სალათ “ცეზარის” მომზადების თავისებურებები: განსაკუთრებული რეცეპტი

2283

სხვადასხვა ვერსიის თანახმად, რომაელ იმპერატორ გაიუს იულიუს კეისარს (ცეზარს) არ მოუგონია და არც არასდროს უჭამია სალათი “ცეზარი”. რეალურად, მხოლოდ 1924 წელს, იტალიელმა ემიგრანტმა, ცეზარ კარდინიმ (Caesar Cardini) პირველად მოამზადა მეგაპოპულარული სალათი მექსიკის ტიხუანაში, სადაც იგი ერთ-ერთი რესტორნის შეფ-მზარეული გახლდათ.

ლეგენდის თანახმად, ეს 4 ივლისს მოხდა, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს. რესტორანში იმდენი ვიზიტორი იყო, რომ სამზარეულოში პროდუქტები გათავდა. მაშინ კარდინიმ, პირდაპირი გაგებით, დარჩენილი ინგრედიენტებისგან სალათი გამოძერწა.

მისი იმპროციზაციის შედეგი იმდენად მოეწონათ მთელი მსოფლიოს გურმანებს, რომ 1953 წელს იგი პარიზში, ეპიკურეული საზოგადოების მიერ, აღიარებულ იქნა, როგორც “საუკეთესო რეცეპტი, რომელიც ამერიკაში ბოლო 50 წლის განმავლობაში გაჩნდა.”

მომადების სიმარტივე, პროდუქტების გასაოცარი კომბინაცია და შესანიშნავი სოუსი, კვერცხითა და სანელებლებით (დღეს იყიდება, როგორც “ცეზარ კარდინის სოუსი”), სალათ “ცეზარს” ძვირადღირებული რესტორნების მენიუსა და სადღესასწაულო სუფრის განუყოფელ ნაწილად აქცევს.

დღეს ბევრი მზარეული ამზადებს ამ სალათს თავისებურად. ერთნი მასში ხორცს (ბეკონი, შაშხი, ქათამი) უმატებენ, მეორენი – ზღვის პროდუქტებს (კრევეტები, ორაგულის ფილე, ანჩოუსი). თუმცა, თავად ცეზარის ქალიშვილი ამტკიცებს, რომ ანჩოუსები მამამისს სალათში არასდროს დაუმატებია.

კლასიკური რეცეპტის ასეთი მრავალფეროვნება იწვევს იმას, რომ პოპულარული სალათის სახელით, კაფეში კლიენტს ნებისმიერი რამ შეიძლება მიართვან – მაგალითად, კეჩუპთან შერეული მაიონეზი და ჩვეულებრივი კომბოსტოც.

სწორი “ცეზარისა” და არაკეთილსინდისიერი სიყალბის გასარჩევად, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც კლასიკურთანაა მიახლოებული, და, მოგიყვებათ მისი მომზადების თავისებურებების შესახებ.

როგორ მოვამზადოთ სალათი “ცეზარი”

1. იდეალური სოუსი

კონსისტენციით, სოუსი თხევად მაიონეზს გვაგონებს… მხოლოდ გვაგონებს! თუმცა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მაიონეზის გამოყენებაც, თუმცა, დამიჯერეთ, ამ სემთხვევაში სალათი იმას ნამდვილად არ ემსგავსება, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა დაიმსახურა.

დასაწყისისთვის, წაუსვით იმ თასის კედლებს ნივრის კბილი, რომელშიც სოუსს მოამზადებთ. ცალკე შევჩერდებით სოუსისთვის კვერცხის მომზადების მეთოდზეც.

როგორც კარდინიმ დაიბარა, კვერცხი ბლაგვ მხარეს უნდა გახვრიტოთ და მდუღარე წყალში მხოლოდ 30 წამით უნდა ჩაუშვათ, ამის შემდეგ კი გატეხოთ და მისი შიგთავსი სოუსის თასში ჩაასხათ. ეს გაათბობს ცილას, გახდის მას უფრო ლორწოვანს. თუ სოუსი ძალიან თხევადი გამოვა, შეგიძლიათ მას დახეხილი მოხარშული კვერცხიც დაუმატოთ.

