერთად. 70 გ თხილეული. პეკინური კომბოსტო ზეთით.
  • ვახშამი: საქონლის ხორცი სალათით. ქათმის მკერდი ბოსტნეულით. ბერძნული სალათი. ბროკოლი წითელი თევზით. მოთუშული კომბოსტო +ლობიო ან ბარდა. რამდენიმე ცალი ახალი კარტოფილი + მოხარშული კვერცხი.
რაზე ვთქვათ უარი?

დაემშვიდობეთ ნაყიდ ძეხვს, სოსისსა და პაშტეტს. ისინი ზედმეტი რაოდენობით კონსერვანტს, ცხიმსა და ქიმიურ დანამატს შეიცავს. უარი თქვით მწნილებზე, შაქარსა და თეთრი ფქვილის ნამცხვრებზეც. ისინი ძალიან დიდი რაოდენობით სწრაფ ნახშირწყალს შეიცავს და ორგანიზმში იწვევს წყლის შეკავებას, აძლიერებს მადას. დაბოლოს, მოერიდეთ ფასტფუდს. ჯანმრთელობა და ლამაზი ფიგურა ხომ გაცილებით მნიშვნელოვანია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს