რასთან ასოცირდება მედიტაცია? წარმოსახვაში ხატავთ ინდოეთის ტაძრებს, იოგებს თეთრ ტანსაცმელში, რომლებიც ლოტოსის პოზაში სხედან. სინამდვილეში მედიტაცია თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რატომ არის მედიტაცია სასარგებლო.
მედიტაციის სარგებელი
მედიტაცია ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე გგონიათ. მედიტაციის პროცესში ადამიანი შინაგან სამყაროს და სიმშვიდეს უკავშირდება. პრაქტიკა დაგეხმარებათ გარე მოვლენებს მოწყდეთ და აკვიატებული აზრებისგან დაისვენოთ.
პირველ რიგში, მედიტაცია სტრესის, დეპრესიის და შფოთვის დონეს ამცირებს. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს. ზუსტად 3 ათასი ადამიანი ნახევარი წლის განმავლობაში მედიტირებდა. სტატისტიკიდან გამომდინარე დაამტკიცეს, რომ პრაქტიკა ფსიქიკაზე დადებით გავლენას ახდენს.
მედიტაცია ფიზიკურ ტკივილს ამცირებს. ამის შესახებ Neuroscience Journal წერს. 50 მოხალისე 4 დღის განმავლობაში გააზრებულ მედიტაციას იყენებდა, ხოლო ამდენივე მოხალისე პლაცებოს. აღმოჩნდა, რომ მედიტაცია მტკივნეულ შეგრძნებებს უფრო უკეთ უმკლავდება.
გარდა ამისა, მედიტაცია ალცჰაიმერის დაავადებებს აფერხებს. პრაქტიკა მეხსიერების გაუმჯობესებას და დემენციის რისკის შემცირებას ხელს უწყობს. მედიტაციის და იოგის კომბინაცია ძალიან კარგია. ერთად ორგანიზმს და იმუნიტეტს მნიშვნელოვნად აძლიერებენ.
როგორ შევასრულოთ?
მედიტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ასაკის, რელიგიის და ცხოვრების ტემპის მიუხედავად. ამისთვის საკმარისია ცოტა დრო გამოყოთ. დღეში მხოლოდ 5 წუთიც საკმარისია.
თუმცა მედიტაცია რეგულარულად უნდა შეასრულოთ. სარგებელი და სიამოვნებისგან პროცესი რომ მიიღოთ პრაქტიკა ყოველდღიური ჩვევა უნდა გახდეს. თავიდან გარე სტიმულებთან კავშირის გაწყვეტა გაგიჭირდებათ, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი გამოგივათ.
მედიტაციის სასწავლებლად შეგიძლიათ იპოვოთ მასწავლებელი, რომელიც პროცესის ყველა დეტალის შესახებ გიამბობთ. ასევე შეგიძლიათ სმარტფონში სასარგებლო აპლიკაცია ჩამოწეროთ, რომელიც დამწყებს ძალიან დაეხმარება. მედიტაცია შინაგანი დიალოგის დახურვის პროცესია. თავდაპირველად სიჩუმეში დახუჭული თვალებით გაჩერება სცადეთ, ფიქრებზე არ კონცენტრირდეთ, მათი მოშორება სცადეთ. პრობლემებსა და მნიშვნელოვან საქმეებზე არ იფიქროთ, კონცენტრირდით სუნთქვაზე. იგრძენით, როგორ ჩადის და ამოდის თქვენი გულმკერდი, როცა ფილტვები ჰაერით ივსება.
ბოლო წლებში ცხოვრება გახდა სწრაფი, ინფორმაციით გაჯერებული, რომელთა გადამუშავებასაც ვერ ვასწრებთ. სწორედ ამიტომ, ისეთი აქტივობები, როგორიცაა იოგა ან მედიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. პრაქტიკა ძალიან ძველია, ის ჯერ კიდევ ათასი წლის წინ აღმოსავლეთში დაიბადა. ახლა ბრძენი ხალხის მიერ შექმნილ პრაქტიკას მთელი მსოფლიო იყენებს. თუ მედიტაციას ჯერ არ იცნობთ, გირჩევთ სცადოთ. შესაძლოა, ეს პრაქტიკა გახდეს ერთ–ერთი გასაღები, რომელიც შინაგან სამყაროს მეორე მხრიდან დაგანახებთ.