2. სალათის ფოთლები

ცეზარ კარდინიმ თავის რეცეპტში გამოიყენა სალათის ფოთლები რომანო – ყველაზე ხრაშუნა, როგორც ამბობენ, სალათი მსოფლიოში. დღეს, ხშირად, უპირატესობას ანიჭებენ აისბერგს ან ლატუკს, თუმცა კომბოსტოს გამოყენება – ეს უკვე ზედმეტია.

3. გახუხული პურები

ამისთვის გამოიყენება თეთრი პური, სასურველია – ბაგეტი, რომელიც უნდა დაჭრათ წვრილად და გამოაცხოთ ღუმელში ან მოხალოთ ტაფაზე, ზეითუნის ზეთითა და ნივრით.

ნებისმიერ შემთხვევაში, კრუტონების ქერქის ქვეშ რბილობი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ქვასავით მყარი პური არ უნდა გამოიყენოთ.

4. ქათმის მკერდი

ქათმის ფილე წინასწარ კარგად უნდა დაბეგვოთ, შემდეგ კი წვრილ ზოლებად, ბოჭკოების მიხედვით დაჭრათ. მოაყარეთ მარილი და წიწაკა, შემდეგ კი შეწვით მაღალ ცეცხლზე ორივე მხრიდან.

ეცადეთ, ხორცი არ გამოაშროთ. მზა ფილე წვნიანი და ნაზი უნდა იყოს, რაც სალათის საბოლოო გემოზე დადებითად აისახება. სანამ სალათს ააწყობდეთ, გააგრილეთ ფილე 5 წუთით. ცხელ ხორცთან სალათის ფოთლები დაჭკნება.

5. მიწოდება

სალათის რეცეპტი განსაკუთრებულ გაფორმებასაც ითვალისწინებს. ჯერ მოათავსეთ თეფშზე სალათის ფოთლები, მათ ცენტრში – ქათმის ფილეს ნაჭრები, ხოლო კიდეებე – კვერცხი და პომიდორი.

სხვათა შორის, მისაღებია სხვა ვარიანტებიც. კულინარები ხუმრობით ამბობენ, რომ სალათ “ცეზარის” მიწოდების მეთოდები და რეცეპტები იმაზე მეტია, ვიდრე ცეზარების რაოდენობა იტალიაში.

სალათი “ცეზარი” ქათმით, პომიდვრითა და მწყრის კვერცხებით

ინგრედიენტები სალათისთვის

  • 100 გ სალათი რომანო
  • 400 გ ქათმის ფილე
  • 20 გ პარმეზანი
  • 5 მწყრის კვერცხი
  • 50 გ პომიდორი ჩერი
  • 150 გ ბაგეტი

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • 1 ქათმის კვერცხი
  • 0.5 ლიმონი (ლაიმი)
  • 1 ჩ.კ. დიჟონური მდოგვი
  • 5 მლ ვუსტერული სოუსი
  • 50 გ პომიდორი ჩერი
  • 3 კბილი ნიორი

მომზადება

1. გარეცხეთ და გააშრეთ სალათის ფოთლები.

2. დაჭერით ბაგეტი პატარა კუბებად.

3. ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი, მოათავსეთ რამდენიმე კბილი ნიორი, აცადეთ შებრაწვა და ამოალაგეთ.

4. შეწვით ბაგეტის კუბები არომატულ ზეთზე, ოქროსფრამდე.

5. ხარშეთ მწყრის კვერცხები 4-5 წუთით. გააგრილეთ ცივ წყალში, გაასუფთავეთ, დაჭერით ნახევრებად. ასე დაჭერით პომიდვრებიც.

6. მოამზადეთ სოუსი: გააჩერეთ გახვრეტილი ქათმის კვერცხი 20-30 წამით მდუღარე წყალში, შემდეგ გადადეთ ცივში.

7. ჩატეხეთ კვერცხი ნიორწასმულ თასში, დაუმატეთ მდოგვი, ვუსტერული სოუსი, ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი. ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე, გასინჯეთ, დაუმატეთ სანელებლები გემოვნებით. დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორიც.

8. დაალაგეთ თეფშზე სალათის ფოთლები, შემდეგ – დანარჩენი ინგრედიენტები. მოასხით სოუსი და მოაყარეთ დახეხილი პარმეზანი.

9. სალათი “ცეზარი” ქათმითა და პომიდვრით მზადაა. გემრიელად მიირთვით!

სალათი “ცეზარი” კრევეტებით

ინგრედიენტები

  • 1 კონა სალათი რომანო
  • რამდენიმე პომიდორი ჩერი
  • 2 ს.კ. დახეხილი პარმეზანი
  • 10-12 ვეფხვისებრი კრევეტი
  • 1/2 ბაგეტი
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი, პილპილი – გემოვნებით

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • 1 კვერცხის გული
  • 1/4 ლიმონის წვენი
  • 50 მლ ზეითუნის ზეთი
  • 1 კბილი ნიორი
  • 3-4 ანჩოუსის ფილეს ნაჭერი
  • მარილი, პილპილი – გემოვნებით

მომზადება

  1. დახეხეთ ნიორი წვრილად და დაყავით ორ თანაბარ ნაწილად. გაწმინდეთ კრევეტები, შეურიეთ 1 კოვზი ზეთი ნახევარი ნივრის მასას, მარილსა და პილპილს, მოასხით კრევეტებს ეს მასა.
  2. დაჭერით ბაგეტი კუბებად და გამოაშრეთ ღუმელში 10 წუთით, 180 გრადუსზე. გააცხელეთ ტაფაზე ზეთი, შეწვით მასში ნახევარი ნიორი და ამ ზეთში – გამომცხვარი პურები. შეაზავეთ მარილითა და პილპილით და გამორთეთ ცეცხლი.
  3. ახლა მოამზადეთ სოუსი. დაჭყლიტეთ ან ისევ დახეხეთ ნიორი და შეაზილეთ ანჩოუსების ფილეს. მიიღეთ ერთგვაროვანი მასა.
  4. ათქვიფეთ კვერცხის გული ლიმონის წვენთან ერთად, შეაზავეთ მარილითა და პილპილით, თანდათან დაუმატეთ ზეთი და მოამზადეთ მაიონეზის მსგავსი სოუსი. საბოლოო ჯამში, დაუმატეთ სოუსს ნიორი და ანჩოუსი: მზა სოუსი ოდნავ მჟავე და პიკანტური უნდა იყოს.
  5. გაახურეთ ტაფა და სწრაფად შეწვით კრევეტები იმავე ზეთში, რომელშიც ისინი დაამარილეთ.
  6. შეურიეთ თასში სალათის ფოთლები, ჩერი და პური, შეაზავეთ, კარგად მოურიეთ და მოათავსეთ თეფშზე. შემწვარი კრევეტები ზემოდან მოაყარეთ და, სურვილისამებრ, მოაბნიეთ დახეხილი პარმეზანიც.
  7. სულ ესაა, სალათი “ცეზარი” კრევეტებით მზადაა! გემრიელად მიირთვით.

ხრაშუნა სალათი რომანო, შემწვარი პური, საფირმო სოუსი და პიკანტური პარმეზანი – ყველა ამ ინგრედიენტის კომბინაცია აქცევს “ცეზარს” იმ კერძად, რომელსაც ყოველდღე უკვეთავენ კაფეებსა და რესტორნებში მილიონობით კლიენტი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს